ნოსტალგია

ხოოო…
რისი თქმა შეიძლება ამ ყველაფერზე გარდა იმისა, რომ არსებობს მაინც ამ ქვეყანაზე რაღაც?… არსებობს! თან როგორი და თან რამდენი?! 2000-იანი წლების, იმედი-L-ის ერთ-ერთი განთქმული რეკლამიდან მოყოლებული სასიამოვნო მოულოდნელობები არ გველევა ან…
ან უბრალოდ გარემოს გასაფერადებლად ვახალისებთ და ერთმანეთს ვუკავშირებთ გარკვეულ მოვლენებსა და ფაქტებს. ზოგიერთი სრულ დამთხვევამდეც კი მიგვყვავს, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერს თავისი შედეგი აქვს და ეს შედეგი დადებითია ძირითადად.
ჩემთვის სულერთია, გინდათ მისტიკას დააბრალეთ, გინდათ დამთხვევას… მე და შენ რაღაც მომენტში, რაღაც ერთ დღეს ერთნაირად ვფიქრობდით, ერთსა და იმავე საგანზე. ეს უკვე დადებითი ემოციაა, ყოველგვარი გაფორმების გარეშე. თუმცა შემდეგი მისი განვითარება და ,,ნავაროტკები’’ ამ თემას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს.  (more…)

Advertisements

A hot cold

ის რაც გვაშინებს და გვაბედნიერებს…
როცა დაიბადა იმდენად ეუცხოვა შემოგარენი სამყარო, რომ ისედაც ერთი ციდა, სულ მთლად მოიბუზა და ჩაიმალა ფუმფულა სამოსელში. გამართლებულიც იყო, გარეთ სუსხიანი ცივი ქარი ქროდა და ამ პაწია უსუსურობას განადგურების თუ არა, ავადმყოფობის საფრთხეს მაინც უქმნიდა.
მას შემდეგ სულ ცოტა ხანმა და ბევრმა ქარმა განვლო. დღესაც ისევე ჩამალული თავის ფუმფულა სამოსში საყვარლად მოკუნტულა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შინაგანად ძალიან ძლიერსა და იმედებით სავსეს თხელ ფეხებზე ჰკიდია ქარიცა და მწველი სუსხიც. უხარია სახეში შემოყრილი თბილისის თოვლი, რადგან იცის მისი დადნობის მერე შეიღებება ყველაფერი მწვანედ და გაზაფხულის პირველი სხივები გარდატყდება მილეულ ლოლოებში.

ჯერ ისევ ქორფა და წმინდაა. ჯერ მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და არავის მისცემია საშუალება თავისი ბინძური არსებით შეეხოს. ჯერ ისევ ჰგონია რომ ყველა წვიმის მერე ცისარტყელა ჩნდება. ჯერ ისევ უმანკოების არსებობის სჯერა და თავის სიწმინდეშიც დარწმუნებულია. მართალიც არის, მთავარია ჩვენ დავიჯეროთ მისი სიწმინდე და თავიდანვე არ მოვუსპოთ ეს ღვთაებრიობა.
ისევ თოვს და ისევ ტანგოს აკვნესებს ვიოლინო. ამ კვნესაში გაცოცხლებული ფანტელები გამალებით მხვდება სახეში. მომყავს მოკუნტული და არ ვიცი რა იქნება ერთ წელიწადში. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ მინდა დავიცვა და გავზარდო, ვიცი რომ არ მეშინია. თავისი დიდი ლამაზი თვალებით მიყურებს და საოცრად მითბობოს მკერდს. ვგრძნობ და ვხვდები, რომ მაშინ, დაბადებისას უკვე იმდენად ძლიერი იყო ქვეყანას ამოაბრუნებდა. სხვანაირად დღევანდელ დღეს ვერ ჩააბამდა ცხოვრების უწყვეტობაში და ეს ღვარძლიანი, დამპალი და აქოთებული ამინდი ჩამნთქავდა შეუბრალებლად. მერე კი როდის გამითენდებოდა დილა ვინ იცის. ახლა ეს გარკვეულია, ახლა მოვდივარ და ამ პაწია სიყვარულით გულში, თავს ვიცავ წვდიადისგან, რომელიც ვერასოდეს ჩაძირავს ასეთ ფუმფულა, პატარა არსებებს. სიყვარული ყოველთვის დაიბადება და გადმოგვეცემა მხოლოდ სათუთი მოვლისა და რწმენის პირობით. დანარჩენი ჩვენზეა!

და ტაკ პროსტო… :)

Fuck, რამდენი ხანია აღარაფერი დამიწერია, ამიტომაც ალბათ ეს პოსტიც რაღაც დიდი უაზრობა გამომივა მაგრამ არც იმიტომ ვწერ ახლა, რომ არიქა ოღონდ ახალი რამე ავტვირთოთქო. უბრალოდ მინდა რაღაცნაირად სადმე დავიცალო ბოლომდე.

საიდუმლოების გამხელას არ ვაპირებ და არც პიკანტური პირადული ამბების მოყოლას. რაც მსგავსი რამე მაწუხებდა კი გავანდე ვისაც საჭირო იყო და ღვთის წყალობით ასეთი ,,საჭირო” ადამიანები მუდამ იქ და მაშინ არიან, სადაც და როდესაც უნდა იყვნენ. რისთვისაც კიდევ ერთხელ და არანაირად ბოლოჯერ, მხოლოდ მადლიერებას გამოვხატავ.

რაღაც ,,რაზგონივით” მაქვს აღებული და თითქოს დოგმასავითაა, ძალების უკანასკნელ ნაპერწკლამდე უნდა ვირბინო, რომ მიწაზე სრულიად გათავისუფლებული  დავეცე და მერე სულიერად განწმენდილმა განვაგრძო ხეტიალი ქაოსურ ფიქრებსა და გრძნობებში ამ დამპალი, მაგრამ მაინც თბილი ქალაქის ძველი ქუჩებით რომ ისერება. (more…)

შემინდეთ, please

ქვიშიან ნაპირს
მივყვები ნელა,
ნიავი არ ქრის
ცოტათი ბნელა…

სადღაც აქ ახლოს
ტირილი ბავშვის,
მე აღარ მახსოვს
ვკარგავდი კავშირს.

მოფრენილ ფიქრებს
გავისვრი შორს,
ვიცი ხელს მიქნევ
გადარებ ჭორს.

მთრთოლვარე ტუჩებს
შევეხო სუნთქვით,
დავყვებით ქუჩებს
არ ვივლით სულ ტყით.

ვიცვლები ვიცი
და ვხდები სხვა,
აღარ მწამს ფიცი
მიწა და ცა.

ამდენი ცუდი,
ტალახში მოსვრა,
მტყუანთა კუდი
ცხოვრებამ მოსრა!

ნელ-ნელა მოდის
ბორბალი მართლის,
და ეს კი ლოდინს
ხდის უფრო მარტივს.

არც ისე ბევრი,
არც ისე ღრმად,
გავსილა ქვევრი
რომ რამე ვთქვათ.

ხანდახან ცაში
ღრუბელი ნოლი,
და როგორც ტაში
ხმაურს ქმნის ბოლი.

აქაურ წყენას
მოპარულ ,,ჩიიზს’’
გიმალავთ ყველას,
 შემინდეთ, please.

The fallen leaves


ადრინდელი, შეიძლება უფრო მეტი ხნისაც კი, სურათები სწრაფად აღდგა გონებაში და ქაოსური თანმიმდევრობით ეცვლებიან ერთმანეთს. უფრო გახუნებული, მოშავ-თეთრო ფერისა და უფოკუსოდ დარჩენილნი მხოლოდ შორეულ, ოდნავ შესამჩნევ გრძნობასავით რაღაცას მიტოვებდნენ. სამაგიეროდ არ მიტოვებდნენ ეჭვს, რომ ყველანი წარსულის იმ განყოფილებაში ჩავყარე საიდანაც უკან იშვიათად ბრუნდება ვინმე ან რამე…
ბოლო დღეებში შემოჩვეული სუსხიანი და ბოროტი ქარი ყოველგვარი მოწყალების გარეშე ხვეტავს ყვითელ ფოთლებს მიწიდან და ფეხებში მირტყამს. თითქოს უნდა მაგრძნობინოს, რომ არ ვდგავარ და მივდივარ სადღაც, რაღაცისთვის მაგრამ მივდივარ… ,,ისეთი ძლიერია, მანქანიდან რომ სახეს ვყოფდი ხოლმე ბავშვობაში ის არაფერია ამასთან’’ – ვფიქრობ უკვე საკმაოდ გათოშილი და მწვანე თბილისის გაყვითლებულ ნარჩენებს ფეხით ვურევ. ეს კი ისევ აიტაცებს და ზედ მაყრის. დამარხვა უნდა ჩემი და არ იცის რომ ერთ გორაკად მოგროვილს მაინც არავინ გააჩერებს ამდენ ფოთოლს. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, რომ მოვა ცეცხლს მისცემს, ან სულაც ბოროტად დაშლის და გააღავებს. ერთიანობის გვეშინია… (more…)

დავიწყება

მთებისკენ მიმავალ ბილიკს,
მზე ჩუქნის სხივებს ნედლს,
ხედი თვალებით მიგაბავს,
ცხოვრებას გახდის ნელს;

თეთრად მოსილი მწვერვალი
ამაყად გიგდებს ყურს,
რბოლოთ დაღლილი მწევარი
ძლივსღა იჩერებს გულს.

მუქი კონდახი კისერთან
ქამარზე ტოლჩა წყლის
მაღლა შეტოპა ისედაც,
 ამ მონადირემ წლის.

არ უფრთხის დიად არწივებს,
რახან ფეხით დგას ძირს.
კლდოვანებს ისე აწივლებს
ჯიხვებს არ აცლის ფიქრს.

მზე მერამდენედ გორდება,
დროს ვეღარ ზომავს თვლით,
გონებას ნელა შორდება,
იმ ქალის სახე თვით.

ყოველ დღე უფრო ბუნდოვნად
იხსენებს ჩალას, ტყეს,
მის სიცილს, ვნებას უპოვარს,
ღიმილით ხვდება დღეს.

იცის რისთვისაც მიიწევს,
მწვერვალის იქით მზე,
სულით მიჰყვება იმ ბიჭებს,
 აქ რომ ეძებდნენ გზებს… 

იპოვის თავისუფლებას,
გონებას მოხსნის შიშს;
შენი დანახვის წუთებმა,
ის დაამსგავსა გიჟს.

მიხედე აჩრდილს მაგისას,
მთიდან რომ დაგრჩა ხელთ.
ბედმა გრძნობები გვაღირსა,
გულს ნუღარ გავხდით ხმელს!

აჩრდილი

,,მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, წვერ-ულვაშიც გამომეკვეთა ასეა თუ ისე და… ღმერთო ჩემო, საკმაო გამოცდილებაც მაქვს ჩემ თანატოლებთან შედარებით. მათ თუ არა, მე ხომ ვიცი ეს?! რა მჭირს ახლა, თავი ხელში ვერ ამიყვანია, შიშის დრო სად არის ამ პაწია სიცოცხლეში? შიშის დრო არ არის! შიშის დრო არ არის!…’’ – იმეორებდა თავისთვის ჰენრიკი და ყველანაირად ცდილობდა არ მიბრუნებულიყო, თუმცა როცა ჩემს აივანს ჩაუარა ძალიან აჩქარებული ნაბიჯით, მისი გახშირებული სუნთქვის გარდა აშკარად დავინახე, რომ ერთი სული ჰქონდა უკან მიეხედა.
მისი ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ მიამიტი, ცხოვრებით მხიარული, ოპტიმიზმით სავსე ბალღი გახლდათ. საჯარო ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში მომღიმარი სახით იჯდა რაღაც წითელყდიან წიგნს მიჩერებოდა. სათავგადასავლო რომანის ეს ნიმუში მეც გამოვიწერე მეორე დღეს და ის რომ შემოვიდა ვერც კი შევამჩნიე. უცბად დამადგა თავზე და სწორედ იმ გვერდის ციტირება გამიკეთა სადაც მისადაუნებურად მე შევჩერდი. (more…)

ოთხიათასიანები

წამოსულა გავარვარებული სფერო, წამოსულა და იმდენი უვლია სანამ კლდოვან სიმაღლეს არ აჯობა ცისკენ გაფრენაში. აჯობა და მისი სხივებიც საამო მალამოსავით მომეხვია სახეზე, გამაყუჩა წამით და მომეალერსა…
შვიდს წუთები აკლდა, მაგრად რომ გავიზმორე და ბუნებრივად გაღვიძებული სახე მზეს მივუშვირე. გარშემო ყვითელი და ნარინჯისფერი გამმა ყვაოდა მთელი ძალით. თავს ოთხიათასიანები წამომდგომოდნენ და ღიმილით მეფერებოდნენ მძინარეს ალბათ. პირველ სხივებს მინდობოდნენ დახრამული ფერდობებით და დუმილს მისცემოდნენ მთელი არსებით. ალბათ ცოტა მეტი სიჩუმე რომ ყოფილიყო მზის გორაობის ხმას გავიგონებდი ცის კამარაზე. მთის პატარა თუმცა ველური მდინარე უხვად მჩუქნის სიფხიზლეს და კარავში დაბრუნებული ფეხის თითებამდე ვსუნთქავ სიცოცხლით.
ახლა უკვე შორს ვარ, ზღვის დონიდან, საკუთარი ქვეყნიდან, შენგან… ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ისევე წაიშალა, როგორც იმ ზაფხულს დახაზული ქვიშიან პლაჟზე. აღარც მტკივა. სახელდახელოდ ვადუღებ დიდ ფინჯან ჩაის და კარავში ვბრუნდები… (more…)

შენ და ზღვა

მთელ ამ მელოდიას აშკარად ეტყობოდა წარმოშობის წყარო რომ ერთი ძველი, ტკბილი რადიოს სტუდია იყო. შესამჩნევი შიშინი გარკვეულ ეშხსაც კი ჰმატებდა ისედაც უკიდურესობამდე სასიამოვნო მუსიკას და მშვიდი ზღვის ხმაში ნაზად ქრებოდა…
ეს სიმღერა იმ წელს პირველად მოვისმინე… ,,here comes the sun…” ღიღინებდა ნინა სიმონე და მეც დარწმუნებით ვგრძნობდი მზის სითბოს სადღაც შიგნით, გულთან ახლოს. ტყუილად ხომ არაა ნათქვამი ჩვენს ამ მგრძნობიარე კუნთზე ამდენი ლექსი და ლეგენდა. (more…)

* * *

ვიცი სხვისი ხარ,

მტკივა, არ ვამბობ,

თავში მკიდიხარ,

გულში კვლავ ვნანობ.   

სადღაც მიმათრევ,

ყველგან მოგყვები,

თუ გამიმართლებს

შენგან მოვკვდები.

მტანჯავს ეჭვები,

მისი შეხება,

ვერ შევეჩვევი

ცუდის შექებას.

შორი ვნებებით,

თითების ენით,

ისევ გნებდები,

და ვცოცხლობ შენით.

ვიცი სხვისი ხარ,

 არც გექაჩები,

შორს ნუ მირბიხარ,

მუზად დამრჩები. 

%d bloggers like this: