დავიწყება

ცარიელ ქაღალდს დაჰყურებს ქალი,
უსისხლო თითებს თავი დააყრდნო
გარედან სანთელს ვერ აქრობს ქარი
და ვერც შავ ღრუბელს რამე დააკლო.

ინგრევა ზეცა, ძირს აფენს ფოთლებს,
კალამი ხელში ისევ თამაშობს;
ლამაზად ხატავს სასმელის ბოთლებს
და აზრი შენზე ისევ კამათს შობს.

ისევ ჰგვრის ღიმილს შენი ტუჩები,
მაგრამ ამჯერად ის იქვე კვდება.
ისევ სავსეა შენით ქუჩები,
მაგრამ ყინული მაინც არ დნება.

მოგონებებში მხოლოდ შენა ხარ,
თუმცა სუყველა წარსულში რჩება.
ისევ ჩუმად ზის, ნეტა გენახა
სანთელთან ერთად, ისიც რომ დნება…

მის ღვთიურ სახეს გადასდის ფერი,
სიცოცხლეს მხოლოდ ოხვრაში იმჩნევს,
ალბათ შველასაც არსაიდან ელის,
და არჩევითაც არაფერს ირჩევს.

სანთელი, როგორც მზე ჩამავალი
მოფარებამდე კაშკაშა გახდა
და შენზე ფიქრიც, აწ წარმავალი,
მის სულის სიკვდილს ბოლომდე ახლდა.

ფანჯარას ისევ აწყდება ქარი,
სანთელის ძაფიც აღარსად დარჩა,
წყვდიადში მოკვდა მწერალი ქალი
და მის მაგივრად ახლა სხვა გაჩნდა.

Advertisements
%d bloggers like this: