შენ და ზღვა

მთელ ამ მელოდიას აშკარად ეტყობოდა წარმოშობის წყარო რომ ერთი ძველი, ტკბილი რადიოს სტუდია იყო. შესამჩნევი შიშინი გარკვეულ ეშხსაც კი ჰმატებდა ისედაც უკიდურესობამდე სასიამოვნო მუსიკას და მშვიდი ზღვის ხმაში ნაზად ქრებოდა…
ეს სიმღერა იმ წელს პირველად მოვისმინე… ,,here comes the sun…” ღიღინებდა ნინა სიმონე და მეც დარწმუნებით ვგრძნობდი მზის სითბოს სადღაც შიგნით, გულთან ახლოს. ტყუილად ხომ არაა ნათქვამი ჩვენს ამ მგრძნობიარე კუნთზე ამდენი ლექსი და ლეგენდა. (more…)

თბილისი

გომელაურმა მომაყარა მასზე რითმები,
და მე უკეთესს ვეღარ ვიტყვი, არც მინდა გულით,
სულ აღარა მაქვს თავზე ნაღდად მაგდენი თმები,
ამ ქალაქის სტრესს რომ გავუძლო, არ მოვკვდე სულით.

ამდენი ჭუჭყი, უვიცობა ამოდის ყელში,
მეტასტაზები არ ჩერდება, ეკვრის გალავანს,
გამოღვიძებულს დილით მხვდება ნიჩაბი ხელში,
მაგრამ ამითი მე ვერ ვებრძვი ამდენ განავალს.

მწვანე სიბლანტე ნელა-ნელა მიმათრევს ქვემოთ,
არსაიდან შველა, მარტოდმარტო მხედავს ცერბერი,
ახლა გავიგებ ალბათ ძველი ბძოლების გემოს,
ფრთებს ზედ შევამსხვრევ და მოვკვდები როგორც ჩემები…

უცხო თვალისგან დამალული გავქრები, მაგრამ
ამ ქალაქის სუნს არ შევიგრძნობ მაინც გონებით,
ჯამლეტასა და ჯონდოს გვერდზე იდექით მარად ,
მე უარმყავით, მოიქეცით როგორც მონები.

მუხლებზე მიდევს ,,ჩაძირული ქალაქის ღამე,’’ 
ის ღამე რომლის დაბრუნება არ გვსურს არავის,
პირიქით თუა, მაშინ ხალხო, მითხარით რამე!
ხომ ხედავთ ცალკე ბრძოლის ძალა ჩვენში არ არის.

რა მოხდა ერთად რომ დავუდგეთ ქალაქს საშველად,
ის დავუბრუნოთ რაც ეკუთვნის დაბადებიდან,
მხოლოდ გაგება, სიყვარული გვინდა საშენად, 
პარაზიტები თავისითვე გადადგებიან.

მერე გავივლით სასეირნოდ ისევ ქუჩებში,
დაგვეხვევიან ცისარტყელის ფერად მუზები,
ნაღდი თბილისის ეშხს ვაკოცებთ გრძნობით ტუჩებში,
მეობის კარტად გვეყოლება მხოლოდ ტუზები.

მთელი ეს თემა ისევ რჩება ოცნებად, ბრძოლად…
უფლის შვილების გვეკარგება ყოველი ნაკვთი,
ეს რეალობა არ აფეთებს ჩვენ გულში ძრწოლას, 
რაღაც გვჭირდება ასანთებად, მაგვარი ნავთის.

ამ ნავთს ოდესმე ნაპერწკალი მაინც მიუვა, 
უბრალოდ უნდა გავახილოთ ფართოდ თვალები, 
შერონზე მეტად დავაფასოთ ბებო გიულა,
და მის მაგივრად ჩვენს სინდისთან გვქონდეს ვალები.

შენ

მთქნარებითა და თვალებით,    
რომლებსაც სძინავთ ნახევრად,
კლავიატურის წამებით
ამ სიტყვებს მოგწერ საქებად…
გეტყვი, გაგართოს ოცნებამ
რომ მუდამ ღიმილს გხედავდე.
დამათროს შენმა კოცნებმა,
ფხიზლობას ვეღარ ვბედავდე.
სიცილით სავსე თვალები,
ცრემლით არასდროს აგევსოს.
გადამეხადოს ვალები,
არა თქვან, – ქალთან აგებსო!
გულს მოგცემ, სულსაც გაგიყოფ,
მკერდში რაცა მაქვს ქონება.
გემუდარები, ამიტომ
სულ ნუ დამიბნევ გონებას.
მინდა ლამაზად  შეგაქო,
გიწოდო მშვენიერება!
თითები ნაზად შეგახო,
და ვიგრძნო ბედნიერება…
ეს ის ფიქრია, ძილის წინ,
რომ მექცა მინი-ოცნებად,
სიზმარში გნახავ ვინ იცის,
დაგშლი უამრავ კოცნებად.
მივენდო ღამეს ფიქრიანს,
სანაცვლოდ შენს თავს მივიღებ,
კადრები სწრაფად მიქრიან
და შენც უფრო შორს მიიწევ.
ვინატრებ მუდმივ სიბნელეს,
რომ ძალიან დიდხანს გეფერო,
ვერ შემაშინებს სიძნელე
ჩემო სინათლის ელფერო!

წუხანდელი თეთრი ღამე

რა უნდა ქნა როცა ურთიერთობები არ ლაგდება? ადამიანი ხომ ჭანჭიკი არ არის, ხრახნი შეუსწორო და მიარგო სხვას… საოცრად რთული მექანიზმები ვართ და ყველა პატარა უჯრედში ინდივიდუალური გამოხტომები გაგვაჩნია. შესაბამისად ძნელად შესაძლებელია ჩვენი ხრახნების გადაკეთება მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ხრახნებს უკვე დიდი ხნის ჟანგი მოჰკიდებია და თავის ფერზე ჰყავს წაყვანილი.
,,მთავარია გაგება და ადამიანობა!” გავყვირივართ და გვავიწყდება რომ ადამიანობა ანუ ინდივიდუალურ სუბიქტად არსებობა უკვე თავისთავად გამორიცხავს გაგებას, რადგან თუკი ყველას გავუგეთ და საკუთარი აზრი გადავღებეთ სქელი საღებავით ეს რთული რაღაცაც მოყვება მისი ფენის ქვეშ, რასაც ადამიანი ეწოდება. არადა ამ სტატუსის ტარება დაბადებიდან დაგვევალა და სხვა გზა არც გაგვაჩნია. სიკვდილიც კი ვერ გვიხსნის ადამიანობის მოვალეობისაგან!
(more…)

გად-არეული ფიქრები


გუშინ წვიმდა… ყველა ნახავდით რა უმოწყალოდ ასველებდა დედამიწას ცა. მეც ვნახე, დავეყუდე ფანჯრის რაფასთან და ვუყურე დიდხანს. სასიამოვნოდ ციოდა გარეთ, საპირისპიროდ იმ სიმყუდროვისა სადაც მე ვიდექი. ვიდექი და გრძნობებში გახლართული ვიხსენებდი წვრილ-წვრილ ნიუანსებს. არც ისე ადვილი ყოფილა წარსულზე ფიქრი, თუნდაც იმ ფორმაში, რომ რაღაც მომენტში სხვაგვარად მოვიქცეოდი. ეს შეცდომის ფაქტიც ცუდად აისახება ისედაც გაძვალტყავებულ გონებაზე. პლიუსების და მინისების დათვლას ვიწყებ და უსასრულობაში ვვარდები საიდანაც დასაწყისი აღარ ჩანს და შესაბამისად მეც ვირევი. ასეთი ,,არევების” ერთობლიობით არეული მივჩერებოდი გუშინ ფანჯარას, რომლის მინის იქით, წვიმა დაუნანებლად რეცხავდა ასფალტს.  (more…)

დიდი დათვის თანავარსკვლავედი

ისევ დაღამდა… ისევ ისეთი მშვიდი სიბნელე იყო, როგორც წინა დღით. ოღონდ დღეს უკვე აღარ წვიმდა და ცაზე იმდენივე ვარსკვლავი იყო, რამდენიც ჩვეულებრივ არის ხოლმე აქ. ისევ ისე ვიდექი ჩემი სახლის წინ და ისევ ისე ვხედავდი პლანეტა ვენერას ეკლესიის ორ გუმბათს შორის! ნელ-ნელა მოვაბრუნე მზერა მარცხნივ და ბავშვობის წლებიდან გავიხსენე ,,დიდი დათვის თანავარსკვლავედი’’ უფრო მეტად შემოვბრუნდი და ჩემი ,,ფერადი ვარსკვლავიც’’ იქ იყო-მარსი!
-ასეთ ცას თბილისში ვერასოდეს ნახავ! – ამოვიოხრე.
-ცას დაეძებ ბიჭო?- მარიმ ვერ გამიგო.
-შენ რა გიჭირს, სულ მას უყურებ და რა გენაღვლება, მე კი…
-კაი რაა, სულ არ ვუყურებ მე, სად გამექცევა?- იცინის…
-ეჰ მარი, მარი! – გვერდზე ვუჯდები და გულში ვიხუტებ მარის.
მარი ჩემი მეგობარია. როგორ მახსოვს, რომ გავიცანი, ის დღე… ვიტყუები! აბა საიდან მემახსოვრება? მაგ დღეს მშობლებმა ორივე ერთ მანეჟში ჩაგვსვეს და მას მერე მოყოლებული ასე ვეხუტებით ერთმანეთს მთელი ცხოვრება! (more…)

მთვარეულებო, სად ხართ?


ისევ გადავცდი თორმეტს… მიუხედავად იმისა, რომ კუნთები დაბუჟებული მაქ დაღლილობისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ გამოვსწორდე და დილით 8 საათზე ვარ ასადგომი, ღამე მაინც არ მანებებს თავს… მაინც მტოვებს მარტოს ჩემ თავთან! მაინც მიწევს ლამაზი სიზმრების ნაცვლად, რომელიც ბევრმა მისურვა და უკვე ტკბილად იშმუშნებიან ძილში, ნახევრად ჩაბნელებული მონიტორის ყურება… არც კინოსეანსის თავი მაქ არც რამის შეცნობის. უბრალოდ ვძივარ და მოგჩერებივართ თქვენი ჩაშავებული ეკრანებიდან… მჯერა, რომ გესმით ჩემი, უბრალოდ ისვენებთ და არ მწერთ, არ მეხმიანებით… თქვენც ჩემსავით გიყვართ ღამე და დილამდე არ ხუჭავთ თვალებს ასე არაა? ნეტა ადამიანს ერთი საათი ყოფნიდეს გამოსაძინებლად! რამდენ რამეს მოვასწრებდით….. ღამე ვიფიქრებდით, ვიოცნებებდით და დღისით მთელ დროს ამ ოცნებების ასრულებისთვის გამოვიყენებდით.
ცხოვრება ბრძოლააო, ვიღაცას უთქვამს… იქნებ მართალიც იყო… წავედი, მეც ცოტას წავიბრძოლებ უძილობის ველზე, თან დღეს ხომ რაღაცნაირი დღე თენდება, არ ღირს მისი ძილში გატარება!
ყველას ყველას გისურვებთ ტკბილ ვიდეოებს!!! ვინც მაინც ღამის მკლავებს ამჯობინებს, თქვენ დიდი ოცნებები და ფიქრთა კორიანტელი!

თქვენი ,,ნოჩურა” 🙂

%d bloggers like this: