ერთი წელი

დღეს დიდი დღეა! განსაკუთრებული… ალბათ არც ერთ თქვენგანს არ ახსოვს და არც უნდა ახსოვდეს, თუმცა ეს სწორედ ის დღეა… ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, 2010 წლის 30 ნოემბერს…
საერთოდ ხშირად ხდება ისე, რომ ყველაზე დიდი უბედურება და უსიამოვნება, მაშინ გვატყდება თავს, როცა ამას საერთოდ არ მოველით. ყოველთვის ცამოწმენდილზე დაემხობა ხოლმე ქვეყნიერება ძირს და ამოსუნთქვისაც კი გვეშინია, ისეთ ეფექტს იძლევა. შეიძლება რაღაც ცხოვრებისეულ კანონზომიერებასაც მივაწეროთ ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრიდან ცოტა უფრო სხვანაირადაც შეიძლება ამის დანახვა… წარმოიდგინეთ, რაღაც მცირე ნაწილით მაინც ფიქრებისა, წინასწარ გრძნობთ, რომ რაღაც შეიძლება ისე ვერ მოხდეს, მაშინ თუ ეს მოხდება, იგი ნამდვილად აღარ იქნება იმდენად შემაძრწუნებელი. იქნებ ყველაფერი საშინელი სულაც არაა საშინელი და მისი ხანდახან ,,აღმატებული’’ ხარისხი წინა წუთებისა და წამების განწყობიდან გამომდინარეობს? არსებობს მეორე ვარიანტიც… იქნებ ესა თუ ის მოვლენა მართლა იმდენად საშინელია, რომ მის ფონზე წინა მომენტი ცამოწმენდილად ჩანს?… ეს ალბათ ინდივიდუალური ხედვისა და გადაწყვეტის საქმეა და იმაზეა დამოკიდებული საერთოდ რამდენად სერიოზულად უყურებს ადამიანი ამ საკითხს. (more…)

თბილისი

გომელაურმა მომაყარა მასზე რითმები,
და მე უკეთესს ვეღარ ვიტყვი, არც მინდა გულით,
სულ აღარა მაქვს თავზე ნაღდად მაგდენი თმები,
ამ ქალაქის სტრესს რომ გავუძლო, არ მოვკვდე სულით.

ამდენი ჭუჭყი, უვიცობა ამოდის ყელში,
მეტასტაზები არ ჩერდება, ეკვრის გალავანს,
გამოღვიძებულს დილით მხვდება ნიჩაბი ხელში,
მაგრამ ამითი მე ვერ ვებრძვი ამდენ განავალს.

მწვანე სიბლანტე ნელა-ნელა მიმათრევს ქვემოთ,
არსაიდან შველა, მარტოდმარტო მხედავს ცერბერი,
ახლა გავიგებ ალბათ ძველი ბძოლების გემოს,
ფრთებს ზედ შევამსხვრევ და მოვკვდები როგორც ჩემები…

უცხო თვალისგან დამალული გავქრები, მაგრამ
ამ ქალაქის სუნს არ შევიგრძნობ მაინც გონებით,
ჯამლეტასა და ჯონდოს გვერდზე იდექით მარად ,
მე უარმყავით, მოიქეცით როგორც მონები.

მუხლებზე მიდევს ,,ჩაძირული ქალაქის ღამე,’’ 
ის ღამე რომლის დაბრუნება არ გვსურს არავის,
პირიქით თუა, მაშინ ხალხო, მითხარით რამე!
ხომ ხედავთ ცალკე ბრძოლის ძალა ჩვენში არ არის.

რა მოხდა ერთად რომ დავუდგეთ ქალაქს საშველად,
ის დავუბრუნოთ რაც ეკუთვნის დაბადებიდან,
მხოლოდ გაგება, სიყვარული გვინდა საშენად, 
პარაზიტები თავისითვე გადადგებიან.

მერე გავივლით სასეირნოდ ისევ ქუჩებში,
დაგვეხვევიან ცისარტყელის ფერად მუზები,
ნაღდი თბილისის ეშხს ვაკოცებთ გრძნობით ტუჩებში,
მეობის კარტად გვეყოლება მხოლოდ ტუზები.

მთელი ეს თემა ისევ რჩება ოცნებად, ბრძოლად…
უფლის შვილების გვეკარგება ყოველი ნაკვთი,
ეს რეალობა არ აფეთებს ჩვენ გულში ძრწოლას, 
რაღაც გვჭირდება ასანთებად, მაგვარი ნავთის.

ამ ნავთს ოდესმე ნაპერწკალი მაინც მიუვა, 
უბრალოდ უნდა გავახილოთ ფართოდ თვალები, 
შერონზე მეტად დავაფასოთ ბებო გიულა,
და მის მაგივრად ჩვენს სინდისთან გვქონდეს ვალები.

უაზროდ გრძელი პოსტი


ერთმანეთზე დაწყობილი ხელის მტევნები მაგიდის კიდეზე მოუთავსებია და ზედ შუბლით დაყრდნობია… კლავიატურა კუთხეშია მიხვეტილი უამრავი დაკუჭული სტიკერისა და თაბახის ფურცლის  ხროვასთან ერთად. უკვე ას წუთზე მეტია ახლომახლო მხოლოდ საათის ისარი მოძრაობს, დანარჩენი კი თითქოს სიკვდილს მიცემია. მხოლოდ ხანდახან, ღრმა, მაგრამ უძალო ამოოხვრა გაისისინებს დამძიმებულ ჰაერში, რომელსაც ჯერ კიდევ არ გასვლია ალკოჰოლის სუსტი სურნელი…
სწორედ ეს დღე იყო, ერთი წლის უკან… სწორედ ასე, სრულ სიჩუმეს მიცემული, ლუდით მსუბუქად შეზარხოშებული იჯდა სავარძელში და თავი მუხლებში ჩაერგო. მხოლოდ ფიქრს ეკუთვნოდა მისი გონება. წინ გრძელი მომქანცველი გზა ელოდა, ისეთი, რომელზეც ბევრჯერ დაფიქრებულა და ახლაც, ბოლოჯერ, კიდევ ერთხელ სწრაფად გადაამოწმა დეტალები.  პლიუს-მინუსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. უჭოჭმანოდ აიღო ჩანთა და სახლიდან გავიდა… ეს სწორი არჩევანი იყო. უამრავი ჩავარდნის გარდა, შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელი გამოვიდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა მაშინაც ნაკლები ეფიქრა და ფილოსოფიური აზრებისთვის ზურგი ექცია. (more…)

ბრძოლა გონებასთან

რადგან ჩემი დაღრძუებული სხეული, აგერ უკვე ხუთი თვეა არსად გადამითრევია დიდ მანძილზე, გონება სასტიკ სიგნალს იძლევა ყოველმხრივ. ის ხომ მიუჩვეველია ასეთ რეალობას. მისი სამყარო სხვა იყო, მუდამ გზაში, მანქანით, ფეხით, ავტობუსით, დიდი შემადგენლობით ან მარტო. რა აზრი ჰქონდა?! მთავარია, რომ ეს ყველაფერი ერთად თუ არა, იმ დღეს სურვილი მაინც იყო სადმე წასვლის, გაპარვის, გაქცევის და გეგმაც მზად იყო ყოველთვის. თან ეს გეგმა მუდამ მარტივი, ის უბრალოდ არ არსებობდა. 🙂 წამში მიღებული გადაწყვეტილება და მე უკვე გზაში ვარ, მანძილისა და დროის მიუხედავად! ახლა კი წამპალი რეალობა! სარკეში ჯოხიან, წუწუნა პენსიონერს ვხედავ, რომელსაც სახლიდან გასვლაც კი არ უნდა ზედმეტად. ქალქგარეთ წასვლაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არაა. ბოლოს დეკემბერში ვცდილობდი დამემტკიცებინა ჯიუტი გონებისთვის, რომ ეს შემიძლია. პრინციპში სხვა გამოსავალი არც მქონია, სოფელში ხომ არ დავრჩებოდი… ასე რომ მშვიდად ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსში და საათნახევრიანი გზა, რომელიც აქამდე მართლა ათასჯერ მაქვს გავლილი და დღეში რამდენჯერმეც კი, ყველაზე დამღლელი და საშინელი იყო მთელ ჩემს მგზავრობებს შორის! ეს იყო და ეს, მას შემდეგ აღარ მიცდია!
(more…)

%d bloggers like this: