ერთი წელი

დღეს დიდი დღეა! განსაკუთრებული… ალბათ არც ერთ თქვენგანს არ ახსოვს და არც უნდა ახსოვდეს, თუმცა ეს სწორედ ის დღეა… ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, 2010 წლის 30 ნოემბერს…
საერთოდ ხშირად ხდება ისე, რომ ყველაზე დიდი უბედურება და უსიამოვნება, მაშინ გვატყდება თავს, როცა ამას საერთოდ არ მოველით. ყოველთვის ცამოწმენდილზე დაემხობა ხოლმე ქვეყნიერება ძირს და ამოსუნთქვისაც კი გვეშინია, ისეთ ეფექტს იძლევა. შეიძლება რაღაც ცხოვრებისეულ კანონზომიერებასაც მივაწეროთ ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრიდან ცოტა უფრო სხვანაირადაც შეიძლება ამის დანახვა… წარმოიდგინეთ, რაღაც მცირე ნაწილით მაინც ფიქრებისა, წინასწარ გრძნობთ, რომ რაღაც შეიძლება ისე ვერ მოხდეს, მაშინ თუ ეს მოხდება, იგი ნამდვილად აღარ იქნება იმდენად შემაძრწუნებელი. იქნებ ყველაფერი საშინელი სულაც არაა საშინელი და მისი ხანდახან ,,აღმატებული’’ ხარისხი წინა წუთებისა და წამების განწყობიდან გამომდინარეობს? არსებობს მეორე ვარიანტიც… იქნებ ესა თუ ის მოვლენა მართლა იმდენად საშინელია, რომ მის ფონზე წინა მომენტი ცამოწმენდილად ჩანს?… ეს ალბათ ინდივიდუალური ხედვისა და გადაწყვეტის საქმეა და იმაზეა დამოკიდებული საერთოდ რამდენად სერიოზულად უყურებს ადამიანი ამ საკითხს. (more…)

Advertisements

შემინდეთ, please

ქვიშიან ნაპირს
მივყვები ნელა,
ნიავი არ ქრის
ცოტათი ბნელა…

სადღაც აქ ახლოს
ტირილი ბავშვის,
მე აღარ მახსოვს
ვკარგავდი კავშირს.

მოფრენილ ფიქრებს
გავისვრი შორს,
ვიცი ხელს მიქნევ
გადარებ ჭორს.

მთრთოლვარე ტუჩებს
შევეხო სუნთქვით,
დავყვებით ქუჩებს
არ ვივლით სულ ტყით.

ვიცვლები ვიცი
და ვხდები სხვა,
აღარ მწამს ფიცი
მიწა და ცა.

ამდენი ცუდი,
ტალახში მოსვრა,
მტყუანთა კუდი
ცხოვრებამ მოსრა!

ნელ-ნელა მოდის
ბორბალი მართლის,
და ეს კი ლოდინს
ხდის უფრო მარტივს.

არც ისე ბევრი,
არც ისე ღრმად,
გავსილა ქვევრი
რომ რამე ვთქვათ.

ხანდახან ცაში
ღრუბელი ნოლი,
და როგორც ტაში
ხმაურს ქმნის ბოლი.

აქაურ წყენას
მოპარულ ,,ჩიიზს’’
გიმალავთ ყველას,
 შემინდეთ, please.

დავიწყება

მთებისკენ მიმავალ ბილიკს,
მზე ჩუქნის სხივებს ნედლს,
ხედი თვალებით მიგაბავს,
ცხოვრებას გახდის ნელს;

თეთრად მოსილი მწვერვალი
ამაყად გიგდებს ყურს,
რბოლოთ დაღლილი მწევარი
ძლივსღა იჩერებს გულს.

მუქი კონდახი კისერთან
ქამარზე ტოლჩა წყლის
მაღლა შეტოპა ისედაც,
 ამ მონადირემ წლის.

არ უფრთხის დიად არწივებს,
რახან ფეხით დგას ძირს.
კლდოვანებს ისე აწივლებს
ჯიხვებს არ აცლის ფიქრს.

მზე მერამდენედ გორდება,
დროს ვეღარ ზომავს თვლით,
გონებას ნელა შორდება,
იმ ქალის სახე თვით.

ყოველ დღე უფრო ბუნდოვნად
იხსენებს ჩალას, ტყეს,
მის სიცილს, ვნებას უპოვარს,
ღიმილით ხვდება დღეს.

იცის რისთვისაც მიიწევს,
მწვერვალის იქით მზე,
სულით მიჰყვება იმ ბიჭებს,
 აქ რომ ეძებდნენ გზებს… 

იპოვის თავისუფლებას,
გონებას მოხსნის შიშს;
შენი დანახვის წუთებმა,
ის დაამსგავსა გიჟს.

მიხედე აჩრდილს მაგისას,
მთიდან რომ დაგრჩა ხელთ.
ბედმა გრძნობები გვაღირსა,
გულს ნუღარ გავხდით ხმელს!

შენ და ზღვა

მთელ ამ მელოდიას აშკარად ეტყობოდა წარმოშობის წყარო რომ ერთი ძველი, ტკბილი რადიოს სტუდია იყო. შესამჩნევი შიშინი გარკვეულ ეშხსაც კი ჰმატებდა ისედაც უკიდურესობამდე სასიამოვნო მუსიკას და მშვიდი ზღვის ხმაში ნაზად ქრებოდა…
ეს სიმღერა იმ წელს პირველად მოვისმინე… ,,here comes the sun…” ღიღინებდა ნინა სიმონე და მეც დარწმუნებით ვგრძნობდი მზის სითბოს სადღაც შიგნით, გულთან ახლოს. ტყუილად ხომ არაა ნათქვამი ჩვენს ამ მგრძნობიარე კუნთზე ამდენი ლექსი და ლეგენდა. (more…)

წუხანდელი თეთრი ღამე

რა უნდა ქნა როცა ურთიერთობები არ ლაგდება? ადამიანი ხომ ჭანჭიკი არ არის, ხრახნი შეუსწორო და მიარგო სხვას… საოცრად რთული მექანიზმები ვართ და ყველა პატარა უჯრედში ინდივიდუალური გამოხტომები გაგვაჩნია. შესაბამისად ძნელად შესაძლებელია ჩვენი ხრახნების გადაკეთება მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ხრახნებს უკვე დიდი ხნის ჟანგი მოჰკიდებია და თავის ფერზე ჰყავს წაყვანილი.
,,მთავარია გაგება და ადამიანობა!” გავყვირივართ და გვავიწყდება რომ ადამიანობა ანუ ინდივიდუალურ სუბიქტად არსებობა უკვე თავისთავად გამორიცხავს გაგებას, რადგან თუკი ყველას გავუგეთ და საკუთარი აზრი გადავღებეთ სქელი საღებავით ეს რთული რაღაცაც მოყვება მისი ფენის ქვეშ, რასაც ადამიანი ეწოდება. არადა ამ სტატუსის ტარება დაბადებიდან დაგვევალა და სხვა გზა არც გაგვაჩნია. სიკვდილიც კი ვერ გვიხსნის ადამიანობის მოვალეობისაგან!
(more…)

უაზროდ გრძელი პოსტი


ერთმანეთზე დაწყობილი ხელის მტევნები მაგიდის კიდეზე მოუთავსებია და ზედ შუბლით დაყრდნობია… კლავიატურა კუთხეშია მიხვეტილი უამრავი დაკუჭული სტიკერისა და თაბახის ფურცლის  ხროვასთან ერთად. უკვე ას წუთზე მეტია ახლომახლო მხოლოდ საათის ისარი მოძრაობს, დანარჩენი კი თითქოს სიკვდილს მიცემია. მხოლოდ ხანდახან, ღრმა, მაგრამ უძალო ამოოხვრა გაისისინებს დამძიმებულ ჰაერში, რომელსაც ჯერ კიდევ არ გასვლია ალკოჰოლის სუსტი სურნელი…
სწორედ ეს დღე იყო, ერთი წლის უკან… სწორედ ასე, სრულ სიჩუმეს მიცემული, ლუდით მსუბუქად შეზარხოშებული იჯდა სავარძელში და თავი მუხლებში ჩაერგო. მხოლოდ ფიქრს ეკუთვნოდა მისი გონება. წინ გრძელი მომქანცველი გზა ელოდა, ისეთი, რომელზეც ბევრჯერ დაფიქრებულა და ახლაც, ბოლოჯერ, კიდევ ერთხელ სწრაფად გადაამოწმა დეტალები.  პლიუს-მინუსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. უჭოჭმანოდ აიღო ჩანთა და სახლიდან გავიდა… ეს სწორი არჩევანი იყო. უამრავი ჩავარდნის გარდა, შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელი გამოვიდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა მაშინაც ნაკლები ეფიქრა და ფილოსოფიური აზრებისთვის ზურგი ექცია. (more…)

ბოდიში წინა პოსტისთვის!

რამდენი რამ ხდება გარშემო რაც შეგვიძლია პარანორმალურ მოვლენასთან გავაიგივოთ… მაგალითად რამდენიმე დღით გამქრალი და ისევ ,,გაჩენილი” სათვალე, თუმცა ყველაფერი ეს ალბათ ჩვენი უზომოდ მრავალფეროვანი ფანტაზიებისა და შეხედულებების ნაყოფია და საკამათოც არაფერია, რადგან ვინ როგორ მიუდგება ამა თუ იმ მოვლენას, მისი პირადი საქმეა. მთავარი ამ ყველაფერში ისაა, რომ ადამიანები ვცდილობთ ათასი რამის გამოგონებას თავის გასართობად. ცხოვრება ხომ ციხეა, რომელშიც თუ არაფერი ამოკაწრე საკნის კედელზე, ისე უკვალოდ გაქრები, თითქოს არც კი ყოფილხარ. ამიტომაც ყოველ დილით გაღვიძებულებს გაგვაჩნია დღის გეგმა, ვაპირებთ ერთი ასო მაინც ამოვკაწროთ ჩვენს კედელზე. მეორე საკითხია განწყობა, რომლითაც ამას ვაკეთებთ… ან ათასგვარი ზედამხედველისა თუ ნებისმიერი გარეშე პირის ზეწოლით გავდივართ შავი სამუშაოს შესასრულებლად, ან საკუთარი ინიციატივით, ვიგონებთ რამე წამახალისებელ მიზეზს და ამ საბაბით შემართებულები ცხოვრების კიდევ ერთ დღეს სასიამოვნოდ ვატარებთ. (more…)

თუგეThერ

ადამიანი არაა ცხოველი, არ უნდა იყოს მაინც… ცხოველებიც კი ხროვებად, ოჯახებად დადიან, ერთმანეთს მხარში უდგანან და ეხმარებიან. ადამიანი ალბათ ან მათზე დაბლა ეშვება ან პირიქით ,,ზე” ხდება როცა ეთიშება თავის რასას და მარტოდმარტო მიათრევს ცხოვრებას. არადა ხომ არსებობენ ეგეთებიც… თუმცა ეს მხოლოდ ერთეულებია. დანარჩენები მგლების ხროვასავით ვცდილობთ ერთმანეთთან დაახლოვებას, ერთმანეთის მიხმარებას, ურთიერთობას, იმიტომ რომ ჩვენი ადამიანური მხარე ასეა დაპროგრამებული. უერთმანეთოდ უბრალოდ არ შეგვიძლია. ამ სიტუაციამ გარკვეულწილად იმედიც კი ჩაადუღა მაგრად ჩვენს ცნობიერებაში, სხვების იმედი გვაქვს მუდამ, მიუხედავად იმისა, რომ სულ გავყვირივართ, ,,მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს” და მსგავს აფერისტობებს ვახვევთ ჩვენივე თავს. ეს შეიძლება საკუთარი სისუსტის დასაფარად და თავის გასამართლებლად ვაკეთოთ მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ფაქტი სულ სხვაა. ფაქტი ისაა, რომ ყველაზე დიდ სიხარულსაც კი ვერ ვიტევთ გულში, ლაპარაკი აღარაა მწუხარებაზე და პრობლემებზე, რომლებიც ეგრევე უნდა გავუზიაროთ ვინმეს. დაუკითხავად ვაზიაროთ ჩვენს ტვირთს და ნახევარი მას ავკიდოთ. ამ მომენტში შეიძლება იგივე ,,ილეთს” სხვა გვიჩალიჩებს, მაგრამ რატომღაც ასე უფრო მშვიდად ვართ. ასე უფრო მარტივად ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკუთარი ტვირთი სულ რომ გვეტარებინა გაცილებით ნაკლები ყოფილიყო განაწილებულზე.  (more…)

გად-არეული ფიქრები


გუშინ წვიმდა… ყველა ნახავდით რა უმოწყალოდ ასველებდა დედამიწას ცა. მეც ვნახე, დავეყუდე ფანჯრის რაფასთან და ვუყურე დიდხანს. სასიამოვნოდ ციოდა გარეთ, საპირისპიროდ იმ სიმყუდროვისა სადაც მე ვიდექი. ვიდექი და გრძნობებში გახლართული ვიხსენებდი წვრილ-წვრილ ნიუანსებს. არც ისე ადვილი ყოფილა წარსულზე ფიქრი, თუნდაც იმ ფორმაში, რომ რაღაც მომენტში სხვაგვარად მოვიქცეოდი. ეს შეცდომის ფაქტიც ცუდად აისახება ისედაც გაძვალტყავებულ გონებაზე. პლიუსების და მინისების დათვლას ვიწყებ და უსასრულობაში ვვარდები საიდანაც დასაწყისი აღარ ჩანს და შესაბამისად მეც ვირევი. ასეთი ,,არევების” ერთობლიობით არეული მივჩერებოდი გუშინ ფანჯარას, რომლის მინის იქით, წვიმა დაუნანებლად რეცხავდა ასფალტს.  (more…)

სათაური დამავიწყდა წეღან…

ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ, აზრები მერევა… ყოველთვის მეგონა, რომ ცუდად ვთამაშობდი და საერთოდაც თითქმის არ გამომდიოდა ეს საქმე, მაგრამ ვცდებოდი. მაშინ, როდესაც ზედმეტ გულწრფელობას მინუსად ვთვლიდი და ვცდილობდი გამოსწორებას, თურმე თეატრის სცენაზე გაზრდილ მსახიობებზე ნაკლებად არ ვფარავ საკუთარ თავს. ამ ყველაფერს კი ძვირფასი რამეები ეწირება ჩემს გარშემო, გრძნობები, ურთიერთობები… საკუთარი თავის შეცნობის კოეფიციენტი ალბათ მინუსებშიც კი გადამივიდა. მომბეზრდა ამდენი სიცრუე და უკვე უხარისხოდ შეთითხნილი პოზიტივი, მაგრამ თავს ვერ ვანებებ. ნარკოტიკია, რომელიც ჯიბეში მიდევს და მგონია, რომ თუ გადავაგდებ მთელი სამყარო უბრალოდ ადგება და ზურგს მაქცევს! ამისგან ,,სუფთა მე’’ სუნიანი და საზიზღარია, ისეთი, რომელთან ურთიერთობაც მეც კი არ მომინდებოდა და ამიტომაც არის ალბათ რომ მას ასე გამწარებით ვმალავ ამ ქვეყნისაგან. (more…)

%d bloggers like this: