მადლობა გუშინდელი საღამოსთვის

დაღლილი, დამძიმებული საღამოს ჰაერი მძიმედ გადადის ფილტვებში და შენც მიუყვები ძველი თბილისის ვიწრო გასასვლელებს. მთელი არსებით ცდილობ წარმოიდგინო მათი მშვენიერება, რომ როგორმე მოიშორო აზრი, რომელიც შენი დაბუჟებული ფეხების ირგვლივ ტრიალებს და გონებას უბრალოდ ერთი სული აქვს ცხელ აბაზანას შეერწყას. პატარა, სიძველისგან დაბრეცილი ქუჩები მაინც თავისას შვება. მანქანების ნაკლებობა ზოგადი ჩახუთულობის მიუხედავად მაინც გიქმნის წარმოდგენას სუფთა ჰაერზე. სასიამოვნოდ თბილ საღამოს ხალხი გამოუფენია გარეთ და ისინიც ათასი სხვადასხვა მიზეზით თუ უმიზეზოდ დააბოტებენ შენს გარშემო. ნათელია, რომ უბრალოდ სიამოვნებთ ეს გარემო. რამდენიმე კუთხესაც გაცდები და რაღაცნაირად ჩინურ უბანს მიმსგავსებულ ქუჩას დაადგები,  გადატვირთულს სარეკლამო აბრებითა და ათასგვარი ჩირაღდნებით, რომლებიც  თანამედროვეობისა და ამავდროულად სიძველის იმდენ ელემენტს შეიცავს, რომ აღარ ეტევა და გადმოდის. ერთმანეთის გვერდით მე-19 საუკუნის ხედებით დამშვენებული კაფე და შეძლებისდაგვარად თანამედროვე ელექრტონული მუსიკის კლუბია. მიუხედავად ასეთი არეულობისა ხალხის ნაკლებობას ეს პატარა ქუჩა არასოდეს განიცდის. შენც ერევი მათ ნაკადს და თითქმის ცარიელ, ძველ კაფეში პატარა ხის მაგიდასთან იკავებ ადგილს. მოუხერხებელი სკამი დიდად არ განაღვლებს დამანჭვამდე დაღლილს და დაჯდომის პირველი წუთებით ტკბები… ცხელი ჩაი ნაწილობრივ გაბრუნებს ამ ქვეყნად და მუდარით სავსე თვალებით უყურებ ჭაღარა საქსოფონიან ბუნჩულა კაცს, რომელიც თავის საქმეს იწყებს და მომაჯადოებელი მელოდია ისევ გიტაცებს ამ ხმაურიანი პლანეტიდან სადღაც… უწონადობაში მყოფს, მხოლოდ ყრუ გუგუნად გესმის გარშემო მოგროვილი ხალხის ჩოჩქოლი. უკან დაბრუნებულს უშაქრო ჩაის მეორე ფინჯანი გხვდება გამოცლილი და ფეხები, რომლებიც აღარ ტირიან დაღლილობისგან; ისინიც მშვიდად აჰყოლიან ჯაზის მიმოქცევას და გამოზომილად ირხებიან აქეთ-იქეთ.
გვიანია, არ გინდა ადგომა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. უკვე ისევ მიუყვები ნესტიან ვიწრო ქუჩებს  და გონებაში იმეორებ კარგ, ნამდვილად კარგ მელოდიას, რომელიც სახლისკენ მიმავალ გზას ათჯერ გიმცირებს და შესაბამისად გახარებს ის ფაქტიც, რომ სული დაასვენე, ხორცის დაღლით კი არავინ მომკვდარა ჯერ…