ჩვენ სამნი


მხოლოდ სამნი ვსხედვართ მბჟუტავი ყვითელი სინათლის გარშემო. უმოძრაობისაგან სიმხურვალეს მოკლებული სხეულები ზანტად გვიდევს გამხმარ სკამებზე და სიცოცხლის ნიშანწყალი თითქმის არ გვეტყობა. მხოლოდ ხანდახან ვასრულებინებთ ჩაის ჭიქას მაგიდა-ტუჩების მიმართულებით სწრაფ რეისს და ისევ უსიცოცხლო ატომების გროვასავით მივშტერებივართ ნახევრად ბნელ სივრცეს…
გარშემო მხოლოდ ჩუმი, სიცივენარევი სითბო ტრიალებს. მოსულმა და მოახლოვებულმა მდედრის ტიპის ადამიანმა თითქოს კონტაქტის დამყარებაც კი სცადა ჩვენთან, მაგრამ იგრძნო, რომ თავის სიცივეს ჩვენსას ვერ დაუმატებდა კიდევ და იმდენად ურეაქციოდ გაქრა, რომ ამ პატარა სამყაროს ოთხ წამში აღარ ახსოვდა მისი არსებობის შესახებ. ჩვენ კი შემდეგი რეისი შევასრულებინეთ ჩაის ფინჯანს და შემდეგი უსიცოცხლო მოძრაობა დავიწყთ გაქვავებით. (more…)

დაბრუნება

შემოდგომის მზე ნაზად ანათებდა და მეც მის ნეტარებას მიცემული მშვიდად ვიჯექი ძველებურ სკამზე. დღეს პირველად შევამჩნიე როგორ შეიცვალა ბუნება ზამთრისკენ. ალბათ უფრო დავაკვირდი თორე ამდენ შეყვითლებულ ფოთოლს ერთ ღამეში ვერ მოიბამდა ჩვენი ეზოს მოხუცი აკაცია.
 ბუნება შენ გამახსენე ახლა. რაღაცნაირი ლურჯი თვალებით რომ მიყურებ და ისე თბილად მიღიმი, როგორც მაშინ მე გაგიღიმე, როცა პირველად აღმოგაჩინე. გაგიღიმე, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ნათელი და ტკბილი გრძნობა დამეუფლა. არადა ჩვენი პირველი შეხვედრა არც ისე რომანტიკული იყო. პირველი შთაბეჭდილება გახსოვს? მხოლოდ ხათრის გამო რომ გამოგყევი და ძალდატანებით გავლიე ის საღამო შენთან ერთად. ისეთივე იყო შემდგომი რამდენიმე კვირა და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი რაღაც შენდამი, როცა სხვა ენაზე დამელაპარაკე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა არის სიყვარული. ტომისა და ბეკის რომანზეც კი არ მქონდა წარმოდგენა. სამაგიეროდ ვიცოდი, რომ შენთან ურთიერთობა მომიტანდა სიმშვიდეს და თავისუფლებას, რომელსაც მაშინ ალბათ გაუცნობიერებლად მთხოვდა შინაგანი სამყარო. სხვანაირად ვერც იქნებოდა შენთან ურთიერთობის ის რამდენიმე ზაფხული ასე უკვდავად რომ ჩამებეჭდა გონებაში და ის რამდენიმეწლიანი პაუზა, რომელიც უშენოდ გავატარე.
ალბათ როგორც ქალს ისე გიყურებ და აქედან გამომდინარე ალბათ ისევე მოგექეცი როგორც კაცი იქცევა… გაგსინჯე, დაგაძეხი და უცერემონიოდ მიგაგდე. მერე რა, რომ შუაღამე გაღვიძებულს რაღაც ძარღვი მტკიოდა შუბლის არეში, მერე რა, რომ ვნანობდი კიდეც ხანდახან?! ძირითადად ეს უკვე აღარაფერს ცვლის ხოლმე და ხანგრძლივი ფიქრის მერე ის პერიოდიც დადგა, როცა უკვე აუტანელი გახდა უშენობა, მაგრამ ამავე დროს შეუფასებლად მრცხვენოდა მოსვლა, რადგან როგორც ქალს ისე შეგხედე და როგორც კაცმა ისე მიგაგდე მაშინ…
არ ვიცი, ალბათ მაინც ჩემი გულწრფელი სინანული ჩაგესმა ზებუნებრივად ან იქნებ შენც გრძნობ რაღაც უხილავ კავშირს ჩვენ შორის. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა, რომ ახლა ჩემს გვერდით ხარ! მადლობა, რომ ბუნება გამახსენე და ჩემთან ერთად თბები ახლა შემოდგომისფერ მზეზე. გიყურებ, ვტკბები და ისევე ვერ გეშვები როგორც მაშინ, როცა ვნებებით გადავსებულ საღამოებს ვატარებდით ღია ცის ქვეშ. ახლაც, წლების წინანდელი გრძნობით გადავშალე შენი მესამასე გვერდი და შენც მიღიმი, რადგან იცი, ისევ როგორც ქალს ისე გექცევი და არ შეგეშვები სანამ არ გავათავებ… სანამ სარჩევის გვერდს არ მოვადგები და უკანა სქელ ყდას არ დაგახურავ!

ერთი წიგნის ამბავი

სწორედ ის პერიოდი იდგა, თბილისის პატარა ქუჩების აგურისფერს ოდნავ მწვანე რომ შეერევა ხოლმე და მზეც სასიამოვნოდ ატყუებს ხალხს მომაჯადოებელი სითბოთი ტალახიანი მარტის მერე…
მეგობარმა წიგნი ათხოვა. სასიამოვნო გარეგნობის ფურცლების კრებული თავიდანვე კარგად წავიდა და პირველი ნახევარი თვალმოუწყვეტლად ჩაამთავრა. იმდენად ჰგავდა სიუჟეტი მის ცხოვრებას, რომ სახიდან აღტაცება და გარკვირვება არ მოშორებია. ყოველი ფურცელი მისი ცხოვრების რომელიმე დღე იყო და ეს აგიჟებდა, თუმცა მთელი არსებით ცდილობდა გამკლავებოდა თითქოსდა უაზრო გრძნობებს, რომლებიც წიგნის მთავარი გმირის მიმართ გასჩენოდა.
საოცრად ბევრი საერთო ჰქონდათ… მასაც ის უხაროდა რაც იმ აჩრდილს, ორივეს ერთი და იგივე პრობლემები ჰქონდათ და ორივეს ერთი რითმით ენგრეოდათ ცხოვრება თავზე. ხო… სცენარში ნეგატივმა იმატა, იმდენად, რომ სასიამოვნოდ გაყოლებული სტრიქონები თავის ტკივილად გადაიქცა. ,,მეგობრები წავიდნენ…” აქ შეწყდა ყველაფერი. ამის ატანა უკვე მაზოხიზმისკენ იხრებოდა და ლამაზყდიანი წიგნი მაშინვე მოექცა ქსეროქსის ფურცლებისა სხვა მხატვრული ლიტერატურის ქვეშ, ყველაზე ბოლო ადგილას.
თბილისის ქუჩებმა მთელი დოზით შეიწოვეს სიმწვანე და უკვე გახუნებულ მტვრის ფერსაც ირევდნენ ნელ-ნელა. აუტანელი სიცხის მერე უჩვეულოდ გრილი საღამო იყო, როცა თხელმა წიგნმა ისევ დაიმსახურა ყურადღება და ქაღალდების მაღალი სვეტის სიმძიმეს თავი დააღწია. რამოდენიმე წაუკითხავი ფურცელი მეგობრების წასვლის მომენტის მერე წამებში იქნა აღქმული და გული სწორედ იმ მეგობრებისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით აივსო, რომლებიც არსად წასულან და პირიქით, ყოველთვის როდესაც ამის შიში ჰქონდა, იქვე, ახლოს იმყოფებოდნენ და მის გადარჩენაზე ზრუნავდნენ. იქნებ ეს წიგნიც თვეების წინ წასაკითხად განწირული იყო იმ თანადგომისთვის, როგორიც ჩინელებს გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ!
ყოველ შემთხვევაში ამ წიგნის დასრულება უნდა იყოს რაღაცის დასაწყისი, რაღაც კარგის! ისეთის, რაც ბოლო პერიოდის უღირსობებს ჩამოარერეცხავს სახიდან, რაც დაეხმარება საკუთარი ფესვის მონახვაში და დააბრუნებს დედამიწაზე, სადაც თურმე სიყვარული ბევრად მეტია სხვა უაზრო სისულელეზე. იმ სისულელეზე, რომლის ერთადერთი დანიშნულებაა, სიკეთის კატალიზატორობაა!

მეორე მე და მე

სავსე მთვარე კარგად ანათებდა ირგვლივ ყველაფერს. მის მაისურზე დატანილი ნახატის ფერების გარჩევაც კი შეიძლებოდა, რის ნაკლებობასაც აშკარად არ განიცდიდა ეს ნაჭერი…
გაჩერდა. მოწყვეტით მოეშვა მუხლებში და იქვე გრილ ბალახზე მიჯდა. გონებამ რეალური უკუაგდო და ერთი წლით უკან გადაახვია მიმოფანტული კადრები.
აი, დგას ქუჩის კუთხეში, გვიანია. თითებს შორის ატრიალებს სიგერეტის ღერს და ცალი ფეხით მიყუდებულა ხეზე, ღამის სუსხს არ იმჩნევს. ადამიანი დალანდა ცუდად განათებული ლამპიონების შუქზე. თანდათან უახლოვდებოდა ძლივს შესამჩნევი ბარბაცით ახალგაზრდა. საკმაო მანძილზე მოახლოვებული შეძლო დაეთვალიერებინა. თავისუფალ სტილში ჩაცმულს, პერანგი ქამრის ზემოდან გადმოეფინა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ტუჩების კუთხეში მოქცეულ სიგარეტს მშვიდად, თუმცა ხარბად ექაჩებოდა. ოდნავ გაღიმებული სახე წამოწითლებული ჰქონდა და თვალები საოცრად უბრწყინავდა. ხო, ასეთი ამოიცნო საკუთარი თავი! შეხვედრას არ ელოდა, მოუსვენრობა დაეტყო. ხეზე მიყუდებული ფეხი ძირს დაუშვა და დატანჯული სიგარეტის ღერი მოუკიდებლად პირში გაიქანა. (more…)

ბრძოლა გონებასთან

რადგან ჩემი დაღრძუებული სხეული, აგერ უკვე ხუთი თვეა არსად გადამითრევია დიდ მანძილზე, გონება სასტიკ სიგნალს იძლევა ყოველმხრივ. ის ხომ მიუჩვეველია ასეთ რეალობას. მისი სამყარო სხვა იყო, მუდამ გზაში, მანქანით, ფეხით, ავტობუსით, დიდი შემადგენლობით ან მარტო. რა აზრი ჰქონდა?! მთავარია, რომ ეს ყველაფერი ერთად თუ არა, იმ დღეს სურვილი მაინც იყო სადმე წასვლის, გაპარვის, გაქცევის და გეგმაც მზად იყო ყოველთვის. თან ეს გეგმა მუდამ მარტივი, ის უბრალოდ არ არსებობდა. 🙂 წამში მიღებული გადაწყვეტილება და მე უკვე გზაში ვარ, მანძილისა და დროის მიუხედავად! ახლა კი წამპალი რეალობა! სარკეში ჯოხიან, წუწუნა პენსიონერს ვხედავ, რომელსაც სახლიდან გასვლაც კი არ უნდა ზედმეტად. ქალქგარეთ წასვლაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არაა. ბოლოს დეკემბერში ვცდილობდი დამემტკიცებინა ჯიუტი გონებისთვის, რომ ეს შემიძლია. პრინციპში სხვა გამოსავალი არც მქონია, სოფელში ხომ არ დავრჩებოდი… ასე რომ მშვიდად ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსში და საათნახევრიანი გზა, რომელიც აქამდე მართლა ათასჯერ მაქვს გავლილი და დღეში რამდენჯერმეც კი, ყველაზე დამღლელი და საშინელი იყო მთელ ჩემს მგზავრობებს შორის! ეს იყო და ეს, მას შემდეგ აღარ მიცდია!
(more…)

%d bloggers like this: