ოთხიათასიანები

წამოსულა გავარვარებული სფერო, წამოსულა და იმდენი უვლია სანამ კლდოვან სიმაღლეს არ აჯობა ცისკენ გაფრენაში. აჯობა და მისი სხივებიც საამო მალამოსავით მომეხვია სახეზე, გამაყუჩა წამით და მომეალერსა…
შვიდს წუთები აკლდა, მაგრად რომ გავიზმორე და ბუნებრივად გაღვიძებული სახე მზეს მივუშვირე. გარშემო ყვითელი და ნარინჯისფერი გამმა ყვაოდა მთელი ძალით. თავს ოთხიათასიანები წამომდგომოდნენ და ღიმილით მეფერებოდნენ მძინარეს ალბათ. პირველ სხივებს მინდობოდნენ დახრამული ფერდობებით და დუმილს მისცემოდნენ მთელი არსებით. ალბათ ცოტა მეტი სიჩუმე რომ ყოფილიყო მზის გორაობის ხმას გავიგონებდი ცის კამარაზე. მთის პატარა თუმცა ველური მდინარე უხვად მჩუქნის სიფხიზლეს და კარავში დაბრუნებული ფეხის თითებამდე ვსუნთქავ სიცოცხლით.
ახლა უკვე შორს ვარ, ზღვის დონიდან, საკუთარი ქვეყნიდან, შენგან… ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ისევე წაიშალა, როგორც იმ ზაფხულს დახაზული ქვიშიან პლაჟზე. აღარც მტკივა. სახელდახელოდ ვადუღებ დიდ ფინჯან ჩაის და კარავში ვბრუნდები… (more…)

Advertisements

თბილისი

გომელაურმა მომაყარა მასზე რითმები,
და მე უკეთესს ვეღარ ვიტყვი, არც მინდა გულით,
სულ აღარა მაქვს თავზე ნაღდად მაგდენი თმები,
ამ ქალაქის სტრესს რომ გავუძლო, არ მოვკვდე სულით.

ამდენი ჭუჭყი, უვიცობა ამოდის ყელში,
მეტასტაზები არ ჩერდება, ეკვრის გალავანს,
გამოღვიძებულს დილით მხვდება ნიჩაბი ხელში,
მაგრამ ამითი მე ვერ ვებრძვი ამდენ განავალს.

მწვანე სიბლანტე ნელა-ნელა მიმათრევს ქვემოთ,
არსაიდან შველა, მარტოდმარტო მხედავს ცერბერი,
ახლა გავიგებ ალბათ ძველი ბძოლების გემოს,
ფრთებს ზედ შევამსხვრევ და მოვკვდები როგორც ჩემები…

უცხო თვალისგან დამალული გავქრები, მაგრამ
ამ ქალაქის სუნს არ შევიგრძნობ მაინც გონებით,
ჯამლეტასა და ჯონდოს გვერდზე იდექით მარად ,
მე უარმყავით, მოიქეცით როგორც მონები.

მუხლებზე მიდევს ,,ჩაძირული ქალაქის ღამე,’’ 
ის ღამე რომლის დაბრუნება არ გვსურს არავის,
პირიქით თუა, მაშინ ხალხო, მითხარით რამე!
ხომ ხედავთ ცალკე ბრძოლის ძალა ჩვენში არ არის.

რა მოხდა ერთად რომ დავუდგეთ ქალაქს საშველად,
ის დავუბრუნოთ რაც ეკუთვნის დაბადებიდან,
მხოლოდ გაგება, სიყვარული გვინდა საშენად, 
პარაზიტები თავისითვე გადადგებიან.

მერე გავივლით სასეირნოდ ისევ ქუჩებში,
დაგვეხვევიან ცისარტყელის ფერად მუზები,
ნაღდი თბილისის ეშხს ვაკოცებთ გრძნობით ტუჩებში,
მეობის კარტად გვეყოლება მხოლოდ ტუზები.

მთელი ეს თემა ისევ რჩება ოცნებად, ბრძოლად…
უფლის შვილების გვეკარგება ყოველი ნაკვთი,
ეს რეალობა არ აფეთებს ჩვენ გულში ძრწოლას, 
რაღაც გვჭირდება ასანთებად, მაგვარი ნავთის.

ამ ნავთს ოდესმე ნაპერწკალი მაინც მიუვა, 
უბრალოდ უნდა გავახილოთ ფართოდ თვალები, 
შერონზე მეტად დავაფასოთ ბებო გიულა,
და მის მაგივრად ჩვენს სინდისთან გვქონდეს ვალები.

! ! !

ძალიან მშვიდად გამეღვიძა. აი, ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე გარედან, ვიწექი მძინარე და უბრალოდ თვალები გავახილე ნელა. არც გავნძრეულვარ, ისევე წყნარად გადმოვიტანე ფიქრი სიზმრიდან ცხადში და განვაგრძე… სიზმარი კი დიდად არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, მაგრამ რაღაც იყო მასში ისეთი, რამაც იქვე დამაფიქრა და მერე აგერ ეხლაც არ მასვენებს…
ვისაც ალკოჰოლთან ნორმალური დამოკიდებულება გააჩნია, ეცოდინება რა არის მთვრალი კაცის სიარული, ყოველგვარი წესის გარეშე რომ გაქანებს აქეთ-იქეთ. კიდევ უფრო საოცარია ეს მომენტი სიზმაში, ცოტა ფანტაზიასაც თუ შეურევ საინტერესო რამე გამოდის. მეტი უწონადობა და მოძრაობების უმართაობა… მგონი ძალიან გავერთე! მოკლედ, დამესიზმრა, რომ ელბაქიძის დაღმართს მოვუყვებოდი მთვრალი. მსუბუქი, გაქცეული ნაბიჯებით. გზის ყოველი წამით ვტკბებოდი და როცა ვისკის ზედმეტმა დოზამ მარცხნივ პატარა სკვერისკენ მიბიძგა, შევყევი მას და მძიმედ დავეშვი ქვის სკამზე. ,,მგონი მარტო ამ სკვერშიღა დარჩა თბილისში ასეთი სკამები’’” – გავიფიქრე და გავახილე თვალები…
რამდენიმე წლის წინ გეგა თვაურიც ამ სკამზე იჯდა და კარგად დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევად, მისი ტანიც ქანაობდა წითელი ღვინის მადლიანი ხასიათის გამო. პალტოს აკეცილი საყელო ლამის ბეჭებზე გადაეგდო, ღილები შეეხსნა და არანაირი მიმიკით არ იმჩნევდა სუსხიან თოვლნარევ ქარს, რომელიც პირდაპირ სახეში ურტყამდა გამწარებულად. პრინციპში ვერც სხვა მიმიკების თვალერებით იჯერებდით გულს, თითქოს გაყინულაო ისე მიმკვდარიყო უსიცოცხლო სკვერის გარემოს. ვინ იცის რა ფიქრები უტრიალებდა იმ წამს თავში. შეიძლება სწორედ ლუკაზე ფიქრობდა… (more…)

გად-არეული ფიქრები


გუშინ წვიმდა… ყველა ნახავდით რა უმოწყალოდ ასველებდა დედამიწას ცა. მეც ვნახე, დავეყუდე ფანჯრის რაფასთან და ვუყურე დიდხანს. სასიამოვნოდ ციოდა გარეთ, საპირისპიროდ იმ სიმყუდროვისა სადაც მე ვიდექი. ვიდექი და გრძნობებში გახლართული ვიხსენებდი წვრილ-წვრილ ნიუანსებს. არც ისე ადვილი ყოფილა წარსულზე ფიქრი, თუნდაც იმ ფორმაში, რომ რაღაც მომენტში სხვაგვარად მოვიქცეოდი. ეს შეცდომის ფაქტიც ცუდად აისახება ისედაც გაძვალტყავებულ გონებაზე. პლიუსების და მინისების დათვლას ვიწყებ და უსასრულობაში ვვარდები საიდანაც დასაწყისი აღარ ჩანს და შესაბამისად მეც ვირევი. ასეთი ,,არევების” ერთობლიობით არეული მივჩერებოდი გუშინ ფანჯარას, რომლის მინის იქით, წვიმა დაუნანებლად რეცხავდა ასფალტს.  (more…)

დიდი დათვის თანავარსკვლავედი

ისევ დაღამდა… ისევ ისეთი მშვიდი სიბნელე იყო, როგორც წინა დღით. ოღონდ დღეს უკვე აღარ წვიმდა და ცაზე იმდენივე ვარსკვლავი იყო, რამდენიც ჩვეულებრივ არის ხოლმე აქ. ისევ ისე ვიდექი ჩემი სახლის წინ და ისევ ისე ვხედავდი პლანეტა ვენერას ეკლესიის ორ გუმბათს შორის! ნელ-ნელა მოვაბრუნე მზერა მარცხნივ და ბავშვობის წლებიდან გავიხსენე ,,დიდი დათვის თანავარსკვლავედი’’ უფრო მეტად შემოვბრუნდი და ჩემი ,,ფერადი ვარსკვლავიც’’ იქ იყო-მარსი!
-ასეთ ცას თბილისში ვერასოდეს ნახავ! – ამოვიოხრე.
-ცას დაეძებ ბიჭო?- მარიმ ვერ გამიგო.
-შენ რა გიჭირს, სულ მას უყურებ და რა გენაღვლება, მე კი…
-კაი რაა, სულ არ ვუყურებ მე, სად გამექცევა?- იცინის…
-ეჰ მარი, მარი! – გვერდზე ვუჯდები და გულში ვიხუტებ მარის.
მარი ჩემი მეგობარია. როგორ მახსოვს, რომ გავიცანი, ის დღე… ვიტყუები! აბა საიდან მემახსოვრება? მაგ დღეს მშობლებმა ორივე ერთ მანეჟში ჩაგვსვეს და მას მერე მოყოლებული ასე ვეხუტებით ერთმანეთს მთელი ცხოვრება! (more…)

ბრძოლა გონებასთან

რადგან ჩემი დაღრძუებული სხეული, აგერ უკვე ხუთი თვეა არსად გადამითრევია დიდ მანძილზე, გონება სასტიკ სიგნალს იძლევა ყოველმხრივ. ის ხომ მიუჩვეველია ასეთ რეალობას. მისი სამყარო სხვა იყო, მუდამ გზაში, მანქანით, ფეხით, ავტობუსით, დიდი შემადგენლობით ან მარტო. რა აზრი ჰქონდა?! მთავარია, რომ ეს ყველაფერი ერთად თუ არა, იმ დღეს სურვილი მაინც იყო სადმე წასვლის, გაპარვის, გაქცევის და გეგმაც მზად იყო ყოველთვის. თან ეს გეგმა მუდამ მარტივი, ის უბრალოდ არ არსებობდა. 🙂 წამში მიღებული გადაწყვეტილება და მე უკვე გზაში ვარ, მანძილისა და დროის მიუხედავად! ახლა კი წამპალი რეალობა! სარკეში ჯოხიან, წუწუნა პენსიონერს ვხედავ, რომელსაც სახლიდან გასვლაც კი არ უნდა ზედმეტად. ქალქგარეთ წასვლაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არაა. ბოლოს დეკემბერში ვცდილობდი დამემტკიცებინა ჯიუტი გონებისთვის, რომ ეს შემიძლია. პრინციპში სხვა გამოსავალი არც მქონია, სოფელში ხომ არ დავრჩებოდი… ასე რომ მშვიდად ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსში და საათნახევრიანი გზა, რომელიც აქამდე მართლა ათასჯერ მაქვს გავლილი და დღეში რამდენჯერმეც კი, ყველაზე დამღლელი და საშინელი იყო მთელ ჩემს მგზავრობებს შორის! ეს იყო და ეს, მას შემდეგ აღარ მიცდია!
(more…)

,,არასასიამოვნო ანალიზის” სასიამოვნო გაგრძელება…

გაგვაგებინეო და მეც გაგებინებთ… 🙂
გუშინ საღამოს უკვე სოლიდარობა მქონდა გამოცხადებული რუხი ღრუბლისა და უხასიათობისთვის, რადგან პარასკევი ღამდებოდა და ჩემი იმედებიც თან მიჰქონდა სამსახურის თაობაზე. ასევე ასრულება ეწერა ჩემს ვარაუდებს ამ რამოდენიმე დღის წინანდელ ტესტირებაზე და მის მნიშვნელობაზე.
აზრად არ მომსვლია, რომ შრომისმოყვარე ხალხის გარდა კიდევ არსებობს უფრო შრომისმოყვარე ხალხიც, რომელიც შაბათობითაც ეწევა ჯაპანს საერთო კეთილდღეობისათვის და დღეს ჩემი გაცნობა განიზრახეს გასაუბრების მეშვეობით! ამბავი ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა სასიამოვნო მოულოდნელობებს რა ჯობია?! მოკლედ გასაუბრებამ ,,X” კომპანიაში წარმატებით ჩაიარა და რატომღაც დამღლელი უაზრო კითხვების ნაკლებობა იყო რაც საკამოდ დადებითად აისახა ჩემს შემდგომ ხასიათზე… გადაწყვეტით არაფერი უთქვამთ, მოკლე სამუშაო დღის გამო და ორშაბათს შემდეგი ეტაპი დამინიშნეს. გაკითხვით ვიცი, რომ თეორიულად აყვანილი ვარ და ამას მხოლოდ გაფორმებაღა უნდა. ასეა თუ ისე სახლში უაზროდ ჯდომას, ისევ მოძრაობა ჯობია და მით უმეტეს კაია როცა სამოძრაო გზის ფულსაც გამოიმუშავებ, ან ცოტა მეტს 🙂
მოლოცვებისგან თავი შეიკავეთ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ასე რომ მე მხოლოდ  თავს ვიმხნევებ ახლა ორშაბათისთვის!  იმედია ტუილად არ გამაპარსინეს ფაცხაფუცხით ისედაც ძლივს გახარებული წვერი :)))
გილოცავთ ყველას გული მიგრძნობდა რომ მოვიგებდით!!!!!!

%d bloggers like this: