A hot cold

ის რაც გვაშინებს და გვაბედნიერებს…
როცა დაიბადა იმდენად ეუცხოვა შემოგარენი სამყარო, რომ ისედაც ერთი ციდა, სულ მთლად მოიბუზა და ჩაიმალა ფუმფულა სამოსელში. გამართლებულიც იყო, გარეთ სუსხიანი ცივი ქარი ქროდა და ამ პაწია უსუსურობას განადგურების თუ არა, ავადმყოფობის საფრთხეს მაინც უქმნიდა.
მას შემდეგ სულ ცოტა ხანმა და ბევრმა ქარმა განვლო. დღესაც ისევე ჩამალული თავის ფუმფულა სამოსში საყვარლად მოკუნტულა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შინაგანად ძალიან ძლიერსა და იმედებით სავსეს თხელ ფეხებზე ჰკიდია ქარიცა და მწველი სუსხიც. უხარია სახეში შემოყრილი თბილისის თოვლი, რადგან იცის მისი დადნობის მერე შეიღებება ყველაფერი მწვანედ და გაზაფხულის პირველი სხივები გარდატყდება მილეულ ლოლოებში.

ჯერ ისევ ქორფა და წმინდაა. ჯერ მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და არავის მისცემია საშუალება თავისი ბინძური არსებით შეეხოს. ჯერ ისევ ჰგონია რომ ყველა წვიმის მერე ცისარტყელა ჩნდება. ჯერ ისევ უმანკოების არსებობის სჯერა და თავის სიწმინდეშიც დარწმუნებულია. მართალიც არის, მთავარია ჩვენ დავიჯეროთ მისი სიწმინდე და თავიდანვე არ მოვუსპოთ ეს ღვთაებრიობა.
ისევ თოვს და ისევ ტანგოს აკვნესებს ვიოლინო. ამ კვნესაში გაცოცხლებული ფანტელები გამალებით მხვდება სახეში. მომყავს მოკუნტული და არ ვიცი რა იქნება ერთ წელიწადში. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ მინდა დავიცვა და გავზარდო, ვიცი რომ არ მეშინია. თავისი დიდი ლამაზი თვალებით მიყურებს და საოცრად მითბობოს მკერდს. ვგრძნობ და ვხვდები, რომ მაშინ, დაბადებისას უკვე იმდენად ძლიერი იყო ქვეყანას ამოაბრუნებდა. სხვანაირად დღევანდელ დღეს ვერ ჩააბამდა ცხოვრების უწყვეტობაში და ეს ღვარძლიანი, დამპალი და აქოთებული ამინდი ჩამნთქავდა შეუბრალებლად. მერე კი როდის გამითენდებოდა დილა ვინ იცის. ახლა ეს გარკვეულია, ახლა მოვდივარ და ამ პაწია სიყვარულით გულში, თავს ვიცავ წვდიადისგან, რომელიც ვერასოდეს ჩაძირავს ასეთ ფუმფულა, პატარა არსებებს. სიყვარული ყოველთვის დაიბადება და გადმოგვეცემა მხოლოდ სათუთი მოვლისა და რწმენის პირობით. დანარჩენი ჩვენზეა!

Advertisements

ისევ

ამ თვალებს მხოლოდ იმიტომ ვხუჭავ,
რომ სიზმრად მაინც შენს ტუჩს შევეხო.
ხვალ ისევ მარტო დავყვები ქუჩას,
ვეცდები, სევდა რომ არ შემეტყოს.

ჩავუვლი შენს სახლს, ზედ არც შევხედავ,
მხოლოდ ღრუბლებში გაქრება მთვარე,
იქ მეგულები, მოსვლას ვერ ვბედავ,
ამიტომ ჭიშკარს ვეცლები მალე.

ვიცი, კაცი ვარ, არ მშვენის შიში,
მაგრამ რას იზამ, ხან ჩვენც ვტირივართ,
მხოლოდ და მხოლოდ გავბედე ძილში,
რაც ვერ გითხარი, თუნდაც ირიბად.

ზმანება მჩუქნის შენ თავს საკოცნად,
თითქოს სასუნთქად ესეც კი მყოფნის;
გიყურებ, გხედავ, ლამაზს საოცრად
და ვხვდები გრძნობა გონებას ჯობნის.

მაღვიძებს გულის სუნთქვა აშლილი,
ვამშვიდებ, ვცდილობ აზრებს მოვეგო,
სახეში მხვდება სილა გაშლილი,
რომ რეალობას მჭიდროდ მოვერგო.

მთელ დღეს ვატარებ არ ვიცი, სადღაც…
ამ პლანეტაზე მე თავს უცხოდ ვგრძნობ;
მაინც ღიმილით დავდივარ, რადგან,
შენდამი გრძნობას მაინც უხმოდ ვფლობ!

ჩემებო!!!

თქვენ ფიქრობთ რომ მე გიჟი ვარ!!!
კიი! ნუ გცხვენიათ, მე ვიცი რომ ასე ფიქრობთ! ვიცი, იმიტომ რომ მე თვითონ ვფიქრობ ასე! ხო არ გეშლებათ, გიჟი არასოდეს იტყვის გიჟი ვარო… მართალია, მაგრამ მე ხომ ამას არ ვამბობ, მე ამას ვფიქრობ!
ისევ ფიქრები, ფიქრები, ფიქრები…  ტვინი წავიღე ხომ? სხვა გზა არ მაქვს მე იმას გიზიარებთ რაც ჩემია, ჩემს გვერდზეა და მეკუთვნის და ამ მომენტისათვის ეს მხოლოდ გასაგიჯებელი ფიქრებია!
ვიცი რომ ღელავთ ჩემზე! ხოო, როგორც კი მოუსვენრად ვიწყებ წინ და უკან სიარულს… (more…)

%d bloggers like this: