საღამო

ზამთრისპირული გამომშვიდების სითბო ისევ შერჩენოდა სასიამოვნოდ სუსხიან ჰაერს. მოვაბიჯებდი ძველებურად მარტო სინათლის ქალაქის ქუჩებში და ხარბად ვისრუტავდი წარსულის გრძნობებით გაჯღენთილ ჰაერს. ალბათ ადრე სიგარეტს გავუკიდებდი და მარჯვენა ხელზე შემცივდებოდა, მერე პაპიროსს ტუჩების კუთხეში მოვაქცევდი და ბოლო ნაფაზის შემდეგ კარგად დამუღამებული მანევრით გავიქნევდი შორს. ახლა აღარ ვეწევი, ბევრ სხვა რამესაც აღარ ვაკეთებ მაშინდელს. ბევრი რამე შეიცვალა და ბევრ ახალთან ერთად მიხარია, რომ ის ძველებური გრძნობები უბრალო გასეირნებამ დამიბრუნა ხალხისგან ცარიელ ქუჩებში. (more…)

Advertisements

აჩრდილი

,,მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, წვერ-ულვაშიც გამომეკვეთა ასეა თუ ისე და… ღმერთო ჩემო, საკმაო გამოცდილებაც მაქვს ჩემ თანატოლებთან შედარებით. მათ თუ არა, მე ხომ ვიცი ეს?! რა მჭირს ახლა, თავი ხელში ვერ ამიყვანია, შიშის დრო სად არის ამ პაწია სიცოცხლეში? შიშის დრო არ არის! შიშის დრო არ არის!…’’ – იმეორებდა თავისთვის ჰენრიკი და ყველანაირად ცდილობდა არ მიბრუნებულიყო, თუმცა როცა ჩემს აივანს ჩაუარა ძალიან აჩქარებული ნაბიჯით, მისი გახშირებული სუნთქვის გარდა აშკარად დავინახე, რომ ერთი სული ჰქონდა უკან მიეხედა.
მისი ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ მიამიტი, ცხოვრებით მხიარული, ოპტიმიზმით სავსე ბალღი გახლდათ. საჯარო ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში მომღიმარი სახით იჯდა რაღაც წითელყდიან წიგნს მიჩერებოდა. სათავგადასავლო რომანის ეს ნიმუში მეც გამოვიწერე მეორე დღეს და ის რომ შემოვიდა ვერც კი შევამჩნიე. უცბად დამადგა თავზე და სწორედ იმ გვერდის ციტირება გამიკეთა სადაც მისადაუნებურად მე შევჩერდი. (more…)

ჩვენ სამნი


მხოლოდ სამნი ვსხედვართ მბჟუტავი ყვითელი სინათლის გარშემო. უმოძრაობისაგან სიმხურვალეს მოკლებული სხეულები ზანტად გვიდევს გამხმარ სკამებზე და სიცოცხლის ნიშანწყალი თითქმის არ გვეტყობა. მხოლოდ ხანდახან ვასრულებინებთ ჩაის ჭიქას მაგიდა-ტუჩების მიმართულებით სწრაფ რეისს და ისევ უსიცოცხლო ატომების გროვასავით მივშტერებივართ ნახევრად ბნელ სივრცეს…
გარშემო მხოლოდ ჩუმი, სიცივენარევი სითბო ტრიალებს. მოსულმა და მოახლოვებულმა მდედრის ტიპის ადამიანმა თითქოს კონტაქტის დამყარებაც კი სცადა ჩვენთან, მაგრამ იგრძნო, რომ თავის სიცივეს ჩვენსას ვერ დაუმატებდა კიდევ და იმდენად ურეაქციოდ გაქრა, რომ ამ პატარა სამყაროს ოთხ წამში აღარ ახსოვდა მისი არსებობის შესახებ. ჩვენ კი შემდეგი რეისი შევასრულებინეთ ჩაის ფინჯანს და შემდეგი უსიცოცხლო მოძრაობა დავიწყთ გაქვავებით. (more…)

შენ და ზღვა

მთელ ამ მელოდიას აშკარად ეტყობოდა წარმოშობის წყარო რომ ერთი ძველი, ტკბილი რადიოს სტუდია იყო. შესამჩნევი შიშინი გარკვეულ ეშხსაც კი ჰმატებდა ისედაც უკიდურესობამდე სასიამოვნო მუსიკას და მშვიდი ზღვის ხმაში ნაზად ქრებოდა…
ეს სიმღერა იმ წელს პირველად მოვისმინე… ,,here comes the sun…” ღიღინებდა ნინა სიმონე და მეც დარწმუნებით ვგრძნობდი მზის სითბოს სადღაც შიგნით, გულთან ახლოს. ტყუილად ხომ არაა ნათქვამი ჩვენს ამ მგრძნობიარე კუნთზე ამდენი ლექსი და ლეგენდა. (more…)

! ! !

ძალიან მშვიდად გამეღვიძა. აი, ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე გარედან, ვიწექი მძინარე და უბრალოდ თვალები გავახილე ნელა. არც გავნძრეულვარ, ისევე წყნარად გადმოვიტანე ფიქრი სიზმრიდან ცხადში და განვაგრძე… სიზმარი კი დიდად არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, მაგრამ რაღაც იყო მასში ისეთი, რამაც იქვე დამაფიქრა და მერე აგერ ეხლაც არ მასვენებს…
ვისაც ალკოჰოლთან ნორმალური დამოკიდებულება გააჩნია, ეცოდინება რა არის მთვრალი კაცის სიარული, ყოველგვარი წესის გარეშე რომ გაქანებს აქეთ-იქეთ. კიდევ უფრო საოცარია ეს მომენტი სიზმაში, ცოტა ფანტაზიასაც თუ შეურევ საინტერესო რამე გამოდის. მეტი უწონადობა და მოძრაობების უმართაობა… მგონი ძალიან გავერთე! მოკლედ, დამესიზმრა, რომ ელბაქიძის დაღმართს მოვუყვებოდი მთვრალი. მსუბუქი, გაქცეული ნაბიჯებით. გზის ყოველი წამით ვტკბებოდი და როცა ვისკის ზედმეტმა დოზამ მარცხნივ პატარა სკვერისკენ მიბიძგა, შევყევი მას და მძიმედ დავეშვი ქვის სკამზე. ,,მგონი მარტო ამ სკვერშიღა დარჩა თბილისში ასეთი სკამები’’” – გავიფიქრე და გავახილე თვალები…
რამდენიმე წლის წინ გეგა თვაურიც ამ სკამზე იჯდა და კარგად დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევად, მისი ტანიც ქანაობდა წითელი ღვინის მადლიანი ხასიათის გამო. პალტოს აკეცილი საყელო ლამის ბეჭებზე გადაეგდო, ღილები შეეხსნა და არანაირი მიმიკით არ იმჩნევდა სუსხიან თოვლნარევ ქარს, რომელიც პირდაპირ სახეში ურტყამდა გამწარებულად. პრინციპში ვერც სხვა მიმიკების თვალერებით იჯერებდით გულს, თითქოს გაყინულაო ისე მიმკვდარიყო უსიცოცხლო სკვერის გარემოს. ვინ იცის რა ფიქრები უტრიალებდა იმ წამს თავში. შეიძლება სწორედ ლუკაზე ფიქრობდა… (more…)

უაზროდ გრძელი პოსტი


ერთმანეთზე დაწყობილი ხელის მტევნები მაგიდის კიდეზე მოუთავსებია და ზედ შუბლით დაყრდნობია… კლავიატურა კუთხეშია მიხვეტილი უამრავი დაკუჭული სტიკერისა და თაბახის ფურცლის  ხროვასთან ერთად. უკვე ას წუთზე მეტია ახლომახლო მხოლოდ საათის ისარი მოძრაობს, დანარჩენი კი თითქოს სიკვდილს მიცემია. მხოლოდ ხანდახან, ღრმა, მაგრამ უძალო ამოოხვრა გაისისინებს დამძიმებულ ჰაერში, რომელსაც ჯერ კიდევ არ გასვლია ალკოჰოლის სუსტი სურნელი…
სწორედ ეს დღე იყო, ერთი წლის უკან… სწორედ ასე, სრულ სიჩუმეს მიცემული, ლუდით მსუბუქად შეზარხოშებული იჯდა სავარძელში და თავი მუხლებში ჩაერგო. მხოლოდ ფიქრს ეკუთვნოდა მისი გონება. წინ გრძელი მომქანცველი გზა ელოდა, ისეთი, რომელზეც ბევრჯერ დაფიქრებულა და ახლაც, ბოლოჯერ, კიდევ ერთხელ სწრაფად გადაამოწმა დეტალები.  პლიუს-მინუსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. უჭოჭმანოდ აიღო ჩანთა და სახლიდან გავიდა… ეს სწორი არჩევანი იყო. უამრავი ჩავარდნის გარდა, შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელი გამოვიდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა მაშინაც ნაკლები ეფიქრა და ფილოსოფიური აზრებისთვის ზურგი ექცია. (more…)

ტიბეტი

იქ სიგრილეს აფთიაქის ზომა აქვს, 
მზის სხივები ყველას ყოფნის თანაბრად,
ყველა დიდი სიყვარულის მონაა,
და სიკეთე უდევთ გულში ანაბრად.

სხვისი ჭორი მიაჩნიათ სირცხვილად,
ქურდობა და შური არად არგიათ,
ჩხუბს და დავას იქ ვერასდროს იხილავთ,
ყველაფერი რაც იქ ხდება კარგია.

ყველას უყვარს სიყვარული, არ მალავს,
რომ ამ ქვეყნად ჰუმანიზმი მადლია!
ანგელოზებს უმაგრებენ ამალას,
და სიმშვიდის წყაროები მათია.

კლდეთა ჩრდილში აგებული ტაძრები,
მზის ამოსვლას თავის დახრით ხვდებიან.
ასე მაღლა მხოლოდ რწმენით აძვრები,
იქ ბოროტი აზრებიც კი კვდებიან.

ჩუმი, მშვიდი, უდრტვინველი ცხოვრება,
მთვარის შუქზე საუბარი შენთან…
ამათ დარჩეთ მთელი ჩვენი ქონება,
მინდა მხოლოდ ,,ჩემი გოგო” გერქვას.

მინდა მხოლოდ ერთი რამე მებადოს;
იქ, ღრუბელზე მაღლა, ჩემი გრძნობა!
გრძნობა, რაშიც გავახვევდი მე ამბორს,
დავიწყებდი მარტო შენით ტკბობას.

მეორე მე და მე

სავსე მთვარე კარგად ანათებდა ირგვლივ ყველაფერს. მის მაისურზე დატანილი ნახატის ფერების გარჩევაც კი შეიძლებოდა, რის ნაკლებობასაც აშკარად არ განიცდიდა ეს ნაჭერი…
გაჩერდა. მოწყვეტით მოეშვა მუხლებში და იქვე გრილ ბალახზე მიჯდა. გონებამ რეალური უკუაგდო და ერთი წლით უკან გადაახვია მიმოფანტული კადრები.
აი, დგას ქუჩის კუთხეში, გვიანია. თითებს შორის ატრიალებს სიგერეტის ღერს და ცალი ფეხით მიყუდებულა ხეზე, ღამის სუსხს არ იმჩნევს. ადამიანი დალანდა ცუდად განათებული ლამპიონების შუქზე. თანდათან უახლოვდებოდა ძლივს შესამჩნევი ბარბაცით ახალგაზრდა. საკმაო მანძილზე მოახლოვებული შეძლო დაეთვალიერებინა. თავისუფალ სტილში ჩაცმულს, პერანგი ქამრის ზემოდან გადმოეფინა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ტუჩების კუთხეში მოქცეულ სიგარეტს მშვიდად, თუმცა ხარბად ექაჩებოდა. ოდნავ გაღიმებული სახე წამოწითლებული ჰქონდა და თვალები საოცრად უბრწყინავდა. ხო, ასეთი ამოიცნო საკუთარი თავი! შეხვედრას არ ელოდა, მოუსვენრობა დაეტყო. ხეზე მიყუდებული ფეხი ძირს დაუშვა და დატანჯული სიგარეტის ღერი მოუკიდებლად პირში გაიქანა. (more…)

ტყვე


როცა Word-ის მეორე გვერდის შუაში მისული მშვიდად მონიშნავ მთლიან ტექსტს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აამოქმედებ Shrift+Delete-ს და მოუგონარში გადაუძახებ მას, არ უნდა იყო მთლად ნორმალური. თანაც ამაზე მთელი საღამოა ფიქრობ, მაგრამ ერთი სიტყვა არ წავიდა. ერთგან არ ჩაჯდა რაღაც და დამთავრებას აზრი აღარ აქვს. ალბათ რამე მნიშვნელოვანი უნდა გეთქვა, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იმ ერთმა ,,არჩამჯდარმა’’ სიტყვამაც კი გააფუჭა საქმე. უნდა უნაკლო ყოფილიყო, ხარვეზი გამორიცხულია! ასეთი მხოლოდ უმაღლესი შინაარსის მქონე ტექსტი თუ იქნებოდა, აღიარება, რომელიც თავის თავში გულის ყველაზე მიყრუებული ადგილების გამოძახილს იტევდა. (more…)

***

ვწერ კვლავ იმაზე რაც მომდის თავში,
გამოღამებულ თვალებს ვერ ვმალავ,
შენი აჩრდილი ისევ დგას კარში,
ისევ მეძახი, მაგრამ მე წავალ…

წავალ, ცხოვრების ბილიკს მივაგნებ,
იქნებ მაგისთვის იღბალიც მეყოს;
ვიცი, საქციელს ჩემსას ვინანებ,
მაგრამ ჩავიკლავ ამ გულის ექოს.

სადღაც წარულმა დასერა სული,
სადღაც ისევ ვგრძნობ სიცოცხლის სურვილს,
გავგლიჯო მინდა შუაზე გული,
მაგრამ დარაჯად ისევ შენ უვლი.

არ მაძლევ ნებას მაღლა გავფრინდე,
იქ, სადაც მინდა ვიყო ღვთაება;
რატომ არ მომკალ ან რად დამინდე?
რატომ მარგუნე ბედად წამება?

ახლაღა ვხვდები ფასს, რაც დავკარგე
ღიმილი ჩემი მსოფლიოდ ღირდა.
ფირქუშის რუხი თავი დამადგეს
წამართვეს ისიც, რაც იყო წმინდა.

ავიტან მასაც, მოვირგებ მხრებზე,
ეს მარტოობა ვიცი მოკვდება;
ვიღაცა მოვა, მოვკიდებ ხელზე
და თეთრი ღამეც მაშინ მორჩება!

 

 

%d bloggers like this: