ოთხიათასიანები

წამოსულა გავარვარებული სფერო, წამოსულა და იმდენი უვლია სანამ კლდოვან სიმაღლეს არ აჯობა ცისკენ გაფრენაში. აჯობა და მისი სხივებიც საამო მალამოსავით მომეხვია სახეზე, გამაყუჩა წამით და მომეალერსა…
შვიდს წუთები აკლდა, მაგრად რომ გავიზმორე და ბუნებრივად გაღვიძებული სახე მზეს მივუშვირე. გარშემო ყვითელი და ნარინჯისფერი გამმა ყვაოდა მთელი ძალით. თავს ოთხიათასიანები წამომდგომოდნენ და ღიმილით მეფერებოდნენ მძინარეს ალბათ. პირველ სხივებს მინდობოდნენ დახრამული ფერდობებით და დუმილს მისცემოდნენ მთელი არსებით. ალბათ ცოტა მეტი სიჩუმე რომ ყოფილიყო მზის გორაობის ხმას გავიგონებდი ცის კამარაზე. მთის პატარა თუმცა ველური მდინარე უხვად მჩუქნის სიფხიზლეს და კარავში დაბრუნებული ფეხის თითებამდე ვსუნთქავ სიცოცხლით.
ახლა უკვე შორს ვარ, ზღვის დონიდან, საკუთარი ქვეყნიდან, შენგან… ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ისევე წაიშალა, როგორც იმ ზაფხულს დახაზული ქვიშიან პლაჟზე. აღარც მტკივა. სახელდახელოდ ვადუღებ დიდ ფინჯან ჩაის და კარავში ვბრუნდები… (more…)

ჩვენ სამნი


მხოლოდ სამნი ვსხედვართ მბჟუტავი ყვითელი სინათლის გარშემო. უმოძრაობისაგან სიმხურვალეს მოკლებული სხეულები ზანტად გვიდევს გამხმარ სკამებზე და სიცოცხლის ნიშანწყალი თითქმის არ გვეტყობა. მხოლოდ ხანდახან ვასრულებინებთ ჩაის ჭიქას მაგიდა-ტუჩების მიმართულებით სწრაფ რეისს და ისევ უსიცოცხლო ატომების გროვასავით მივშტერებივართ ნახევრად ბნელ სივრცეს…
გარშემო მხოლოდ ჩუმი, სიცივენარევი სითბო ტრიალებს. მოსულმა და მოახლოვებულმა მდედრის ტიპის ადამიანმა თითქოს კონტაქტის დამყარებაც კი სცადა ჩვენთან, მაგრამ იგრძნო, რომ თავის სიცივეს ჩვენსას ვერ დაუმატებდა კიდევ და იმდენად ურეაქციოდ გაქრა, რომ ამ პატარა სამყაროს ოთხ წამში აღარ ახსოვდა მისი არსებობის შესახებ. ჩვენ კი შემდეგი რეისი შევასრულებინეთ ჩაის ფინჯანს და შემდეგი უსიცოცხლო მოძრაობა დავიწყთ გაქვავებით. (more…)

week end


შაბათია… მსუბუქად წაიხემსე დილით და წევხარ გრილად საყვარელ სავარძელში მაშინ, როდესაც გარეთ იწვის ქვეყანა. ჩაბნელებული ლეპტოპის დინამიკები დინჯად ატრიალებენ ჯაზისა და რეგის ნაზავ ფლეილისტს. ხმა საშუალოზე დაბლა გაქვს დაყენებული და დილით დაწყებული წიგნის ნახევარს რახანია გადაცდი… შიგა და შიგ უშაქრო ჩაის არომატით ამატებ კაიფს სიტუაციას და ლამაზი საღამოს დეტალების დაგეგმვასაც ასწრებ. კარგი მუსიკა, მეგობრები, სასიამოვნო გარემო იდეალური დღის დასასრულს გპირდებიან. იღიმი და ჩაის მორიგ ცარიელ ფინჯანს, დამარცხებულს, ოდნავი ბრახუნით ,,ახეთქებ” მაგიდაზე. წიგნი უკვე თავისით იკითხება. იცი, რომ აუცილებლად დაამთავრებ დღეს და ხვალისთვის მსგავსი გაქვს შერჩეული, რომელსაც ორი-სამი დღე მოუნდები მაგრამ სიამოვნებას მოგანიჭებს.
შუადღისით მეგობარმა შემოიარა. უცერემონიოდ მოგწყვიტა სტრიქონებად დალაგებულ ასოებს და რამოდენიმე ხელი ნარდი სასარგებლო ტაიმ-აუტი აღმოჩნდა. ფლეილისტი იგივე… გულითადი საუბარი საინტერესო თემებზე და ისევ რეგის ფონზე დაბრუნება სტროფების სამყაროში. წიგნის შემოლეული ფურცლების რაოდენობაღა დაგრჩა შესაცნობი. წინასწარ გრძნობ გამარჯვებას, წინასწარ მზად ხარ ,,დაპწიჭკვისთვის” ველში – ,,+ 1 წიგნი.” ამასობაში ღია ფანჯრიდან ფარდას გრილი ნიავი ებრძვის და სასიამოვნო შხაპუნა წვიმის ხმა უერთდება მასაკელას. საღამოს გეგმები ჩაშლის პირასაა, მაგრამ მაინც გიხარია გულში რომ ამის მიზეზი წვიმაა, ანუ ყველაფერი არაა დაკარგული, ანუ განწყობას შეინარჩუნებ მაინც და შეიძლება დღესვე შეუტიო ახალ წიგნს ახალი მუსიკალური ფონის თანხლებით… (more…)

%d bloggers like this: