კინო, რომელიც გიყვარს

ეს დამპალი მუსიკა თუ მომიღებს ბოლოს, თორემ სხვა ვერაფერი! ახლაც ამ პოსტის დაწერა მოლის გამოქვეყნებულმა ერთმა, ვიტყოდი ლეგენდარულმა საუნდტრეკმა გადამაწყვეტინა, ასევე ლეგენდარული ფილმისა.
ფილმებზე მინდოდა სწორედ საუბარი… ამ ბოლო დროს სახლში მეტ დროს ვატარებ და შესაბამისად კინოსეანსებისთვისაც მეტი დრო მაქვს, მაგრამ არის ერთი პრობლემა. რას ვუყურო? პოპულარული ქართული საიტები გადაჭედილია ათასგვარი ნაგავით, რომელთა ნახვის მერე მხოლოდ ერთი კითხვა რჩება საპასუხო, ,,რატომ უნდა გადაიღო ეს?” მეორე პრობლემაა რეზოლუციის, გახმოვანების ხარისხი რომელიც სამიანზე ქაჩავს ათბალიანი სისტემით. ერთადერთი გამოსავალი ორიგინალი ვერსიებია ან ძმა და მეგობარი  Torrent…
ნუ ასეა თუ ისე ხარისხს შეარჩევ ადამიანი, მაგრამ ხარისხამდე ჯერ ფილმიც უნდა იპოვო… მოწყურებული და დამშეული ხშირად ისევ ძველ სიყვარულობებს ვუბრუნდები და მეათედ ისეთივე აღტაცებით ვუყურებ, როგორც პირველად. რა დროც არ უნდა გავიდეს, 4-D რომ გადაიღონ მასიურად, ,,შინდლერის სია” ,,ქალის სურნელი” ,,ლეონი” ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ,,რა აწუხებს გილბერტ გრეიფს?” და რომელი ერთი ჩამოვთვალო კიდე, ყველა ეს ფილმი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში როგორც კინო რომელიც დაგამახსოვრდა და გიყვარს! თავისი საოცარი მსახიობებით, სიუჯეტებით, შესრულებული როლებითა და მუსიკით, ისინი გვიმონებენ როგორც კარგი წიგნი, მასაჟი, ზღაპრული მზის ჩასვლა ან ვნებიანი სექსი! უბრალო მაგალითად შემიძლია ,,მოდილიანი” მოვიყვანო და მისი ჯადოსნური ,,ავე მარია”. უბრალოდ უსმენ და სულს ძრავს!!!

ათიოდე წლის წინ მთელი კინემატოგრაფია სპეცეფექტებზე იყო გადასული და სწორედ ეს ფასობდა, ყველას გვახსოვს ,,მატრიცას” ,,ჩასაფრებული ვეფხვი უჩინარი დრაკონის” და მსგავსების წარმატება. მოგვიანებით ხარისხმა აიწია და კამერუნმა საერთოდ დახურა თავისი სამგანზომილებიანი ,,ავატარით”. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ვთვლი, რომ ეს უკვე მხოლოდ ტექნიკის პროგრესია და გამოდის ისაა კარგი ფილმი, რომელიც მეტ დაფინანსებას და შესაბამისად უკეთეს აპარატურას მიიღებს გადაღებებისთვის. ამ ფონზე ცოტა უკანა პლანზე გადადის ნამდვილი ღირსებები, იგივე მსახიობების, სცენარის, როლის შესრულების ხარისხი. თუმცა ვაღიარებ, ახალ ფილმებშიც მოიპოვება დამაინტრიგებელი შერწყმა ტექნოლოგიებისა ძველ ღირებულებებთან, რასაც თუნდაც კრისტოფერ ნოლანის ,,დასაწყისი” ადასტურებს.
მე კინოს ხელოვნებად მივიჩნევ, მთელი თავისი ფერებით, გახმოვანებით და მუსიკით, რომლის მშვენიერებას ცოტა არ იყოს უახლესი ტექნოლოგიები ძველებურ სუნსა და არომატს უკარგავს, ამიტომაც ახლა წავალ და ჯიგრულად ჩავუჯდები ჯუზეპე ტორნეტორეს რომელიმე გემრიელ ნამცხვარს. სასიამოვნო კინო სეანსს გისურვებთ ამ საოცარ საღამოს! 😉

%d bloggers like this: