წიგნის საერთაშორისო დღე ანუ არშემდგარი რეპორტაჟი

23 აპრილი სერვანტესისა და შექსპირის გარდაცვალების დღეა, თუმცა ამ უსიამოვნო ცნობების მიუხედავად ბიბლიოგრაფებისთვის ეს თარიღი მაინც მოლოდინის საბაბია. საქმე იმაშია, რომ ,,იუნესკო”-მ 1995 წლის სესიაზე ,,წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ” გამოაცხადა 23 აპრილი და რამდენიმე წელია ამ თარიღს ქართველი წიგნის მოყვარულებიც აღნიშნავენ.
თბილისის სხვადასხვა უბანში ,,მინი-ბაზრობები” მოეწყო, სადაც წიგნების შეძენა ჩვეულებრივთან შედარებით დაბალ ფასებშია შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ადგილი პუშკინის სკვერი გამოდგა. Read the full post »

ყველგან ხართ მოდებულები

როცა გულში, სადღაც რაღაც გიზგიზებს, ძნელია რაციონალურად მიუდგე ისეთ ფაქტებს, როგორიცაა მაგალითად ხელის ჩაკიდება, მიხუტება ან რამე მსგავსი პოზიტივის გამოხატულება. არაა აუცილებელი ეგრევე ვნებაზე და სიყვარულზე იფიქროთ, ამისთვის ნებისმიერი აღმაფრენის მომტანი მიზეზიც წავა.  თუნდაც კაი განწყობა ან ამინდი. თუმცა ახლა ამაზე არ გვინდა… 

,,რას გადათხლაშურხართ, აქ წამოსაწოლი ის კი არ არის?!”

სტოპ-კადრი:  მე – ბიჭი, თავი ჩემი მეგობრის, გოგოს, კალთაში მიდევს, ახლად გამწვანებული ტყის სუფთა ჰაერით ვტკბები და ჩვენს საყვარელ წიგნს ვუკითხავ. 

,,რა თაობა მოდის….”

,,გარყვნილებო….”

,,რა ოჯახში გაიზადეთ…..”

playback <<<<<<<<<<<<<<  ზემოთ ნახსენები რეპლიკები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, ქვეყანა აღმავლობის გზაზე დგას, ვითარდება ტურიზმი და ინდუსტრია, შესაბამისად:

,,აქ ტურისტები დადიან, დაჯდომა უნდათ და სად დაჯდნენ?! ნორმალურად დაჯექით ახლავე!!! და ყველაზე მკვლელი – ყველგან თქვენ ხართ მოდებულები!

ეგრევე ,,შეწყალების კვანტუმი” გამახსენდა, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ბოლო ინტერპრეტაცია, დენიელ ქრეგის მონაწილეობით. დასაწყისში ქალბატონ M-ს ზესაიდუმლო ქსელის შესახებ რომ ეუბნებიან იგივე სიტყვებს, ჩვენ ყველგან ვართო.

შეიძლება ჩვენ ყველგან არ ვართ, ახალგაზრდები, რომლებიც ზოგი კარგად, ზოგი ცუდად, კორეკტულად ან ზოგიც მართლა საზიზღრად გამოვხატავთ გრძნობებსა და ემოციებს, მაგრამ თქვენ… თქვენ მართლა ყველგან ხართ, ჩანთიანო ბებოებო! თან როგორც ვხედავ არ ხართ იქ, თქვენს ეპოქაში ჩარჩენილები, ადაპტაციასაც კი არხერხებთ და ასე თუ გააგრძელებთ ,,ევროპელობასაც” მიაღწევთ ალბათ! 

P.S. კინაღამ დამავიწყდა რომ დანაგვიანების თვალსაზრისით სრულიად არ ჩამოგვრჩებით და იმედია იმით არ იმართლებთ თავს რომ ურნამდე მისვლა გიჭირთ!

ბუტო

ეს ამბავი იმ ერთ-ერთ საღამოს დაიწყო, რომელსაც ჩემი გონება ბუნდოვნადღა ხატავს. ვინ იცის, იქნებ სულაც არ ყოფილა საღამო და მზე აცხუნებდა. თუმცა მაინც საღამო იყოს ჯობია, განწყობა მოაქვს თხრობის…
იმხანად თაზოსთან სახლში დავიწყე სიარული. ოფიციალურად ვძმაკაცობდით. ის, რომ მის ოჯახს პირადად ვიცნობდი და ხშირადაც ვხვდებოდი, სიამაყის მაგვარი გრძნობით მავსებდა. ყველას ჰქონია ეს მომენტი მეტ-ნაკლებად, ბავშვობას რომ ზემოდან უწყებ ყურებას, ან ცდილობ მაინც და მსგავსი, ,,დამოუკიდებელი” ადამიანის მომენტი ამაში საოცრად გეხმარება. მეც დაახლოებით ამ სიტუაციაში ვიყავი. თაზოს დაბადების დღეზე გაბედულად გავუწიე მეგზურობა კლასიდან დაპატიჟებულ საზოგადოებას და იტალიური ეზოს ბნელ სადარბაზოში საკუთარი სახლივით იოლად ვიპოვე იუბილარის კარი.
ის საღამო პირველი ოფიციალური ღონისძიება იყო ჩემ ცხოვრებაში, სადაც ოფიციალურად დავთვერი. თაზოს მამის გვერდით ვიჯექი და მესამე შემოთავაზებულ ჭიქაზე ჩემდა უნებურად ვთქვი უარი, რადგან სწორედ იმ მომენტში ნანა წამოდგა ბოდიშის მოხდით, – მეჩქარება, უნდა წავიდეო – და თითქოს დედამიწა ამოტრიალებას აპირებსო, ისე ჩაიჩეხა მაგიდასა და სკამებს შორის. სანამ მოასულიერებდნენ და ყავას მოუდუღებდნენ, მე მივხვდი, რომ აქამდე ბევრი არ მაკლდა და ჩუმად მივწიე ღვინის ჭიქა გვერდზე. ალკოჰოლი მაგრად მომეკიდა და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი სრულიად ფხიზელი კაცის სახე მქონოდა, მაინც ვხვდებოდი რომ სიტუაციას ბუნდოვნად აღვიქვამდი. სიტუაცია კი მთლიანობაში ბანალური იყო… სუფრას არავინ უყურებდა, არეულ-დარეულ მუსიკას არავინ აძლევდა მოსვენებას. ნაწილი ცდილობდა ეცეკვა, ნაწილი უფროს ბიძაშვილებთან ,,ბირჟაობდა” სიგარეტის მოწევის უფლება რომ მოეპოვებინათ. ამასობაში თაზოს დედამ ტორტი შემოიტანა, რომელიც ნანას აღარ შეხვდა და მეც ნანატრ ტკბილეულს მივადექი. ამ ალიაქოთში ორი გოგო შემოვიდა, თაზოს ბანალური მისალოცი სიტყვები მიაყარეს, რაღაც აჩუქეს კიდეც შეფუთული და გავინენ. თაზოს მეზობლები ყოფილან, როგორც მერე გავიგე. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა როცა სამიოდე დღის მერე ერთ-ერთმა მათგანმა მისაყვედურა, რომ დიდი მონდომებით ვაცლიდი დაბადების დღეზე მის მორთულ ტორტს ბეზეს, მივხვდი – საკმაოდ გამოვუკვლევივარ. Read the full post »

ONE YEAR

საქმიანი ადამიანი და სწერვა ერთია? ჰგავს მაინც, ხო? სულ ოდნავ…? ვისთვის როგორ ალბათ… მე თავი საქმიანი მგონია და სულ მივივიწყე აქაურობა. ახლა შემთხვევით ვიქექებოდი დაობებულ dashboard-ში და ასევე შემთხვევით შევამჩნიე, რომ პირველი პოსტი ზუსტად ერთი წლის წინ, 2011-ის 6 მარტს დამიწერია. გადავიკითხე და დაახლოვებით ისეთივე გრძნობა გამიჩნდა მისდამი, რაც შიგ იკითხება უშუქობაზე და ა.შ.
არამგონია საინტერესო იყოს იმის მოყოლა დავიწყო როგორ, რატომ და რანაირად აღმოვჩნდი აქ. პრეტენზია სოც. მედიის წარმომადგენლობაზე არც არასოდეს მქონია და თუ რამეს საერთოდ მივაღწიე ამ ნაჯღაბნების ხროვის სახით, რამოდენიმე ადამიანის დამსახურებაა. თავმდაბლობა ხანდახან = რეალობას, და ეხლა სწორედ ეს შემთხვევაა. არ ვთვლი რომ ამ 116 პოსტით, რაც ამ ერთ წელიწადში დავახვავე, ვინმეს განსაკუთრებულად შევმატე რამე. ნუ თუ არ ჩავთვლით საკუთარ თავს… Read the full post »

მზე

ერთ-ერთი საყვარელი ქავერი ზაფხულის მზის პირველი სხივებივით ეალერსება სხეულს… სასიამოვნოზე უფრო სასიამოვნოდ ამშვიდებს სულს და მხოლოდ ფიქრის ერთ არხს ტოვებს კოსმოსთან სასაუბროდ…
მთელი ეს სიცივე ჯიუტად იჭრება ძვლებამდე და ტკივილის ნაირსახეობებს მჩუქნის ისედაც დამანჭულს. ვცდილობ გავფრინდე და არ გამომდის. თუმცა ხანდახან კი მოვწყდები და პირდაპირ მზისკენ მივეშურები. ბოლო დროს ამ მარშრუტს ძალიან დავეჩვიე. რამოდენიმე შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ალბათ უფრო მომეჩვენა ფრენით დაღლილს, ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე მას. მხოლოდ გარკვეულ უსუსურ მანძილს ვფარავ და ყოველ ჯერზე ფრთებდამწვარი ვეცემი ძირს. ალბათ ადრე არც კი ვეცდებოდი, თუმცა რა აზრი აქვს… მთავარია რომ ახლა მინდა და ყოველი ვარდნის მერე უფრო და უფრო დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ვცდი. არ გეგონოთ მაზოხიზმისკენ მქონდეს მიდრეკილება… სიამოვნებას ადგომა მანიჭებს და არა ვარდნა. Read the full post »

ახალი არჩევანი

ეიფორია მორჩა… არც იმ ასაკში ვარ დიდხანს გაგრძელებულიყო. წამით მოვარდნილი აღტაცება ისევე დაიშრიტა, როგორც გამომხმარ ქვიშაზე დასხმული ერთი ჭიქა წყალი. წამოვწექი საყვარელ ტახტზე და რამდენადაც შემეძლო იდუმალი მზერა მივაპყარი ჭერს. არაფერი გამოვიდა, ამ უნამუსო, ცალ ფერად შეღებილმა ზედა მეზობლის იატაკის უკანალმა ერთი სიტყვაც არ გადმომიგდო. არადა როგორ ძალიან მჭირდება ახლა რჩევა… რჩევაც კი არა, რამე ისეთი… დანამდვილებით ნათქვამი, წმინდა წყლისააო, რომ იტყვიან, ზედმეტი ყოყმანისა და გადამოწმების გარეშე რომ მივყვებოდი. ვიცი რომ ყველამ ვიცით, ვიცი… დარწმუნებული ვერაფერში იქნები, ცხოვრება რთულია, მედალი… ბლა… ბლა… ბლა… Read the full post »

რომ მწვანდება, იფოთლება,

ტოტებს არხევს ქარი,

ნელი სითბო იფოფრება,

ჩუმად იხდის ქალი…

ძალთა თეთრთა დაგროვებას,

მკერდით ვიწყებ, ვხვდები

ამ ლოდების აგორებას

ჯანი უნდა, ხვდები?

პირველ წვიმას შევაგებებ

გაფითრებულ სახეს,

ნებას მივცემ მღელვარებას,

დაგიძახებ სახელს…

მაშინ მოხვალ, უთბილესო,

გამეხსნება მუჭი,

თითქოს ნაზად უკბინესო,

დაწითლებულ ტუჩით

შემეხები, როგორც მაშინ

ფიფქებიან ღამეს,

და ეს თრთოლვა მთლიან ტანში

მოგიყვება რამეს…

რამეს, სულზე… სიყვარულზე…

როგორ კვდება ვარდი,

იმ მხურვალე ღამის გულზე,

მე რომ შემიყვარდი… 

მამათა და შვილთა

მინდა მჯეროდეს, ნებისმიერი ცრუ რწმენა და მისი გამოხტომები მხოლოდ ჩვენივე მოფიქრებული ილუზიაა და მეტი არაფერი! თამამი ნათქვამი გამომივიდა, ვერაფერს იტყვი… მინდა კი?! არ ვიცი.
ვიცი, რომ იყო დრო, როდესაც მომავალს დღევანდელი სახით ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი… ათასგავრი მიზეზის გამო ახლა ეს ასეა და ყველაფერი ის, რამაც დღევანდელობას ხელი შეუწყო განვითარებაში თითქოს წარსულშიც დარჩა, თუმცა… თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეცდომა შეძლებისდაგვარად გადახარშულ-გააზრებულია და მისი მეორედ დაშვება სრული იდიოტიზმის ტოლფასია, მაინც წამოყოფს ხოლმე რამოდენიმე თავს და სულ თუ არაფერი, გულის რევის მაგვარ შეგრძნებას ტოვებს სადღაც შიგნით… Read the full post »

ჩემი უსაქმურობა

ხო მჭირდება აშკარად! მოხედვა თუ მიხედვა… ორივე მჭირდება.

გავზარმაცდი ამ ბოლო დროს და სხვის პახმელიითა და ღორის ხორცის მონელებით სავსე საახალწლო დღეებს თუ ირონიით ვუყურებ, არც მე ვარ ნაკლები. უსაქმურობის პიკს მიღწეულს უკვე ნელ-ნელა საკუთარი თავი მბეზრდება. ,,დილით’’ 12 საათზე ადგომებმა იმატა და ასე თუ ისე შეკოწიწებული სისტემა მთლიანად სადღაც გაქრა, რომელიც ჩემთვის სასარგებლო და საინტერესო საქმიანობების გარკვეულწილად გაწერილ სქემას წარმოადგენდა. ყველაზე მთავარი ის იყო რომ ამ საქმიანობების უმეტესობას შეძლებისდაგვარად ვასრულებდი და შედეგით არც მთლად უკმაყფილო ვიყავი ახლა კი უბრალოდ არაფერს ვაკეთებ. Read the full post »

ჩემი ახალი

როგორც ქუხს ისე არ ელავს თუ პირიქით… აღარ მახსოვს. ან სად მაქვს მაგის თავი? არა, მთვრალი არ ვარ ორიგინალური მშრალი კანონის წყალობით, არც პახმელია მაწუხებს. უბრალოდ ამ საახალწლო ორომტრიალში თითქოს ყველა გაგიჟებულა და მეც მათთან ერთად. არავის სცალია ჩვეული და არა ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის. ყველა გულმოდგინედ ცდილობს გამოიყენოს ეს პერიოდი და ახალი წლის დღეები საკუთარი ბედნიერების პიკად აქციოს. დიდი ხანია თოვლის ბაბუის ზუსტი ვინაობა მაქვს დადგენილი და დიდი ხანია მისი სამსახურიც შევითავსე საკუთარი თავისთვის. წერილებში და მელანში ფული და ენერგია მეზოგება, საკუთარ თავს მილიონნაირ საჩუქარს ვუკვეთავ დღეღამის ნებისმიერ დროს და საკუთარი თავითვე ვფიქრობ როგორ მივართვა იგი საკუთარ თავს. Read the full post »

%d bloggers like this: