ერთი დღე და ზოგადი პრობლემა

გუშინ მე და გოგამ გადავწყვიტეთ ლისის ტბა დაგვეპყრო ველოსიპედებით. ჩვენდა გასაკვირად, საკმაოდ სწრაფად ავედით, ამიტომ მოვიფიქრეთ ნახევრად გაყვანილ გზაზე ერთი წრე შემოგვევლო ტბისთვის. რამდენიმე რუჯზე მონადირეც შევნიშნეთ ნაპირზე. კინაღამ დამავიწყდა, გოგა ჩემი ძმაკაცია და ველოსიპედის საბურავების მტერი. ისევ პლაჟზე რომ დავბრუნდით, ე.წ. ,,მწვანე ზონას” შევუყევით, მაგრამ წვერში ასვლისას იმედები გაგვიცრუვდა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშენებარე ახალი საინფორმაციო ცენტრის თავზე ვიმყოფებოდით. შემდეგი გორაკი გაცილებით დამღლელი და მაღალი გამოჩნდა, ოღონდ ისევ იმედგაცრუება – ხედი იყო ნოლი. სხვა გზა არ იყო, შევუყევით მთას, რომელიც ვაშლიჯვარს გადაჰყურებდა, მაგრამ ჩასასვლელი არ ჰქონდა. (more…)

ერთი წელი

დღეს დიდი დღეა! განსაკუთრებული… ალბათ არც ერთ თქვენგანს არ ახსოვს და არც უნდა ახსოვდეს, თუმცა ეს სწორედ ის დღეა… ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, 2010 წლის 30 ნოემბერს…
საერთოდ ხშირად ხდება ისე, რომ ყველაზე დიდი უბედურება და უსიამოვნება, მაშინ გვატყდება თავს, როცა ამას საერთოდ არ მოველით. ყოველთვის ცამოწმენდილზე დაემხობა ხოლმე ქვეყნიერება ძირს და ამოსუნთქვისაც კი გვეშინია, ისეთ ეფექტს იძლევა. შეიძლება რაღაც ცხოვრებისეულ კანონზომიერებასაც მივაწეროთ ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრიდან ცოტა უფრო სხვანაირადაც შეიძლება ამის დანახვა… წარმოიდგინეთ, რაღაც მცირე ნაწილით მაინც ფიქრებისა, წინასწარ გრძნობთ, რომ რაღაც შეიძლება ისე ვერ მოხდეს, მაშინ თუ ეს მოხდება, იგი ნამდვილად აღარ იქნება იმდენად შემაძრწუნებელი. იქნებ ყველაფერი საშინელი სულაც არაა საშინელი და მისი ხანდახან ,,აღმატებული’’ ხარისხი წინა წუთებისა და წამების განწყობიდან გამომდინარეობს? არსებობს მეორე ვარიანტიც… იქნებ ესა თუ ის მოვლენა მართლა იმდენად საშინელია, რომ მის ფონზე წინა მომენტი ცამოწმენდილად ჩანს?… ეს ალბათ ინდივიდუალური ხედვისა და გადაწყვეტის საქმეა და იმაზეა დამოკიდებული საერთოდ რამდენად სერიოზულად უყურებს ადამიანი ამ საკითხს. (more…)

A hot cold

ის რაც გვაშინებს და გვაბედნიერებს…
როცა დაიბადა იმდენად ეუცხოვა შემოგარენი სამყარო, რომ ისედაც ერთი ციდა, სულ მთლად მოიბუზა და ჩაიმალა ფუმფულა სამოსელში. გამართლებულიც იყო, გარეთ სუსხიანი ცივი ქარი ქროდა და ამ პაწია უსუსურობას განადგურების თუ არა, ავადმყოფობის საფრთხეს მაინც უქმნიდა.
მას შემდეგ სულ ცოტა ხანმა და ბევრმა ქარმა განვლო. დღესაც ისევე ჩამალული თავის ფუმფულა სამოსში საყვარლად მოკუნტულა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შინაგანად ძალიან ძლიერსა და იმედებით სავსეს თხელ ფეხებზე ჰკიდია ქარიცა და მწველი სუსხიც. უხარია სახეში შემოყრილი თბილისის თოვლი, რადგან იცის მისი დადნობის მერე შეიღებება ყველაფერი მწვანედ და გაზაფხულის პირველი სხივები გარდატყდება მილეულ ლოლოებში.

ჯერ ისევ ქორფა და წმინდაა. ჯერ მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და არავის მისცემია საშუალება თავისი ბინძური არსებით შეეხოს. ჯერ ისევ ჰგონია რომ ყველა წვიმის მერე ცისარტყელა ჩნდება. ჯერ ისევ უმანკოების არსებობის სჯერა და თავის სიწმინდეშიც დარწმუნებულია. მართალიც არის, მთავარია ჩვენ დავიჯეროთ მისი სიწმინდე და თავიდანვე არ მოვუსპოთ ეს ღვთაებრიობა.
ისევ თოვს და ისევ ტანგოს აკვნესებს ვიოლინო. ამ კვნესაში გაცოცხლებული ფანტელები გამალებით მხვდება სახეში. მომყავს მოკუნტული და არ ვიცი რა იქნება ერთ წელიწადში. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ მინდა დავიცვა და გავზარდო, ვიცი რომ არ მეშინია. თავისი დიდი ლამაზი თვალებით მიყურებს და საოცრად მითბობოს მკერდს. ვგრძნობ და ვხვდები, რომ მაშინ, დაბადებისას უკვე იმდენად ძლიერი იყო ქვეყანას ამოაბრუნებდა. სხვანაირად დღევანდელ დღეს ვერ ჩააბამდა ცხოვრების უწყვეტობაში და ეს ღვარძლიანი, დამპალი და აქოთებული ამინდი ჩამნთქავდა შეუბრალებლად. მერე კი როდის გამითენდებოდა დილა ვინ იცის. ახლა ეს გარკვეულია, ახლა მოვდივარ და ამ პაწია სიყვარულით გულში, თავს ვიცავ წვდიადისგან, რომელიც ვერასოდეს ჩაძირავს ასეთ ფუმფულა, პატარა არსებებს. სიყვარული ყოველთვის დაიბადება და გადმოგვეცემა მხოლოდ სათუთი მოვლისა და რწმენის პირობით. დანარჩენი ჩვენზეა!

შემინდეთ, please

ქვიშიან ნაპირს
მივყვები ნელა,
ნიავი არ ქრის
ცოტათი ბნელა…

სადღაც აქ ახლოს
ტირილი ბავშვის,
მე აღარ მახსოვს
ვკარგავდი კავშირს.

მოფრენილ ფიქრებს
გავისვრი შორს,
ვიცი ხელს მიქნევ
გადარებ ჭორს.

მთრთოლვარე ტუჩებს
შევეხო სუნთქვით,
დავყვებით ქუჩებს
არ ვივლით სულ ტყით.

ვიცვლები ვიცი
და ვხდები სხვა,
აღარ მწამს ფიცი
მიწა და ცა.

ამდენი ცუდი,
ტალახში მოსვრა,
მტყუანთა კუდი
ცხოვრებამ მოსრა!

ნელ-ნელა მოდის
ბორბალი მართლის,
და ეს კი ლოდინს
ხდის უფრო მარტივს.

არც ისე ბევრი,
არც ისე ღრმად,
გავსილა ქვევრი
რომ რამე ვთქვათ.

ხანდახან ცაში
ღრუბელი ნოლი,
და როგორც ტაში
ხმაურს ქმნის ბოლი.

აქაურ წყენას
მოპარულ ,,ჩიიზს’’
გიმალავთ ყველას,
 შემინდეთ, please.

The fallen leaves


ადრინდელი, შეიძლება უფრო მეტი ხნისაც კი, სურათები სწრაფად აღდგა გონებაში და ქაოსური თანმიმდევრობით ეცვლებიან ერთმანეთს. უფრო გახუნებული, მოშავ-თეთრო ფერისა და უფოკუსოდ დარჩენილნი მხოლოდ შორეულ, ოდნავ შესამჩნევ გრძნობასავით რაღაცას მიტოვებდნენ. სამაგიეროდ არ მიტოვებდნენ ეჭვს, რომ ყველანი წარსულის იმ განყოფილებაში ჩავყარე საიდანაც უკან იშვიათად ბრუნდება ვინმე ან რამე…
ბოლო დღეებში შემოჩვეული სუსხიანი და ბოროტი ქარი ყოველგვარი მოწყალების გარეშე ხვეტავს ყვითელ ფოთლებს მიწიდან და ფეხებში მირტყამს. თითქოს უნდა მაგრძნობინოს, რომ არ ვდგავარ და მივდივარ სადღაც, რაღაცისთვის მაგრამ მივდივარ… ,,ისეთი ძლიერია, მანქანიდან რომ სახეს ვყოფდი ხოლმე ბავშვობაში ის არაფერია ამასთან’’ – ვფიქრობ უკვე საკმაოდ გათოშილი და მწვანე თბილისის გაყვითლებულ ნარჩენებს ფეხით ვურევ. ეს კი ისევ აიტაცებს და ზედ მაყრის. დამარხვა უნდა ჩემი და არ იცის რომ ერთ გორაკად მოგროვილს მაინც არავინ გააჩერებს ამდენ ფოთოლს. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, რომ მოვა ცეცხლს მისცემს, ან სულაც ბოროტად დაშლის და გააღავებს. ერთიანობის გვეშინია… (more…)

დავიწყება

მთებისკენ მიმავალ ბილიკს,
მზე ჩუქნის სხივებს ნედლს,
ხედი თვალებით მიგაბავს,
ცხოვრებას გახდის ნელს;

თეთრად მოსილი მწვერვალი
ამაყად გიგდებს ყურს,
რბოლოთ დაღლილი მწევარი
ძლივსღა იჩერებს გულს.

მუქი კონდახი კისერთან
ქამარზე ტოლჩა წყლის
მაღლა შეტოპა ისედაც,
 ამ მონადირემ წლის.

არ უფრთხის დიად არწივებს,
რახან ფეხით დგას ძირს.
კლდოვანებს ისე აწივლებს
ჯიხვებს არ აცლის ფიქრს.

მზე მერამდენედ გორდება,
დროს ვეღარ ზომავს თვლით,
გონებას ნელა შორდება,
იმ ქალის სახე თვით.

ყოველ დღე უფრო ბუნდოვნად
იხსენებს ჩალას, ტყეს,
მის სიცილს, ვნებას უპოვარს,
ღიმილით ხვდება დღეს.

იცის რისთვისაც მიიწევს,
მწვერვალის იქით მზე,
სულით მიჰყვება იმ ბიჭებს,
 აქ რომ ეძებდნენ გზებს… 

იპოვის თავისუფლებას,
გონებას მოხსნის შიშს;
შენი დანახვის წუთებმა,
ის დაამსგავსა გიჟს.

მიხედე აჩრდილს მაგისას,
მთიდან რომ დაგრჩა ხელთ.
ბედმა გრძნობები გვაღირსა,
გულს ნუღარ გავხდით ხმელს!

ინტერვიუ

დავსვი და დიკტოფონი ჩავრთე. ხმა არ ამომიღია…
,,ძირითადად ადამიანების მოქმედება ხომ მათი მოთხოვნებიდან გამოდინარეობს, ამიტომაც შეიძლება ყველაფრის დასაწყისად ჩავთვალოთ ეს ჯადოსნური ,,მინდა!’’
სწორედაც რომ მინდა ახლა ლაპარაკი! უბრალო მშვიდი დიალოგი მინდა ადამიანთან. ეს ძალიან მჭირდება, იმდენად, რომ ბოლო პერიოდში საკუთარ თავის შეცნობის გადაულახავ ბარიერადაც მექცა. იმდენად საჭიროა ეს დიალოგი, რამდენადაც ყოველ დღე რამდენიმე კილოკალორია ორგანიზმისთვის…
საქმის სერიოზულობა ალბათ მხოლოდ სიტყვების ფასის დონეზე დადის ჩემს ტვინამდეც, თორემ სხვანაირად აფორიაქდებოდა გონება და აიყოლიებდა ხორცისგან შემდგარ იარაღსაც ტანის სახით, აქედან კი ალბათ გამოვიდოდა რაღაც… რეალურად ის ისევ ჩუმად მიკუნჭულა ნაცემი და მისუსტებული სველ კუთხეში. მხოლოდ თავისთვის შოკირეულ რეჟიმში იმეორებს ოცნებას იმ უტოპიაზე, რომლისაც გონების რეალურ დროში მუშაობის დროს საერთოდ აღარ სჯერა თვითონაც. (more…)

მეორე მე და მე

სავსე მთვარე კარგად ანათებდა ირგვლივ ყველაფერს. მის მაისურზე დატანილი ნახატის ფერების გარჩევაც კი შეიძლებოდა, რის ნაკლებობასაც აშკარად არ განიცდიდა ეს ნაჭერი…
გაჩერდა. მოწყვეტით მოეშვა მუხლებში და იქვე გრილ ბალახზე მიჯდა. გონებამ რეალური უკუაგდო და ერთი წლით უკან გადაახვია მიმოფანტული კადრები.
აი, დგას ქუჩის კუთხეში, გვიანია. თითებს შორის ატრიალებს სიგერეტის ღერს და ცალი ფეხით მიყუდებულა ხეზე, ღამის სუსხს არ იმჩნევს. ადამიანი დალანდა ცუდად განათებული ლამპიონების შუქზე. თანდათან უახლოვდებოდა ძლივს შესამჩნევი ბარბაცით ახალგაზრდა. საკმაო მანძილზე მოახლოვებული შეძლო დაეთვალიერებინა. თავისუფალ სტილში ჩაცმულს, პერანგი ქამრის ზემოდან გადმოეფინა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ტუჩების კუთხეში მოქცეულ სიგარეტს მშვიდად, თუმცა ხარბად ექაჩებოდა. ოდნავ გაღიმებული სახე წამოწითლებული ჰქონდა და თვალები საოცრად უბრწყინავდა. ხო, ასეთი ამოიცნო საკუთარი თავი! შეხვედრას არ ელოდა, მოუსვენრობა დაეტყო. ხეზე მიყუდებული ფეხი ძირს დაუშვა და დატანჯული სიგარეტის ღერი მოუკიდებლად პირში გაიქანა. (more…)

%d bloggers like this: