რა მინდა და რა არა

Imageრატომღაც აქ ვარ… გადავხედე, გადმოვხედე მიგდებულ გარემოს და აღმოვაჩინე რომ ზუსტად ერთი წლის წინ ეს პოსტი დამიწერია, მას შემდეგ კი მხოლოდ ორი. რისი ბრალია ზუსტად ალბათ არ ვიცი…

არ მინდა გარკვევა

მინდა სხვანაირი დღეები დადგეს, რამდენიმე მაინც

არ მინდა ისე გადავიღალო, საქმიანობა შემძულდეს

მინდა შენი დასვენებული თვალები დავინახო და მეც დავისვენო

არ მინდა პოლიტიკა ასე ღრმად მერჭობოდეს ცხოვრებაში

მინდა უფრო მეტად შემეძლოს ჩემ საქმეზე კონცენტრირება

არ მინდა დავკარგო წარსული, რომელიც თვითონ მკარგავს რაღაცნაირად

მინდა გავარკვიო, რაც წეღან არ მინდოდა რატომ ხდება ასე

არ მინდა უმოქმედობაში დავდო ბრალი საკუთარ თავს

მინდა იმედები გავამართლო

არ მინდა ხალხს ვიღაცის იმედი ჰქონდეს ისევ

მინდა პლეხანოვზე ქართველებს მეტად გაესვლებოდეთ, როგორც ადრე

არ მინდა რაღაცო-ფობი გავხდე

მინდა ყველა მეგობართან ერთად დავლიო 

არ მინდა ვინმე გამორჩეს

მინდა ცოტა ხნით მაინც ყველა აქ იყოს და არ მენატრებოდნენ

არ მინდა სიტუაცია იქ ჯობდეს აქაურობას

მინდა ბოლო-ბოლო დაიცალოს ეს სამელი და დავიძინო

არ მინდა შენს გარდა სხვა დამესიზმროს

მინდა ჩვენ…

არ მინდა სხვა რამე გარდა, ჩვენ-ისა…

 

Advertisements

ისევ :)

:)რამდენი ხანია აქ არ შემოვპარულვარ 😛

გითხარი რომ მიყვარხარ? კიდე გეტყვი…

ბედნიერი ვარ რომ არსებობ და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ რომ ჩემთან ხარ. 

იცი, ხანდახან გატყუებ ხოლმე. ბევრს არა, ცოტას. გატყუებ რომ მძინავს და ველოდები როგორ ჩამეხუტები მძინარეს… შენ ისე თბილად მეხუტები ხოლმე… ამ დროს არ ვიცი სად დავატიო ემოცია და ტირილი მინდება… როგორ მიყვარს შენი ჩახუტება… ხანდახან ბავშვურად რომ მომეხუტები და ხანდახან თვითონ მიმიხუტებ, თითქოს მე ვიყო ბავშვი…

ბავშვი… (ხო, კაი ჩუმად ვარ, მერე გეტყვი :P)

მინდა იმაზე მეტად შემეძლოს სიყვარულის გამოხატვა, ვიდრე გამოვხატავ. მინდა შემეძლოს აგიხსნა რას ვგრძნობ, როცა გიყურებ, როცა შენს სახეზე ვკითხულობ რომ ძვირფასი ვარ შენთვის.

მიყვარხარ…

თქვენ!!!

აწი ყოველთვის, როცა დაიწყებთ თქვენი მოქმედების 50%-ს, დაფიქრდით ან მხოლოდ მარტივად იკითხეთ თქვენთვის რამდენად გულით აკეთებთ ამას? იქნებ გაგიმართლოთ და  ოდესმე მიხვდეთ, რომ დიდ და რა რაც მთავარია, საზიზღარ შეცდომას უშვებდით. მერე შეგიძლიათ დააბარალოთ ყველას, მეგობრებს, რომლებიც არ მიგითითებდნენ ნაკლზე, გამოცდილების არასაკმირისობას ან კიდევ უამრავ რამეს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. 50% ვახსენე, რადგან იმედი მაქვს და ვხედავ, რომ ასეთები სულაც არ ხართ და ხართ მხოლოდ მაშინ, როცა ერთად ხართ, რადგან წესები….
201724_507703022577927_383721262_o

(more…)

დაუსრულებლად მიყვარხარ!

მიყვარხარ და ასე დაუსრულებლად… დაუსრულებლად შემიძლია გიყურო მაგ ყველაზე ულამაზეს თვალებში და სტილისტურ ხარვეზებზე არ ვიფიქრო… არ ვიფიქრო არაფერზე, ეკონომიურ განათებაზეც კი… განათებაზე ფიქრი აღარ მჭირდება მას მერე, რაც ერთმანეთი ვიპოვეთ და სიბნელე გაქრა… გაქრა კიდევ უამრავი რამ და მოვიდა ბევრი…0_77c89_56000ea5_XL ბევრი, რომელიც ზოგადი გადმოსახედით ძალიან ცოტად ჩანს, მაგრამ იმდენია, რომ მე მყოფნის… მყოფნის, სხვას არ ვეძებ, მაგრამ არ მყოფნის შენთან… ყველაფერი… ყველაფერი რაც გეხება და ჩემამდე მოდის, ისეთი ლამაზი და თბილია, რომ ხანდახან მეშინია, თავი სიზმარშიც მგონია და მეშინია გამოღვიძების… თუმცა გამოღვიძება მე უკვე მქონდა და ეს შიშიც ნელ-ნელა იკლებს. რჩება მხოლოდ შიში დაკარგვის… იმ დაკარგვის, რომლის შიშის დაკარგვაც არასოდეს არ მინდა რათა ყოველ წამს, როცა შენს თვალებს შევეფეთები, ისევ გიპოვო თავიდან და ასე უსასრულობამდე… იქამდე სადამდეც ღრმაა შენი მზერა ღიმილგარეული და გადარეული, მე რომ ჭკუიდან მშლის… მშლის და არ მიშლის ვიყო მე და არ ვითამაშო იაფი სპექტაკლი, რომლის საცოდავი მაყურებლები მხოლოდ მე და შენ შეიძლება ვიყოთ. მაყურებლები კი მჯერა, ბევრი რამის ვიქნებით ოღონდ არა საცოდავი… საცოდავი ის არის ვინც მე და შენს სამყაროში რაიმეს ქექვას შეუდგება, რადგან ის ისეთი მარტივია რომ თვით მატრიცას სქემაც კი ვერ აღწერს მის სირთულეს… სირთულეს კი ამ მომენტში მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ სიგიჟემდე მინდა დაგაკვდე ყველაზე უგემრიელეს ბაგეზე, რათა ზედ დავიბადო თავიდან მომდევნო წამს, მაგრამ ნინო მანდაა და რ.მ.-ც 

draft-ები ერთად

მოედო ხავსი აქაურობას. ისე, აქაურობას კი არა, ბევრ რამეს მოედო ხავსი ამ ბოლო დროს… ამდენად დაკავებული მგონი არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა მეგობრების უნახაობა, ზოგის გადამეტებულადაც კი, ალბათ მეპატიება თუკი ეს ,,დაკავება” შედეგს გამოიღებს, მაგრამ…. “მაგრამ”-ს დრო გვანახებს, მანამდე მხოლოდ რეალობა რჩება, რომელიც ზემოთ აღნიშნული სახით გამოიხატება ხოლმე. შედეგი კი ყველა შემთხვევაში დადებითი იქნება, ამაში დაწმუნებული ვარ, რადგან არ შეიძლება რამეს აკეთებდე და ეს ცუდი იყოს. ამხელა ბინძურ ჭაობში იმის მოხერხებაც კი, რომ უძრავად არ იყო, უკვე ბევრს ნიშნავს და ყოველთვის მოიძებნება ადამიანი ვინც გაგამტყუვნებს, მაგრამ პირველი შემფასებელი ხომ შენ ხარ… ასე რომ… ასე რომ ვეძებთ ძალებს ყველგან, სადაც კი შეიძლება და მათ გასაძლერებლად ვჭიანჭველობთ, რომ არ ვიგრძნოთ ერთ საღამოსაც, ჩემი ცხოვრება მხოლოდ დილიდან ღამემდე დროის გაყვანაა…

დრო კი თავისითაც გადის… ვზივარ ცივ პლაჟზე და მარტო გარედან ვიყინები. მთვარის ანარეკლს იმდენ ხანს ვუყურებ ვერც იმას ვხვდები რამდენმა ლანდმა ჩამიარა და ვერც იმას, რა დონეზე მინდა ჩემთან იყოს… არადა სულ რაღაც …….. წინ ,,მოიხედა” და ერთად ჩავაცილეთ მზე… ცივია ეს ქალაქი უმისოდ, წავედი, აღარ მინდა!

ხელში ხელი და გრძნობა, რომელსაც ოჯახი ჰქვია. არა, ალბათ ჯერ კიდევ არ მესმის, მაგრამ ძალიან ისეთია, როგორიც მინდა რომ იყოს…

ვდევარ ახლაც ნახევრადმკვდარი და ვემზადები სიკვდილისთვის რომ დილით მის თვალებს ახლად დაბადებული შემოვეფეთო და რომ ისევ მისთვის მოვკვდე საღამოს…

გზის გამყოფი პირობითი საზღვრები ნაწყვეტებად და დალაგებულად  მიქირიან ჩემ ქვეშ. დინამიკები ტონს აყოლებენ და  ბედნიერი ვარ, ახლაც კი ნახევრად მძინარე საჭესთან როცა სიკვდილზე ვფიქრობ, მაინც არაფერს ნიშნავს ეს, რადგან შენ მელოდები ვიცი და ეს ცხოვრებაა ვიცი. დამპალი, მძიმე და ყველაზე თბილი რაც ერთად გაგვაჩნია…

მე მოგიტან წყალს…

 

 

 

კიდევ შემოვიპარე 😛

ვახ, რა ვქნა აბა, მომენატრე და ტელეფონის ზარი და მესიჯი ვერ იტევს ამდენს.

ახლა სიამოვნებით დავყრიდი აქ ყველაფერს, წამოვიდოდი ცხელ თბილისში და მერე… მერე არ ვიცი, მთავარია რომ შენთან ერთად ვიქნებოდი.

მშია ახლა და შენთან ერთად მინდა ჭამა. მინდა გამომიარო, მე ტრადიციულად მინიმუმ 5 წუთი დავაგვიანო (ნუ, უმიზეზოდ არა რა თქმა უნდა 😀 ) და “პოპულის” ნაგავი ვჭამოთ იქვე ნაყიდ შოთის პურთან ერთად.

თუნდაც დამირეკონ სამსახურიდან და ერთ საათიანი შესვენება არ შემარგონ, ოღონდ შენთან ვიყო…

სულ არ მინდა ის აჭარული, რამდენიმე თვე რომ მენატრებოდა. შენთან ერთად მინდა ჭამა, ისე აღარ…

რა კაია შენთან…

და რა კაია რომ მყავხარ…

მიყვარხარ!

იცი, თითქმის არ მჯეროდა რომ არ სიტყვას ოდესმე ვინმეს ვეტყოდი. სიყვარული რომ ნიჭია ვიცი, მაგრამ არ მეგონა მე თუ მქონდა ეს ნიჭი. მქონია თურმე და არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!

მაბედნიერებ…

მინდა მეც გაგაბედნიერო.

მინდა შენთან ვიყო, ჩემი იმედი გქონდეს, მინდა მოგხედო და მოგიარო, მინდა ჩაგეხუტო, დაგამშვიდო როცა ნერვიულობ სისულელეებზე…

ვიცავ პირობას და მოწყენილი არ ვარ. უბრალოდ, ძალიან მენატრები…

ასე კარგად ვარ შენთან:

მწვანე სიცოცხლე თბილისში

რამდენიმე დღის წინ, მე და ჩემი მეგობარი პეკინზე ვიდექით და ერთ ადამიანს ველოდებოდით. რა გასაკვირია და ველოსიპედებით ვიყავით. ლაპარაკში გართულები მაღაზიიდან გამოსულმა კაცმა ,,გამოგვაფხიზლა,” – “ჩვენ ბიძია, მაგას ვუვლით და ვრწყავთ, რომ შემდგარხარ ზედ” –გვისაყვედურა მან. თურმე ველოსიპედის უკანა ბორბლით ხის ძირში ამოსულ ბალახზე ვიდექი. ზარალზე ცოტა არ იყოს გამეღიმა, ველო მოვაშორე და მალე წამოვედი კიდეც. თუ ვინმეს შეგიმჩნევიათ ის ხე, რომელზეც მაქვს საუბარი, იმ ბალახის სიცოცხლეს სიცოცხლეს ვერავინ დაარქმევდა. პეკინისთვის ქუჩისთავის დამახასიათებელი ხალხმრავლობისთვის გამოუსადეგარ ვიწრო ტროტუარზე დიდი ხე დგას. მისგან ასფალტის საფარამდე სულ 10 სანტიმეტრი იქნება მიწა, სადაც ეს ერთი ბღუჯა ბალახი ხარობს კეთილი კაცის ბრძოლითა და დახმარებით. ყოველ წამს იმის ალბათობა, რომ ვინმეს ბათინკი მზეს ჩაუქრობს ქლოროფილით გაჯერებულ მცენარეს, საოცრად დიდია. (more…)

შარშან, შარშანწინ და იმის წინ…

გიტარის წყნარ მელოდიას საყვარელი მომღერალი კვლავ აყოლებს ცხოვრებისულ ტექსტს და კვლავ მაიძულებს გულში ავყვე, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
სასადილოში წიგნის კითხვისას დღეს ისევ დამკბინეს პირველმა კოღოებმა, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ძველმა დივანმა ისევ ჩვენი აწ განსვენებული მანქანის სავარძლებში გამჯდარი სუნი გამახსენა, ასე ძალიან რომ ვერ ვიტანდი, რომელიც ასევე ჩემი ცუდად გახდომის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა მგზავრობისას და რომელსაც ეს დივანი მახსენებს სულ, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ჩემი საოცრად მაღალი ხმის ტემბრის მქონე მეზობელი ისევ იწყებს დღეს 8:15 –ზე, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ისევ მეზარება თმის შეჭრა, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ისევ პრობლემები მაქვს კვებასთან დაკავშირებით, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ვეღარ ვაკეთებ მთელ რიგ ქმედებებს, ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
დავკარგე ზოგიერთი ადამიანი და ვეღარ ვახერხებ მათთან გულის გადაშლას, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
მეშინია ნემსის, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
აღარ მჯერა იმ სისულელეების, რომლებსაც ასე ვეტრფოდი შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ვეღარ ვხარჯავ ფულს იქ სადაც ვხარჯავდი შარშან, შარშანწინ და იმის წინ…
ძალიან ბევრი დავკარგე იქიდან, რაც მქონდა შარშან, შარშანწინ და იმის წინ, მაგრამ მკიდია მთელი ეს შარშან, შარშანწინ და იმის წინ, იმიტომ რომ არ მყავდი შენ, შარშან, შარშანწინ და იმის წინ…

“ხელოვნურ საფარზე თამაში პრეზერვატივით სექსს ჰგავს”

ეს სიტყვები შოთა არველაძეს ეკუთვნის. ,,ალკმაარში” მისი მოღვაწეობის პერიოდში სტადიონის ბუნებრივი საფარის ხელოვნურით შეცვლის თაობაზე ჩატარებულ გამოკითხვას რომ პასუხობდა…
ზოგადად, ყოველი წაკითხული წიგნის გარჩევის (მითუმეტეს საჯაროდ) მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გადავწყვიტე გამონაკლისი დავუშვა. გარჩევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამიც კი გამომდის და ალბათ უფრო უპრიანი იქნებოდა, წაკითხულის მერე ემოციებად მომენათლა ეს ყველაფერი. უფრო მარტივია…
გუშინ დაბადების დღე მქონდა. დათო ტურაშვილის ბოლო წიგნი – ,,მე რომ ფეხბურთელი ვიყო” მაჩუქეს. ნამდვილი მიზანში გარტყმა იყო. მის ადგილზე მეც ამას ვაჩუქებდი ჩემ თავს, რადგან ეს ავტორი სულ ყველაზე მარტივად რომ ვთქვა, მაგრად მხიბლავს.
რამდენჯერმე კამათი მქონდა და გურამ დოჩანაშვილთან შემიდარეს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს იგივეა რომ SUBARU impreza თუნდაც mercedes-ს შევადაროთ  lancer EVOLUTION –ის ნაცვლად. სუბიექტურად ვთვლი რომ თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვერ ვკაიფობ წიგნებზე რომელთა გაგებას განსაკუთრებული ხასიათი, განწყობა, დრო ესაჭიროება და ძნელია. ანდა ბუნებისა და ჩაცმულობის ერთგვერდიანი აღწერილობებითაა გატენილი. ტურიკა (გავკადნიერდები და ასე მოვიხსენიებ) უბრალოდ მარტივად წერს და ბევრს ამბობს. წარმომიდგენია რა ინფორმაცია იქნებოდა მის წიგნში, ორჰან ფამუქის თუნდაც ,,თოვლი”-ს ხელა რომ დაეწერა. იქნებ აპირებს კიდეც, თუ საშუალება მომეცემა, ვკითხავ. (more…)

ერთი დღე და ზოგადი პრობლემა

გუშინ მე და გოგამ გადავწყვიტეთ ლისის ტბა დაგვეპყრო ველოსიპედებით. ჩვენდა გასაკვირად, საკმაოდ სწრაფად ავედით, ამიტომ მოვიფიქრეთ ნახევრად გაყვანილ გზაზე ერთი წრე შემოგვევლო ტბისთვის. რამდენიმე რუჯზე მონადირეც შევნიშნეთ ნაპირზე. კინაღამ დამავიწყდა, გოგა ჩემი ძმაკაცია და ველოსიპედის საბურავების მტერი. ისევ პლაჟზე რომ დავბრუნდით, ე.წ. ,,მწვანე ზონას” შევუყევით, მაგრამ წვერში ასვლისას იმედები გაგვიცრუვდა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშენებარე ახალი საინფორმაციო ცენტრის თავზე ვიმყოფებოდით. შემდეგი გორაკი გაცილებით დამღლელი და მაღალი გამოჩნდა, ოღონდ ისევ იმედგაცრუება – ხედი იყო ნოლი. სხვა გზა არ იყო, შევუყევით მთას, რომელიც ვაშლიჯვარს გადაჰყურებდა, მაგრამ ჩასასვლელი არ ჰქონდა. (more…)

%d bloggers like this: