***

ვწერ კვლავ იმაზე რაც მომდის თავში,
გამოღამებულ თვალებს ვერ ვმალავ,
შენი აჩრდილი ისევ დგას კარში,
ისევ მეძახი, მაგრამ მე წავალ…

წავალ, ცხოვრების ბილიკს მივაგნებ,
იქნებ მაგისთვის იღბალიც მეყოს;
ვიცი, საქციელს ჩემსას ვინანებ,
მაგრამ ჩავიკლავ ამ გულის ექოს.

სადღაც წარულმა დასერა სული,
სადღაც ისევ ვგრძნობ სიცოცხლის სურვილს,
გავგლიჯო მინდა შუაზე გული,
მაგრამ დარაჯად ისევ შენ უვლი.

არ მაძლევ ნებას მაღლა გავფრინდე,
იქ, სადაც მინდა ვიყო ღვთაება;
რატომ არ მომკალ ან რად დამინდე?
რატომ მარგუნე ბედად წამება?

ახლაღა ვხვდები ფასს, რაც დავკარგე
ღიმილი ჩემი მსოფლიოდ ღირდა.
ფირქუშის რუხი თავი დამადგეს
წამართვეს ისიც, რაც იყო წმინდა.

ავიტან მასაც, მოვირგებ მხრებზე,
ეს მარტოობა ვიცი მოკვდება;
ვიღაცა მოვა, მოვკიდებ ხელზე
და თეთრი ღამეც მაშინ მორჩება!

 

 

%d bloggers like this: