ნახევრად წასაკითხი პოსტი

თუ დაფიქრებულხართ რა დონეზე ცოტას ვცხოვრობთ?!
ორმოცდაათი? სამოცი? თუნდაც ასი წელი ავიღოთ… გამოვაკელით პირველი 5-10 წელი, რადგან ამ დროს არაფერს არ ვაზროვნებდით და შესაბამისად მხოლოდ სხეულის სრულყოფით ვიყავით დაკავებული, დაახლოვებით 40 წელი, რომელიც ძილში გავატარეთ და უკეთეს შემთხვევაში შეგვრჩა 50 წელი. ისიც თუ ვუნდერკინდები ვართ და ათი წლის ასაკიდან დავიწყეთ კოსმოსში საკუთარი კვალის დატოვება. რეალურად კი ამ ყველაფერს ვიწყებთ ოცი წლიდან და იმ ქვეყნად ვბარდებით სამოც წელს მიტანებულები ანუ ესეც
შენი ცხოვრების ათი წელი. ეს ბევრია? არაფერია!
მშობლებმა იწვალეს არაერთი ღამე ათიეს, დედამ თითქმის წელიწადი გზიდა, სამყარომ ითმინა შენი ყოველგვარი ბოროტება და რის გამო? საცოდავი ათი წლის გამო, რომელიც ან არის შენს ანგარიშზე და ან არა, კიდე საკითხავია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ დილით გაღვიძებულს საკუთარი თავის მიმართ დაახლოვებით ზიზღისმაგვარი გრძნობა მემატება. ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ ვფიქრობ რაში ვადგები რამეს ან ვინმეს?! უი გამახსენდა!!! მიყვარს, ვეხმარები, ვუყვარვარ, ვამხნევებ, ხე დავრგე, ბლა… ბლა… ბლა!
რა აზრი აქვს ამგვარ თავის მართლებას სამყაროს წინაშე? რამდენი გაკეთებული ,,სიკეთეც” არ უნდა გავიხსენო რა მოსატანია ეს იმ დროსთან რაც სულიერებმა უნდა გავატაროთ ამ პლანეტაზე?
არც პაგანინი გამოვა აწი ჩემგან და მით უფრო აინშტაინი, აქედან გამომდინარე ვერაფერს გამოვიგონებ ისეთს. რომ მსოფლიომ ჩემი სახელის გაგონებაზე გულში იამაყოს, რადგან ისიც ჩემსავით ადამიანია. ბევრი ფული ვიშოვო? მერე რა?! ვის არ უშოვია? ესეც ნაგავი იდეაა…
მოკლედ, უაზროდ რომ არ გავაგრძელო მაგალითების ჩამოთვლა, მე ვფიქრობ რომ დაახლოებით ,,ჩემ მდგომარეობაში” ბევრია ამ ქვეყანაზე და აი, ისევ ვაგრძელებ ჩემს მიერ შექმნილ “კანონს” და გთავაზობთ რიგით მე-3 მუხლს.. რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შეეხება.. მოგახსენებთ რომ ეს განხრა ჩემთვის უსაყვარლესი და უმნიშვნელოვანესია.. ამიტომაც გადავწყვიტე რაიმე ჩემეულიც დამეწერა მასთან დაკავშირებით..
ადამიანის უფლებებზე საუბარი ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაიწყო.ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ ადგილას ადამიანისთვის დაბადებიდან აუცილებელი იყო, არის და იქნება: წყალი, ჰაერი, საკვები, ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება. ეს უფლებები ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს, საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა და სანამ ადმიანი იარსებებს, არც შეიცვლება. სწორედ ამიტომ მათ ადამიანის ბუნებითი უფლებები ეწოდა. ეს არის უმთავრესი, სასიცოცხლო მნიშვნელობის უფლებები, რომელთა გარეშე საზოგადოების არც ერთ წევრს არ შეუძლია არსებობა.
საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ მისი მოთხოვნილებები იზრდებოდა და შესაბამისად, ადამიანება ახალი უფლებები შეიძინეს. მაგალითად, მათ გაუჩნდათ სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის სურვილი. შედეგად, ადამიანის ბუნებით უფლებებს დაემატა ახალი, შეძენილი უფლებები..
მუხლი 3 . სათაურით:” ადამიანს ბევრი რამის უფლება აქვს, მაგრამ ყველას გამოყენება საჭირო არ არის” )))))
მაგალითად, ადამიანს გააჩნია ინფორმაციის მიღების უფლება, მაგრამ ტვინის ზედმეტად დაძაბვა სრულიად არ არის საჭირო ამ შემთხვევაში. გარეთ 45 გრადუსი სიცხეა და გატანჯული ადამიანები ცდილობენ რამენაირად მაინც შეიქციონ თავი, ამიტომაც უბრალოდ გაიღიმეთ იმ ადგილზე სადაც პოსტის კითხვისას აზრი აგერიათ. რა მოხდა მერე?! ვის არ მოსვლია… ამ პოსტს ორი ავტორი ჰყავს და შესაბამისად აზრთა სხვადასხვაობაც გამორიცხული არაა. ხოდა ნუ ეძებთ ყველაფერში მიზეზებს, ზოგი რამ ისევე სულელური სახით მიიღეთ როგორც მოგეწოდებათ ხანდახან ამაშიც არის ხიბლი

Advertisements

***

-ნახე, ღამდება და სიგრილე მაინც არ მოდის! – მთელი ტანით დავეყუდე ფანჯრის რაფას და მეექვსე სართულის სიმაღლიდან ფრთხილად მოვზომე კინეტიკური ენერგიის განულების წერტილამდე მანძილი.
-ხო ნუ წუწუნებ წამში გადავივლებ და შენც შედი – დამამშვიდა და აბაზანის კარი გამოიხურა. არ ვწუწუნებდი, მაგრამ მაინც უფრო მეტ სიგრილეს ველოდი იმ საღამოს. მორყეული რადიო საცოდავად აკვნესებდა ქართული ბომონდის  რომელიღაც  თვითკმაყოფილი  წევრის ,,სიმღერას”. ყველაფერი იქით იყო მომართული რომ სახე იმ ბავშვივით დამჯღანვოდა, რომელსაც შეპირებული ნაყინი არ უყიდეს, თუმცა გადავწყვიტე ჩემი ახალი ჰობი გამომეცადა ემოციების მართვას რომ ეხება და უილ სმიტი გამახსენდა ეგრევე, ფილმიდან: ,,Bad boys” და მისი განუმეორებელი ,,huuuuuussaaaa” 🙂
ხელოვნურ სტადიონზე რამოდენიმე ბიჭი ,,სტო პიატს” თამაშობდა; კარში გოგო ჩაეყენებინათ გრძელი ხვეული შავი თმით და აშკარად ინდობდნენ გამარჯვების დარტყმებისას. ის კი წამებში გადადიოდა კისკისიდან გაბუტული თოჯინას როლზე და ისევ უკან, როცა ახერხებდა და მეკარის მოვალეობას რაღაცნაირად მაინც აუდიოდა.
გაზის მილზე ოდნავ მოზრდილი ახალგაზრდები ჩამომსხდარიყვნენ. მოუხერხებლად გადაედოთ ფეხი-ფეხზე და ხარბად ფქვავდნენ მოხალულ მზესუმზირას. მხოლოდ ერთი იდგა ფეხზე დანარჩენების წინ და მთელი გრძნობით, აშკარად საინტერესო ამბავს ყვებოდა რადგან ,,სემიჩკისმჭამელები” ხმაამოუღებლად უსმენდნენ. საგანგებოდ გამოპრანჩულები ყველანაირად ცდილობდნენ მტვერიც კი არ მიეკარებინათ საკუთარი მშვენიერებისათვის, არადა მტვერი გარშემო საკმაოდ იყო… კორპუსის ძირში მაწანწალა ძაღლები ჩხუბობდნენ და ავარდნილი ბუღი ნელა იფანტებოდა გარშემო სურათის კიდეებისკენ. ვიღაც ტვინიკოსსა და ცხოველების დამცველს ბუნების დაცვა დაავიწყდა და მერვე სართულიდან დიდი გამოხრული ძვალი გადმოეგდო ,,საცოდავი” ცუგოებისთვის, რითაც მათ ერთმანეთის დაჭმის საბაბი მიეცა.
სურათს ჩარჩოები შემოვაკარი. ფეხბურთელი გოგო, ორატორი ბიჭი და გამარჯვებული ძაღლი ძვლით პირში, ერთ მთლიან ფოტოზე მოვაქციე და სახელად სიცოცხლე დავაქვი. ის სხვაც, ჩემსავით გაღიმებული სახით ხაზავდა მისთვის სამყაროს ბედნიერების ნახაზს, რომელშიც თავისთვის გაღიმებული ბიჭიც ჩანდა მეექვსე სართულის ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილი. ის ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა, ორივე გრძნობდა რომ ერთმანეთის შესახებ იცოდნენ და ამიტომ ორივე იღიმებოდა. იღიმებოდა რადგან დაინახეს სიცოცხლის მოძრაობდა, ისეთი როგორიც ღმერთმა უბოძა და რომელშიც ფერები და ბედნირება მათი დასამატებელი იყო.
-შედი ბიჯო, წყალი გამოგაფხიზლებს საკაიფოდ!
-ა? ხო მოვდივარ…. 🙂

წუხანდელი თეთრი ღამე

რა უნდა ქნა როცა ურთიერთობები არ ლაგდება? ადამიანი ხომ ჭანჭიკი არ არის, ხრახნი შეუსწორო და მიარგო სხვას… საოცრად რთული მექანიზმები ვართ და ყველა პატარა უჯრედში ინდივიდუალური გამოხტომები გაგვაჩნია. შესაბამისად ძნელად შესაძლებელია ჩვენი ხრახნების გადაკეთება მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ხრახნებს უკვე დიდი ხნის ჟანგი მოჰკიდებია და თავის ფერზე ჰყავს წაყვანილი.
,,მთავარია გაგება და ადამიანობა!” გავყვირივართ და გვავიწყდება რომ ადამიანობა ანუ ინდივიდუალურ სუბიქტად არსებობა უკვე თავისთავად გამორიცხავს გაგებას, რადგან თუკი ყველას გავუგეთ და საკუთარი აზრი გადავღებეთ სქელი საღებავით ეს რთული რაღაცაც მოყვება მისი ფენის ქვეშ, რასაც ადამიანი ეწოდება. არადა ამ სტატუსის ტარება დაბადებიდან დაგვევალა და სხვა გზა არც გაგვაჩნია. სიკვდილიც კი ვერ გვიხსნის ადამიანობის მოვალეობისაგან!
(more…)

უაზროდ გრძელი პოსტი


ერთმანეთზე დაწყობილი ხელის მტევნები მაგიდის კიდეზე მოუთავსებია და ზედ შუბლით დაყრდნობია… კლავიატურა კუთხეშია მიხვეტილი უამრავი დაკუჭული სტიკერისა და თაბახის ფურცლის  ხროვასთან ერთად. უკვე ას წუთზე მეტია ახლომახლო მხოლოდ საათის ისარი მოძრაობს, დანარჩენი კი თითქოს სიკვდილს მიცემია. მხოლოდ ხანდახან, ღრმა, მაგრამ უძალო ამოოხვრა გაისისინებს დამძიმებულ ჰაერში, რომელსაც ჯერ კიდევ არ გასვლია ალკოჰოლის სუსტი სურნელი…
სწორედ ეს დღე იყო, ერთი წლის უკან… სწორედ ასე, სრულ სიჩუმეს მიცემული, ლუდით მსუბუქად შეზარხოშებული იჯდა სავარძელში და თავი მუხლებში ჩაერგო. მხოლოდ ფიქრს ეკუთვნოდა მისი გონება. წინ გრძელი მომქანცველი გზა ელოდა, ისეთი, რომელზეც ბევრჯერ დაფიქრებულა და ახლაც, ბოლოჯერ, კიდევ ერთხელ სწრაფად გადაამოწმა დეტალები.  პლიუს-მინუსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. უჭოჭმანოდ აიღო ჩანთა და სახლიდან გავიდა… ეს სწორი არჩევანი იყო. უამრავი ჩავარდნის გარდა, შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელი გამოვიდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა მაშინაც ნაკლები ეფიქრა და ფილოსოფიური აზრებისთვის ზურგი ექცია. (more…)

ერთი წიგნის ამბავი

სწორედ ის პერიოდი იდგა, თბილისის პატარა ქუჩების აგურისფერს ოდნავ მწვანე რომ შეერევა ხოლმე და მზეც სასიამოვნოდ ატყუებს ხალხს მომაჯადოებელი სითბოთი ტალახიანი მარტის მერე…
მეგობარმა წიგნი ათხოვა. სასიამოვნო გარეგნობის ფურცლების კრებული თავიდანვე კარგად წავიდა და პირველი ნახევარი თვალმოუწყვეტლად ჩაამთავრა. იმდენად ჰგავდა სიუჟეტი მის ცხოვრებას, რომ სახიდან აღტაცება და გარკვირვება არ მოშორებია. ყოველი ფურცელი მისი ცხოვრების რომელიმე დღე იყო და ეს აგიჟებდა, თუმცა მთელი არსებით ცდილობდა გამკლავებოდა თითქოსდა უაზრო გრძნობებს, რომლებიც წიგნის მთავარი გმირის მიმართ გასჩენოდა.
საოცრად ბევრი საერთო ჰქონდათ… მასაც ის უხაროდა რაც იმ აჩრდილს, ორივეს ერთი და იგივე პრობლემები ჰქონდათ და ორივეს ერთი რითმით ენგრეოდათ ცხოვრება თავზე. ხო… სცენარში ნეგატივმა იმატა, იმდენად, რომ სასიამოვნოდ გაყოლებული სტრიქონები თავის ტკივილად გადაიქცა. ,,მეგობრები წავიდნენ…” აქ შეწყდა ყველაფერი. ამის ატანა უკვე მაზოხიზმისკენ იხრებოდა და ლამაზყდიანი წიგნი მაშინვე მოექცა ქსეროქსის ფურცლებისა სხვა მხატვრული ლიტერატურის ქვეშ, ყველაზე ბოლო ადგილას.
თბილისის ქუჩებმა მთელი დოზით შეიწოვეს სიმწვანე და უკვე გახუნებულ მტვრის ფერსაც ირევდნენ ნელ-ნელა. აუტანელი სიცხის მერე უჩვეულოდ გრილი საღამო იყო, როცა თხელმა წიგნმა ისევ დაიმსახურა ყურადღება და ქაღალდების მაღალი სვეტის სიმძიმეს თავი დააღწია. რამოდენიმე წაუკითხავი ფურცელი მეგობრების წასვლის მომენტის მერე წამებში იქნა აღქმული და გული სწორედ იმ მეგობრებისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით აივსო, რომლებიც არსად წასულან და პირიქით, ყოველთვის როდესაც ამის შიში ჰქონდა, იქვე, ახლოს იმყოფებოდნენ და მის გადარჩენაზე ზრუნავდნენ. იქნებ ეს წიგნიც თვეების წინ წასაკითხად განწირული იყო იმ თანადგომისთვის, როგორიც ჩინელებს გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ!
ყოველ შემთხვევაში ამ წიგნის დასრულება უნდა იყოს რაღაცის დასაწყისი, რაღაც კარგის! ისეთის, რაც ბოლო პერიოდის უღირსობებს ჩამოარერეცხავს სახიდან, რაც დაეხმარება საკუთარი ფესვის მონახვაში და დააბრუნებს დედამიწაზე, სადაც თურმე სიყვარული ბევრად მეტია სხვა უაზრო სისულელეზე. იმ სისულელეზე, რომლის ერთადერთი დანიშნულებაა, სიკეთის კატალიზატორობაა!

ტიბეტი

იქ სიგრილეს აფთიაქის ზომა აქვს, 
მზის სხივები ყველას ყოფნის თანაბრად,
ყველა დიდი სიყვარულის მონაა,
და სიკეთე უდევთ გულში ანაბრად.

სხვისი ჭორი მიაჩნიათ სირცხვილად,
ქურდობა და შური არად არგიათ,
ჩხუბს და დავას იქ ვერასდროს იხილავთ,
ყველაფერი რაც იქ ხდება კარგია.

ყველას უყვარს სიყვარული, არ მალავს,
რომ ამ ქვეყნად ჰუმანიზმი მადლია!
ანგელოზებს უმაგრებენ ამალას,
და სიმშვიდის წყაროები მათია.

კლდეთა ჩრდილში აგებული ტაძრები,
მზის ამოსვლას თავის დახრით ხვდებიან.
ასე მაღლა მხოლოდ რწმენით აძვრები,
იქ ბოროტი აზრებიც კი კვდებიან.

ჩუმი, მშვიდი, უდრტვინველი ცხოვრება,
მთვარის შუქზე საუბარი შენთან…
ამათ დარჩეთ მთელი ჩვენი ქონება,
მინდა მხოლოდ ,,ჩემი გოგო” გერქვას.

მინდა მხოლოდ ერთი რამე მებადოს;
იქ, ღრუბელზე მაღლა, ჩემი გრძნობა!
გრძნობა, რაშიც გავახვევდი მე ამბორს,
დავიწყებდი მარტო შენით ტკბობას.

ბოდიში წინა პოსტისთვის!

რამდენი რამ ხდება გარშემო რაც შეგვიძლია პარანორმალურ მოვლენასთან გავაიგივოთ… მაგალითად რამდენიმე დღით გამქრალი და ისევ ,,გაჩენილი” სათვალე, თუმცა ყველაფერი ეს ალბათ ჩვენი უზომოდ მრავალფეროვანი ფანტაზიებისა და შეხედულებების ნაყოფია და საკამათოც არაფერია, რადგან ვინ როგორ მიუდგება ამა თუ იმ მოვლენას, მისი პირადი საქმეა. მთავარი ამ ყველაფერში ისაა, რომ ადამიანები ვცდილობთ ათასი რამის გამოგონებას თავის გასართობად. ცხოვრება ხომ ციხეა, რომელშიც თუ არაფერი ამოკაწრე საკნის კედელზე, ისე უკვალოდ გაქრები, თითქოს არც კი ყოფილხარ. ამიტომაც ყოველ დილით გაღვიძებულებს გაგვაჩნია დღის გეგმა, ვაპირებთ ერთი ასო მაინც ამოვკაწროთ ჩვენს კედელზე. მეორე საკითხია განწყობა, რომლითაც ამას ვაკეთებთ… ან ათასგვარი ზედამხედველისა თუ ნებისმიერი გარეშე პირის ზეწოლით გავდივართ შავი სამუშაოს შესასრულებლად, ან საკუთარი ინიციატივით, ვიგონებთ რამე წამახალისებელ მიზეზს და ამ საბაბით შემართებულები ცხოვრების კიდევ ერთ დღეს სასიამოვნოდ ვატარებთ. (more…)

მუზა

მთელი ღამე დაუღლელად მუშაობდა სადარბაზოს კიბის თავზე დამონტაჟებული ჟოლობი. არც ღრუბელი ირცხვენდა თავს უმოქმედობით და დილამდე ყოველგვარი დანდობის გარეშე რეცხავდა  ბინძურ დედამიწას. ,,ხვალ ჰაერი გაკრიალებული იქნება” – გავიფიქრე მე და ეს ფიქრიც წამში მიარეცხა წვიმამ. ახალ-ახალი აზრები ისე სწრაფად შორდებოდა გონებას, თითქოს ვიღაცას წყლის ძლიერი ჭავლი მიემართა მათკენ. გარეთ კი დიდრონი წვეთების გმინვა არ წყდებოდა. ფიქრი და სიზმარი ერთმანეთში ამერია, როდის რომელს ვაკეთებდი ვეღარ ვარკვევდი. იმდენად რეალური იყავი ორივეგან, რომ გარჩევა მიჭირდა. უფრო სწორედ რუხი ფიქრებისგან განსხვავებით, ტკბილი სიზმრის დაჯერება ძალიან მინდოდა და მთელი ძალებით ვცდილობდი ეს მირაჟი რეალობად წარმომედგინა! (more…)

წერილი ან/და გესტ-პოსტი :-)

ხო… პოსტი გამიხარდებაო ამასწინათ და… 🙂

ერთი ზღაპარი მინდა მოგიყვე 😉

მოკლედ, თბილისთან ახლოს ცხოვრობდა ერთი ბიჭი, საკმაოდ ჭკვიანი იყო სხვათაშორის, ბევრს კითხულობდა და კიდე ბობ მარლი და რეგი უყვარდა, როგორც შენ.

მერე ამ ბიჭის ცხოვრებაში ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც მას უნდოდა. ხან გარემოებებმა შეუშალეს ხელი, ხან თვითონ ვერ გააკეთა რაც საჭირო იყო… ამას პირადი პრობლემებიც დაემატა და ის ბიჭი ყოველ დღე უგუნებოდ იყო. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, დეპრესიას და ნევროზს “იჩემებდა”. ამიტომ, იკეტებოდა საკუთარ თავში, მეგობრებს იშვიათად ნახულობდა და გამოსავალსაც ვერ ხედავდა.

ასე გავიდა ნახევარი წელიწადი. ერთხელაც, გადაწყვიტა, რომ დროა რაღაცა შეიცვალოს. აღმოსავლური მედიცინის ერთ-ერთ სახეობას მიმართა და თანდათან მართლაც გაუმჯობესდა ყველაფერი. გამოჩნდნენ ახალი ადამიანებიც, რომლებთან ურთიერთობა მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევდა. იმ ზაფხულს ყოველ საღამოს სეირნობდა ველოსიპედით, ღამის თბილისის კადრებს იღებდა და მალე მიხვდა, რომ აწმყოშიც არის რაღაც, რაც შეიძლება გიხაროდეს.

ხოდა, ყველაფერი შეიცვალა. იპოვა სამსახური, სადაც მისვლა უხაროდა და სიამოვნებით აკეთებდა თავის საქმეს. ჩააბარა მაგისტრატურაში სასურველ სპეციალობაზე და სწავლა სულ არ იყო მომაბეზრებელი. პირადი ცხოვრებაც აეწყო – შეხვდა ადამიანს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება შეეძლო ყოფნა და არ შეშინებოდა, რომ ეს გრძნობა ერთხელაც გაქრებოდა.

მან შეიყვარა ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, თუმცა ყოველ დღე ცდილობდა უკეთესობისკენ შეეცვალა იგი. ისიც, შენსავით, იამაიკაზე ოცნებობდა და წავიდა კიდეც, მრავალჯერ თან. და საერთოდაც, ყველა ოცნება აიხდინა. მიხვდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი, თუ მოინდომებს.

bob marley (animated) Pictures, Images and Photos

ეს რაცხა უცნაურობა შენ 😀

ხოდა, რატომ მოგიყევი ახლა ეს ზღაპარი – გადახედე, რა იცი რა ხდება, იქნებ გამოგადგეს კიდეც 😉 მინდა შენც იმ ბიჭივით აისრულო სულ ყველა ოცნება და მიზანი. ასეც იქნება, ნახე თუ არა 😉

კიდევ, იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან კაი ადამიანი ხარ, მართლა.

ხო, საშინლად კარგად წერ და საკუთარი თავის და მკითხველის წინაშე დიდი დანაშაულია იშვიათად წერა. ამიტომ, წერე ყოველ დღე!..

და ბოლოს, ყოველთვის შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი. თუკი ვერ ხარ, გიჭირს, ან კარგად ხარ და ვინმეს გინდა გაუზიარო, აქ ვარ 😀 ერთი წამით არ იფიქრო, რომ ან არ მეცლება, ან “შევწუხდები”. იფიქრებ და ჩამოვალ, გაგლახავ და წავალ 😀

(ესეც კიდე ქართული რეგი, მე მომწონს მაგალითად :-))

ხოდა, ეს იყო სულ მგონი 🙂 თუ გინდა წაშალე, არ მეწყინება ნამდვილად. ვაქვეყნებ მხოლოდ იმიტომ, რომ როცა ნახავ ცოტა გაგიხარდეს და იქნებ კაი განწყობაც დაიჭირო, რა იცი რა ხდება 😉

პ.ს. დრაფტში რამდენიმე ანიმაციაა, შენ რომ მოგეწონება ისეთი 😉 ნახე კარგად ყველა, თუ გინდა საიდბარზე დაყარე, თუ გინდა პოსტებისთვის გამოიყენე, თუ გინდა ვაფშე წაშალე 😀 ერთი უკვე დავამატე საიდბარზე, იპოვი ალბათ. ამ პოსტში სასაცილო უცნაურობებს ვყრი, შედარებით ნორმალურები დრაფტშია 😀

ავტორი: მიხვდები :-Pთუ ვერა და დაგცინებ 😛

* * *

კონიაკით მთვრალი,
ნაპირზე მდგარი,
გავხედე – ქალი,
ტალღებს მიაპობს…

ამ მთვარის შუქი,
თმები მმმ… მუქი,
მითხარი თუკი
ცუდი გიამბო.

შიშველი მკერდი,
ნათალი გვერდი,
მაშინ არ ვწერდი,
ვგავდი იასონს.

“მედეამ” მნახა,
არ იგრძნო გლახა,
მითხარი, სად ხარ,
გულის გნიასო?

ამბორი მტკიცა,
ქალთევზად იქცა,
თავი ზღვას მისცა,
ჩემი ფიასკო.

მას შემდეგ მიყვარს,
გული ხმალს მირტყამს,
“ვიპოვი!” – მითქვამს,
მას ან მიწასთო!

%d bloggers like this: