რობერტ ნესტა

მარიხუანას დიდი მოყვარული არ ვარ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამიტომ ერთი ,,სტოპკა” სახლის კარგი არაყი და წავედით…
მინდა დღეს მოგიყვეთ ადამიანზე, რომელმაც მეოცე საუკუნეში მოახერხა შეექმნა იმპერია და ამ იმპერიაში ახლაც ძალიან ბევრი ერია გაერთიანებული! ამ ადამიანმა შეძლო ადამიანის ინდივიდუალიზმის დამარცხება და გვასწავლა ერთი საერთო მიზნისთვის ერთად ბრძოლა! მიზანი რაღა თქმა უნდა უმაღლესია-სიყვარული!!!
ალბათ ბევრი თქვენგანი მიხვდა უკვე ვისზეც მაქვს საუბარი…. 🙂  (more…)

დავიწყება

ცარიელ ქაღალდს დაჰყურებს ქალი,
უსისხლო თითებს თავი დააყრდნო
გარედან სანთელს ვერ აქრობს ქარი
და ვერც შავ ღრუბელს რამე დააკლო.

ინგრევა ზეცა, ძირს აფენს ფოთლებს,
კალამი ხელში ისევ თამაშობს;
ლამაზად ხატავს სასმელის ბოთლებს
და აზრი შენზე ისევ კამათს შობს.

ისევ ჰგვრის ღიმილს შენი ტუჩები,
მაგრამ ამჯერად ის იქვე კვდება.
ისევ სავსეა შენით ქუჩები,
მაგრამ ყინული მაინც არ დნება.

მოგონებებში მხოლოდ შენა ხარ,
თუმცა სუყველა წარსულში რჩება.
ისევ ჩუმად ზის, ნეტა გენახა
სანთელთან ერთად, ისიც რომ დნება…

მის ღვთიურ სახეს გადასდის ფერი,
სიცოცხლეს მხოლოდ ოხვრაში იმჩნევს,
ალბათ შველასაც არსაიდან ელის,
და არჩევითაც არაფერს ირჩევს.

სანთელი, როგორც მზე ჩამავალი
მოფარებამდე კაშკაშა გახდა
და შენზე ფიქრიც, აწ წარმავალი,
მის სულის სიკვდილს ბოლომდე ახლდა.

ფანჯარას ისევ აწყდება ქარი,
სანთელის ძაფიც აღარსად დარჩა,
წყვდიადში მოკვდა მწერალი ქალი
და მის მაგივრად ახლა სხვა გაჩნდა.

…………………


დღეს, როდესაც შენი ოცნებები სრულდება და უსასრულობამდე ბედნიერი ხარ, შენი თვალები იმ კაშკაშა ვარსკვლავებითაა სავსე, რომლებიც მე მუდამ გზას მინათებდნენ. შენი თვალები… მმმ… ეს საერთოდ სხვა სამყაროა. ეს საოცრებაა, რომლის ნახვაც მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს უწერია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. იმათ, ვისაც მართლა უყვარხარ და ვისაც ერთხელ მაინც გაუღიმებ. ამ უძირო ორ წერტილში ჩახედვით ეცნობა კაცი სამყაროს, რომელიც ყველაზე ლამაზია კოსმოსში არსებულ სამყაროთა შორის. ამის გაძლება დამეთანხმებით და ძნელია, ამიტომაც მხოლოდ წამით შემხვედრი მზერა საკამრისია, რომ მთელ ტანში ცუნამის გადავლა იგრძნოთ. შენი თვალები მაქანებს ახლაც, მათი გახსენებაც მაქანებს და ბედნიერი ვარ, რომ მე მინახავს უსასრულო სამყარო მათი საშუალებით!
გაბრუებული სივცე თავის გარშემო და მხოლოდ ხმა, რომლითაც მელაპარაკები, მარტო ჩვენ ვარსებობთ ამ ქვეყნად და მის იქით მდებარეობს დანარჩენი რაღაც… რაღაც, რაც არ და ავერ მაინტერესებს როცა მიღიმი… გიყურებ და ვხედავ რა არის სიკეთის სახე, რომელიც შეგიძლია უბრალოდ დახატო. ალბათ შენც დაგხატეს ოდესღაც და გამოგაგზავნეს ამ მიწაზე, რომ გვანახო ბრმებს ნათელი და გაგვაგონო ყრუებს ის მელოდია, რომელსაც აქ, ჩვენთან სიყვარულს ეძახიან.
მე არ ვიცი რა არის სიყვარული, იმიტომ რომ არ გიცნობ ჯერ, მაგრამ მე დაბეჯითებით ვიცი, რომ მინდა გაგიცნო. გამიგია, მაგაზე ძლიერი არაფერი გამოუგონიათო და თუნდაც სიკვდილი მეწეროს, მირჩევნია საუკეთესო იარაღისგან მოვკვდე შენი სახით, ვიდრე უსიყვარულოდ დავტოვო ეს სამყოფელი. მინდა, სიბერისგან დაბრმავებულიც კი, ასი წლის მერე შენს თვალებში ჩახედვისგან ვეგდო საწოლზე გაბრუებული. მინდა, შენი შეხებისგან ისევ ჯრუანტელი მივლიდეს ტანში მიუხედავად უფუნქციო მკვდარი კუნთებისა. თუ ჩემი მთავარი კუნთი იმოქმედებს მკერდში, მინდა მას მაინც დაეხვეს თავბრუ, როდესაც შენი გამხმარი ტუჩების სიახლოვეს იგრძნობს… მინდა შენი სუნთქვის შეხებისას ჩემი სუნთქვა შემეკრას. მინდა, როდესაც ჩემი სული ამოვა, საკუთარი სხეულისა და მოტირალი მეზობლების თვალიერების მაგივრად, შენი ნაკვთები ათვალიეროს! მინდა გიყვარდე! 

 

 

 

 

 

ბევრი მინდა???

ჩვენი წონა

სიტუაციამ მოიტანა და მინდა ვთქვა… ამ თემის შესახებ ბევრი დაწერილა, ბევრი მსჯელობა გამართულა, თუმცა ამით საქმეს ვერ უშველი და არც ეშველა. საუბარი მაქვს ქართველი ახალგაზრდობის აღიარების საოცრად დაბალ დონეზე. არა მხოლოდ გარეშე თვალი, ჩვენ თვითონვე არ ვთვლით საკუთარ თავებს სრულფასოვან ადამიანებად, არადა ოცი წლის ასაკს კაი ხანია გადავაბიჯეთ. მიზეზები ბევრია. რა თქმა უნდა და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ქვეყანაში ყველასთვის კარგად ნაცნობი, ცხოვრების დაბალი დონე და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ერთვის. თითქმის არ არსებული პერსპექტივა და სამუშაო ადგილები მიწასთან ასწორებენ თვითრეალიზაციისკენ მისწრაფებას და თინეიჯერების საზოგადო პოტენციალს. (more…)

მეორე მე და მე

სავსე მთვარე კარგად ანათებდა ირგვლივ ყველაფერს. მის მაისურზე დატანილი ნახატის ფერების გარჩევაც კი შეიძლებოდა, რის ნაკლებობასაც აშკარად არ განიცდიდა ეს ნაჭერი…
გაჩერდა. მოწყვეტით მოეშვა მუხლებში და იქვე გრილ ბალახზე მიჯდა. გონებამ რეალური უკუაგდო და ერთი წლით უკან გადაახვია მიმოფანტული კადრები.
აი, დგას ქუჩის კუთხეში, გვიანია. თითებს შორის ატრიალებს სიგერეტის ღერს და ცალი ფეხით მიყუდებულა ხეზე, ღამის სუსხს არ იმჩნევს. ადამიანი დალანდა ცუდად განათებული ლამპიონების შუქზე. თანდათან უახლოვდებოდა ძლივს შესამჩნევი ბარბაცით ახალგაზრდა. საკმაო მანძილზე მოახლოვებული შეძლო დაეთვალიერებინა. თავისუფალ სტილში ჩაცმულს, პერანგი ქამრის ზემოდან გადმოეფინა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ტუჩების კუთხეში მოქცეულ სიგარეტს მშვიდად, თუმცა ხარბად ექაჩებოდა. ოდნავ გაღიმებული სახე წამოწითლებული ჰქონდა და თვალები საოცრად უბრწყინავდა. ხო, ასეთი ამოიცნო საკუთარი თავი! შეხვედრას არ ელოდა, მოუსვენრობა დაეტყო. ხეზე მიყუდებული ფეხი ძირს დაუშვა და დატანჯული სიგარეტის ღერი მოუკიდებლად პირში გაიქანა. (more…)

ჩვენ

სადმე რომ წავიდეთ არ გინდა? უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ… გზას დიდი დრო მოვანდომოთ, დღეები, გინდაც კვირები. ვიაროთ ნელა და აუჩქარებლად. ოღონდ ვიმოძრაოთ, ოღონდ არ გავჩერდეთ და ფიქრებს არ მივცეთ საშუალება აფრენის. ფიქრებს, რომლებიც დაგვაკნინებენ და შეგვიშლიან ხელს ბედნიერების მიღებაში. მთავარია, რომ ერთმანეთის გვესმის. ან იქნებ ვცდილობთ კარგად გავუგოთ… (more…)

ისევ

ამ თვალებს მხოლოდ იმიტომ ვხუჭავ,
რომ სიზმრად მაინც შენს ტუჩს შევეხო.
ხვალ ისევ მარტო დავყვები ქუჩას,
ვეცდები, სევდა რომ არ შემეტყოს.

ჩავუვლი შენს სახლს, ზედ არც შევხედავ,
მხოლოდ ღრუბლებში გაქრება მთვარე,
იქ მეგულები, მოსვლას ვერ ვბედავ,
ამიტომ ჭიშკარს ვეცლები მალე.

ვიცი, კაცი ვარ, არ მშვენის შიში,
მაგრამ რას იზამ, ხან ჩვენც ვტირივართ,
მხოლოდ და მხოლოდ გავბედე ძილში,
რაც ვერ გითხარი, თუნდაც ირიბად.

ზმანება მჩუქნის შენ თავს საკოცნად,
თითქოს სასუნთქად ესეც კი მყოფნის;
გიყურებ, გხედავ, ლამაზს საოცრად
და ვხვდები გრძნობა გონებას ჯობნის.

მაღვიძებს გულის სუნთქვა აშლილი,
ვამშვიდებ, ვცდილობ აზრებს მოვეგო,
სახეში მხვდება სილა გაშლილი,
რომ რეალობას მჭიდროდ მოვერგო.

მთელ დღეს ვატარებ არ ვიცი, სადღაც…
ამ პლანეტაზე მე თავს უცხოდ ვგრძნობ;
მაინც ღიმილით დავდივარ, რადგან,
შენდამი გრძნობას მაინც უხმოდ ვფლობ!

თუგეThერ

ადამიანი არაა ცხოველი, არ უნდა იყოს მაინც… ცხოველებიც კი ხროვებად, ოჯახებად დადიან, ერთმანეთს მხარში უდგანან და ეხმარებიან. ადამიანი ალბათ ან მათზე დაბლა ეშვება ან პირიქით ,,ზე” ხდება როცა ეთიშება თავის რასას და მარტოდმარტო მიათრევს ცხოვრებას. არადა ხომ არსებობენ ეგეთებიც… თუმცა ეს მხოლოდ ერთეულებია. დანარჩენები მგლების ხროვასავით ვცდილობთ ერთმანეთთან დაახლოვებას, ერთმანეთის მიხმარებას, ურთიერთობას, იმიტომ რომ ჩვენი ადამიანური მხარე ასეა დაპროგრამებული. უერთმანეთოდ უბრალოდ არ შეგვიძლია. ამ სიტუაციამ გარკვეულწილად იმედიც კი ჩაადუღა მაგრად ჩვენს ცნობიერებაში, სხვების იმედი გვაქვს მუდამ, მიუხედავად იმისა, რომ სულ გავყვირივართ, ,,მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს” და მსგავს აფერისტობებს ვახვევთ ჩვენივე თავს. ეს შეიძლება საკუთარი სისუსტის დასაფარად და თავის გასამართლებლად ვაკეთოთ მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ფაქტი სულ სხვაა. ფაქტი ისაა, რომ ყველაზე დიდ სიხარულსაც კი ვერ ვიტევთ გულში, ლაპარაკი აღარაა მწუხარებაზე და პრობლემებზე, რომლებიც ეგრევე უნდა გავუზიაროთ ვინმეს. დაუკითხავად ვაზიაროთ ჩვენს ტვირთს და ნახევარი მას ავკიდოთ. ამ მომენტში შეიძლება იგივე ,,ილეთს” სხვა გვიჩალიჩებს, მაგრამ რატომღაც ასე უფრო მშვიდად ვართ. ასე უფრო მარტივად ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკუთარი ტვირთი სულ რომ გვეტარებინა გაცილებით ნაკლები ყოფილიყო განაწილებულზე.  (more…)

ტყვე


როცა Word-ის მეორე გვერდის შუაში მისული მშვიდად მონიშნავ მთლიან ტექსტს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აამოქმედებ Shrift+Delete-ს და მოუგონარში გადაუძახებ მას, არ უნდა იყო მთლად ნორმალური. თანაც ამაზე მთელი საღამოა ფიქრობ, მაგრამ ერთი სიტყვა არ წავიდა. ერთგან არ ჩაჯდა რაღაც და დამთავრებას აზრი აღარ აქვს. ალბათ რამე მნიშვნელოვანი უნდა გეთქვა, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იმ ერთმა ,,არჩამჯდარმა’’ სიტყვამაც კი გააფუჭა საქმე. უნდა უნაკლო ყოფილიყო, ხარვეზი გამორიცხულია! ასეთი მხოლოდ უმაღლესი შინაარსის მქონე ტექსტი თუ იქნებოდა, აღიარება, რომელიც თავის თავში გულის ყველაზე მიყრუებული ადგილების გამოძახილს იტევდა. (more…)

***

ვწერ კვლავ იმაზე რაც მომდის თავში,
გამოღამებულ თვალებს ვერ ვმალავ,
შენი აჩრდილი ისევ დგას კარში,
ისევ მეძახი, მაგრამ მე წავალ…

წავალ, ცხოვრების ბილიკს მივაგნებ,
იქნებ მაგისთვის იღბალიც მეყოს;
ვიცი, საქციელს ჩემსას ვინანებ,
მაგრამ ჩავიკლავ ამ გულის ექოს.

სადღაც წარულმა დასერა სული,
სადღაც ისევ ვგრძნობ სიცოცხლის სურვილს,
გავგლიჯო მინდა შუაზე გული,
მაგრამ დარაჯად ისევ შენ უვლი.

არ მაძლევ ნებას მაღლა გავფრინდე,
იქ, სადაც მინდა ვიყო ღვთაება;
რატომ არ მომკალ ან რად დამინდე?
რატომ მარგუნე ბედად წამება?

ახლაღა ვხვდები ფასს, რაც დავკარგე
ღიმილი ჩემი მსოფლიოდ ღირდა.
ფირქუშის რუხი თავი დამადგეს
წამართვეს ისიც, რაც იყო წმინდა.

ავიტან მასაც, მოვირგებ მხრებზე,
ეს მარტოობა ვიცი მოკვდება;
ვიღაცა მოვა, მოვკიდებ ხელზე
და თეთრი ღამეც მაშინ მორჩება!