ერთი დღე და ზოგადი პრობლემა

გუშინ მე და გოგამ გადავწყვიტეთ ლისის ტბა დაგვეპყრო ველოსიპედებით. ჩვენდა გასაკვირად, საკმაოდ სწრაფად ავედით, ამიტომ მოვიფიქრეთ ნახევრად გაყვანილ გზაზე ერთი წრე შემოგვევლო ტბისთვის. რამდენიმე რუჯზე მონადირეც შევნიშნეთ ნაპირზე. კინაღამ დამავიწყდა, გოგა ჩემი ძმაკაცია და ველოსიპედის საბურავების მტერი. ისევ პლაჟზე რომ დავბრუნდით, ე.წ. ,,მწვანე ზონას” შევუყევით, მაგრამ წვერში ასვლისას იმედები გაგვიცრუვდა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშენებარე ახალი საინფორმაციო ცენტრის თავზე ვიმყოფებოდით. შემდეგი გორაკი გაცილებით დამღლელი და მაღალი გამოჩნდა, ოღონდ ისევ იმედგაცრუება – ხედი იყო ნოლი. სხვა გზა არ იყო, შევუყევით მთას, რომელიც ვაშლიჯვარს გადაჰყურებდა, მაგრამ ჩასასვლელი არ ჰქონდა. (more…)

Advertisements

დავიწყება

მთებისკენ მიმავალ ბილიკს,
მზე ჩუქნის სხივებს ნედლს,
ხედი თვალებით მიგაბავს,
ცხოვრებას გახდის ნელს;

თეთრად მოსილი მწვერვალი
ამაყად გიგდებს ყურს,
რბოლოთ დაღლილი მწევარი
ძლივსღა იჩერებს გულს.

მუქი კონდახი კისერთან
ქამარზე ტოლჩა წყლის
მაღლა შეტოპა ისედაც,
 ამ მონადირემ წლის.

არ უფრთხის დიად არწივებს,
რახან ფეხით დგას ძირს.
კლდოვანებს ისე აწივლებს
ჯიხვებს არ აცლის ფიქრს.

მზე მერამდენედ გორდება,
დროს ვეღარ ზომავს თვლით,
გონებას ნელა შორდება,
იმ ქალის სახე თვით.

ყოველ დღე უფრო ბუნდოვნად
იხსენებს ჩალას, ტყეს,
მის სიცილს, ვნებას უპოვარს,
ღიმილით ხვდება დღეს.

იცის რისთვისაც მიიწევს,
მწვერვალის იქით მზე,
სულით მიჰყვება იმ ბიჭებს,
 აქ რომ ეძებდნენ გზებს… 

იპოვის თავისუფლებას,
გონებას მოხსნის შიშს;
შენი დანახვის წუთებმა,
ის დაამსგავსა გიჟს.

მიხედე აჩრდილს მაგისას,
მთიდან რომ დაგრჩა ხელთ.
ბედმა გრძნობები გვაღირსა,
გულს ნუღარ გავხდით ხმელს!

ოთხიათასიანები

წამოსულა გავარვარებული სფერო, წამოსულა და იმდენი უვლია სანამ კლდოვან სიმაღლეს არ აჯობა ცისკენ გაფრენაში. აჯობა და მისი სხივებიც საამო მალამოსავით მომეხვია სახეზე, გამაყუჩა წამით და მომეალერსა…
შვიდს წუთები აკლდა, მაგრად რომ გავიზმორე და ბუნებრივად გაღვიძებული სახე მზეს მივუშვირე. გარშემო ყვითელი და ნარინჯისფერი გამმა ყვაოდა მთელი ძალით. თავს ოთხიათასიანები წამომდგომოდნენ და ღიმილით მეფერებოდნენ მძინარეს ალბათ. პირველ სხივებს მინდობოდნენ დახრამული ფერდობებით და დუმილს მისცემოდნენ მთელი არსებით. ალბათ ცოტა მეტი სიჩუმე რომ ყოფილიყო მზის გორაობის ხმას გავიგონებდი ცის კამარაზე. მთის პატარა თუმცა ველური მდინარე უხვად მჩუქნის სიფხიზლეს და კარავში დაბრუნებული ფეხის თითებამდე ვსუნთქავ სიცოცხლით.
ახლა უკვე შორს ვარ, ზღვის დონიდან, საკუთარი ქვეყნიდან, შენგან… ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ისევე წაიშალა, როგორც იმ ზაფხულს დახაზული ქვიშიან პლაჟზე. აღარც მტკივა. სახელდახელოდ ვადუღებ დიდ ფინჯან ჩაის და კარავში ვბრუნდები… (more…)

ტიბეტი

იქ სიგრილეს აფთიაქის ზომა აქვს, 
მზის სხივები ყველას ყოფნის თანაბრად,
ყველა დიდი სიყვარულის მონაა,
და სიკეთე უდევთ გულში ანაბრად.

სხვისი ჭორი მიაჩნიათ სირცხვილად,
ქურდობა და შური არად არგიათ,
ჩხუბს და დავას იქ ვერასდროს იხილავთ,
ყველაფერი რაც იქ ხდება კარგია.

ყველას უყვარს სიყვარული, არ მალავს,
რომ ამ ქვეყნად ჰუმანიზმი მადლია!
ანგელოზებს უმაგრებენ ამალას,
და სიმშვიდის წყაროები მათია.

კლდეთა ჩრდილში აგებული ტაძრები,
მზის ამოსვლას თავის დახრით ხვდებიან.
ასე მაღლა მხოლოდ რწმენით აძვრები,
იქ ბოროტი აზრებიც კი კვდებიან.

ჩუმი, მშვიდი, უდრტვინველი ცხოვრება,
მთვარის შუქზე საუბარი შენთან…
ამათ დარჩეთ მთელი ჩვენი ქონება,
მინდა მხოლოდ ,,ჩემი გოგო” გერქვას.

მინდა მხოლოდ ერთი რამე მებადოს;
იქ, ღრუბელზე მაღლა, ჩემი გრძნობა!
გრძნობა, რაშიც გავახვევდი მე ამბორს,
დავიწყებდი მარტო შენით ტკბობას.

,,ჩანთიანი ბებოები” გვიტევენ!!!

შარშან ბეშუმში დასვენების ბედნიერება მერგო წილად! სულ რამოდენიმე დღე დავყავი ამ ზღვასა ზედა 2000 მეტრით შემაღლებულ წალკოტში,  მაგრამ ნამდვილი რელაქსაციის განცდა მაინც მოვასწარი. ნუ მთა რომ მთაა და ძაან მაგარია ყველას მოგეხსენებათ, ამიტომ ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამაზე. პატარა შემთხვევა გამახსენდა ეხლა,  ერთ-ერთ შუადღეს როცა მზემ საკმაოდ დააჭირა ტყეში დავიძარით რომელიც დიდ პარკს ჰგავდა თავისი დიდრონი ხშირი ნაძვებით! მზის სხივები აქა-იქ ატანდა, საოცარი სიგრილე და სიჩუმე სუფევდა, რომლის დარღვევას არც არავინ ცდილობდა. ხალხს მოხერხებული ადგილები შეერჩია და ზოგი წიგნს კითხულობდა, ზოგი კარტს თამაშობდა ან სულაც ისე იჯდა და ტკბებოდა. ჩვენც ასე ჩამოვსხედით ერთი ხის ძირას, ბათუმიდან წამოღებული თუთუნი გავახვიეთ და ბუნებას შევერწყეთ… (more…)

%d bloggers like this: