და ტაკ პროსტო… :)

Fuck, რამდენი ხანია აღარაფერი დამიწერია, ამიტომაც ალბათ ეს პოსტიც რაღაც დიდი უაზრობა გამომივა მაგრამ არც იმიტომ ვწერ ახლა, რომ არიქა ოღონდ ახალი რამე ავტვირთოთქო. უბრალოდ მინდა რაღაცნაირად სადმე დავიცალო ბოლომდე.

საიდუმლოების გამხელას არ ვაპირებ და არც პიკანტური პირადული ამბების მოყოლას. რაც მსგავსი რამე მაწუხებდა კი გავანდე ვისაც საჭირო იყო და ღვთის წყალობით ასეთი ,,საჭირო” ადამიანები მუდამ იქ და მაშინ არიან, სადაც და როდესაც უნდა იყვნენ. რისთვისაც კიდევ ერთხელ და არანაირად ბოლოჯერ, მხოლოდ მადლიერებას გამოვხატავ.

რაღაც ,,რაზგონივით” მაქვს აღებული და თითქოს დოგმასავითაა, ძალების უკანასკნელ ნაპერწკლამდე უნდა ვირბინო, რომ მიწაზე სრულიად გათავისუფლებული  დავეცე და მერე სულიერად განწმენდილმა განვაგრძო ხეტიალი ქაოსურ ფიქრებსა და გრძნობებში ამ დამპალი, მაგრამ მაინც თბილი ქალაქის ძველი ქუჩებით რომ ისერება. (more…)

Advertisements

The fallen leaves


ადრინდელი, შეიძლება უფრო მეტი ხნისაც კი, სურათები სწრაფად აღდგა გონებაში და ქაოსური თანმიმდევრობით ეცვლებიან ერთმანეთს. უფრო გახუნებული, მოშავ-თეთრო ფერისა და უფოკუსოდ დარჩენილნი მხოლოდ შორეულ, ოდნავ შესამჩნევ გრძნობასავით რაღაცას მიტოვებდნენ. სამაგიეროდ არ მიტოვებდნენ ეჭვს, რომ ყველანი წარსულის იმ განყოფილებაში ჩავყარე საიდანაც უკან იშვიათად ბრუნდება ვინმე ან რამე…
ბოლო დღეებში შემოჩვეული სუსხიანი და ბოროტი ქარი ყოველგვარი მოწყალების გარეშე ხვეტავს ყვითელ ფოთლებს მიწიდან და ფეხებში მირტყამს. თითქოს უნდა მაგრძნობინოს, რომ არ ვდგავარ და მივდივარ სადღაც, რაღაცისთვის მაგრამ მივდივარ… ,,ისეთი ძლიერია, მანქანიდან რომ სახეს ვყოფდი ხოლმე ბავშვობაში ის არაფერია ამასთან’’ – ვფიქრობ უკვე საკმაოდ გათოშილი და მწვანე თბილისის გაყვითლებულ ნარჩენებს ფეხით ვურევ. ეს კი ისევ აიტაცებს და ზედ მაყრის. დამარხვა უნდა ჩემი და არ იცის რომ ერთ გორაკად მოგროვილს მაინც არავინ გააჩერებს ამდენ ფოთოლს. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, რომ მოვა ცეცხლს მისცემს, ან სულაც ბოროტად დაშლის და გააღავებს. ერთიანობის გვეშინია… (more…)

საღამო

ზამთრისპირული გამომშვიდების სითბო ისევ შერჩენოდა სასიამოვნოდ სუსხიან ჰაერს. მოვაბიჯებდი ძველებურად მარტო სინათლის ქალაქის ქუჩებში და ხარბად ვისრუტავდი წარსულის გრძნობებით გაჯღენთილ ჰაერს. ალბათ ადრე სიგარეტს გავუკიდებდი და მარჯვენა ხელზე შემცივდებოდა, მერე პაპიროსს ტუჩების კუთხეში მოვაქცევდი და ბოლო ნაფაზის შემდეგ კარგად დამუღამებული მანევრით გავიქნევდი შორს. ახლა აღარ ვეწევი, ბევრ სხვა რამესაც აღარ ვაკეთებ მაშინდელს. ბევრი რამე შეიცვალა და ბევრ ახალთან ერთად მიხარია, რომ ის ძველებური გრძნობები უბრალო გასეირნებამ დამიბრუნა ხალხისგან ცარიელ ქუჩებში. (more…)

თბილისი

გომელაურმა მომაყარა მასზე რითმები,
და მე უკეთესს ვეღარ ვიტყვი, არც მინდა გულით,
სულ აღარა მაქვს თავზე ნაღდად მაგდენი თმები,
ამ ქალაქის სტრესს რომ გავუძლო, არ მოვკვდე სულით.

ამდენი ჭუჭყი, უვიცობა ამოდის ყელში,
მეტასტაზები არ ჩერდება, ეკვრის გალავანს,
გამოღვიძებულს დილით მხვდება ნიჩაბი ხელში,
მაგრამ ამითი მე ვერ ვებრძვი ამდენ განავალს.

მწვანე სიბლანტე ნელა-ნელა მიმათრევს ქვემოთ,
არსაიდან შველა, მარტოდმარტო მხედავს ცერბერი,
ახლა გავიგებ ალბათ ძველი ბძოლების გემოს,
ფრთებს ზედ შევამსხვრევ და მოვკვდები როგორც ჩემები…

უცხო თვალისგან დამალული გავქრები, მაგრამ
ამ ქალაქის სუნს არ შევიგრძნობ მაინც გონებით,
ჯამლეტასა და ჯონდოს გვერდზე იდექით მარად ,
მე უარმყავით, მოიქეცით როგორც მონები.

მუხლებზე მიდევს ,,ჩაძირული ქალაქის ღამე,’’ 
ის ღამე რომლის დაბრუნება არ გვსურს არავის,
პირიქით თუა, მაშინ ხალხო, მითხარით რამე!
ხომ ხედავთ ცალკე ბრძოლის ძალა ჩვენში არ არის.

რა მოხდა ერთად რომ დავუდგეთ ქალაქს საშველად,
ის დავუბრუნოთ რაც ეკუთვნის დაბადებიდან,
მხოლოდ გაგება, სიყვარული გვინდა საშენად, 
პარაზიტები თავისითვე გადადგებიან.

მერე გავივლით სასეირნოდ ისევ ქუჩებში,
დაგვეხვევიან ცისარტყელის ფერად მუზები,
ნაღდი თბილისის ეშხს ვაკოცებთ გრძნობით ტუჩებში,
მეობის კარტად გვეყოლება მხოლოდ ტუზები.

მთელი ეს თემა ისევ რჩება ოცნებად, ბრძოლად…
უფლის შვილების გვეკარგება ყოველი ნაკვთი,
ეს რეალობა არ აფეთებს ჩვენ გულში ძრწოლას, 
რაღაც გვჭირდება ასანთებად, მაგვარი ნავთის.

ამ ნავთს ოდესმე ნაპერწკალი მაინც მიუვა, 
უბრალოდ უნდა გავახილოთ ფართოდ თვალები, 
შერონზე მეტად დავაფასოთ ბებო გიულა,
და მის მაგივრად ჩვენს სინდისთან გვქონდეს ვალები.

Viva სიხარული!

არა რაა, რაც არ უნდა ილაპარაკოს გოგი გვახარიამ, პრეზიდენტმა საოცრად დიდი სიხარული გვაჩუქა რიყის პარკის გახსნით. არ გჯერათ? იმდენად დიდი, რომ წეღან მოვკატაობდი რუსთაველზე და დებილივით ვიღრიჭებოდი ჩემდაუნებურად. ხალხიც, ზოგი ღიმილით მპასუხობდა,ზოგი კი შეჭმუხნული და ცხვირის გასწვრივ აწეული წარბებით იქნევდა თავს აქეთ-იქეთ. ჩემი ფსიქიკური თუ სულიერი მდგომარეობა რა თქვენი საქმეა ახლა თავზე რომ გახვევთ, ამიტომაც ისევ იმ სიხარულს მივუბრუნდეთ, რომელიც ალბათ ჩემი სახის ასეთი მიმიკების მიზეზი გახდა…  (more…)

%d bloggers like this: