მწვანე სიცოცხლე თბილისში

რამდენიმე დღის წინ, მე და ჩემი მეგობარი პეკინზე ვიდექით და ერთ ადამიანს ველოდებოდით. რა გასაკვირია და ველოსიპედებით ვიყავით. ლაპარაკში გართულები მაღაზიიდან გამოსულმა კაცმა ,,გამოგვაფხიზლა,” – “ჩვენ ბიძია, მაგას ვუვლით და ვრწყავთ, რომ შემდგარხარ ზედ” –გვისაყვედურა მან. თურმე ველოსიპედის უკანა ბორბლით ხის ძირში ამოსულ ბალახზე ვიდექი. ზარალზე ცოტა არ იყოს გამეღიმა, ველო მოვაშორე და მალე წამოვედი კიდეც. თუ ვინმეს შეგიმჩნევიათ ის ხე, რომელზეც მაქვს საუბარი, იმ ბალახის სიცოცხლეს სიცოცხლეს ვერავინ დაარქმევდა. პეკინისთვის ქუჩისთავის დამახასიათებელი ხალხმრავლობისთვის გამოუსადეგარ ვიწრო ტროტუარზე დიდი ხე დგას. მისგან ასფალტის საფარამდე სულ 10 სანტიმეტრი იქნება მიწა, სადაც ეს ერთი ბღუჯა ბალახი ხარობს კეთილი კაცის ბრძოლითა და დახმარებით. ყოველ წამს იმის ალბათობა, რომ ვინმეს ბათინკი მზეს ჩაუქრობს ქლოროფილით გაჯერებულ მცენარეს, საოცრად დიდია.
დიდი შესავალი გამომივიდა… მოვდიოდი და ვფიქრობდი, რა ძალიან აკლია თბილისს სიმწვანე. პარკების კეთილმოწყობისა მშენებლობის ტენდენციაა თითქოს და ერთი შეხედვით ეს ძალიან კარგია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი დედაქალაქი უფრო და უფრო უმატებს ცხოვრების რიტმს და რეკრეაციული სივრცეები პირველ რიგში ქალაქშივე არსებული პარკების სახით მალე საჭმელივით დაგვჭირდება. უარს სიგრილეზე და სიმშვიდეზე თბილისელები არც არასოდეს ამბობდნენ და კარგია რომ უკვე თითქმის ყველა სკვერშიც კი, განათება და ისეთი სკამებია, რომლებზეც ადამიანურად დაჯდომა შეიძლება. თუმცა ჩემი აზრით, არის მინუსებიც და არც ისე მცირე ზომის… კატეგორიულად უარია ნათქვამი ძველ, წითელ მიწაყრილზე, რომელიც თუ არ ვცდები აგურის დავხვნით მოიპოვებოდა და ლამაზი ვიზუალის გარდა ატალახებას გამორიცხავდა. შეიძლება ვინმე შემეკამათოს და გაიხსენოს ფეხზე მეკრობოდა და მტვერი იყო მაგისგანო, მაგრამ ეს ხდებოდა იმ შემთხვევაში როცა ბილიკებს კი არა, საერთოდ არ უვლიდნენ პარკებს და დაფხვნილი აგურის ნაცვლადაც უკვე ოდნავ შეწითლებული მიწა ეყარა. ათასი სახეობის ქვაფენილის წინააღმდეგი თითქოს არც უნდა ვიყო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ის, რაშიც ბავშვები მანქანებით “ქვიშობანას” თამაშობდნენ, გზები ,,გაჰყავდათ” და თავზეც კი იყრიდნენ, გაცილებით უფრო ცოცხალი იყო, ვიდრე ქუთაისის მახლობდად მოპოვებული გრანიტის ან ცემენტის ფილები. რახან ცემენტს შევეხე, ბარემ იმასაც ვიტყვი რომ პარკების ეს ,,უსიცოცხლო” ნაწილი მხოლოდ სასიარულო ბილიკებს არ შეეხო. თუ დააკვირდებით ნებისმიერ განახლებულ პარკს, შეამჩნევთ, რა თვალსაჩინოდ არის შეცვლილი გაზონის პროცენტული წილი ტერიტორიაზე და ის გაცილებით ნაკლებია იმაზე რაც იყო. კი ბატონო, სულ რამოდენიმე წლის წინ თითქმის ყველა პარკში, იქ, სადაც უნდა ყოფილიყო გაზონი, დატკეპნილი ყავისფერი მიწა იყო, სავსე ნაგვითა და პრეზერვატივების ნარჩენებით. ახლა იქ სიმწვანეა ოღონდ იმის ნახევარი რაც შეიძლება ყოფილიყო და მებადება მარტივი კითხვა: “რატომ?”
არ ვიცი როდის გაიზრდება ხეები რიყის ახლად დაარსებულ პარკში, მაგრამ ვინმეს გადმოგიხედავთ ავლაბრის აღმართიდან? სურათი: ,,ბავშვები თამაშობენ ლამაზ ნანგრევებში”. სკამთან, ფანტანთან, საქანელებთან, განათებასთან, ყველგან ბეტონი და მხოლოდ ბეტონია…
ვინც აწ უკვე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას სტუმრობს ხოლმე, დამეთანხმება, რომ ცენტრალური მოედანი ხეებისა და ჩრდილის გარეშეც საოცარი რამ არის და რელაქსაციის მშვენიერი საშუალებაა. არ ვიცი ვინ იყიდა, ან საერთოდ იყიდა თუ არა, ვხედავ რომ რაღაცას თხრიან, მიაქვთ მოაქვთ და მეშინია, რომ აქ მალე ცუდად მოვლილი სიცოცხლის ნაცვლად კარგად მოვლილი ბეტონი იქნება. ეს მხოლოდ ვარაუდებია და იმედია უსაფუძვლო, მაგრამ ნერვებზე მაინც მოქმედებს…
და ბოლოს არ შემიძლია არ შევეხო ერთ-ერთ მთავარ ობიექტს რომელსაც ახლა “ბომბორა” ჰქვია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის გარდა, აქ ისეთსაც წავაწყდი, ნამდვილად რომ ვერ ვივარაუდებდი ვერასდროს… მთაში 30 კილომეტრიანი სიარულის მერე წავკისის ველის მხრიდან პარკის ზედა ნაწილთან ჩავედით ველოსიპედებით. რადგან წყალი გაგვითავდა და ძალიან გვწყუროდა, სოლოლაკამდე ლოდინს, გადავწყვიტეთ პარკში ჩავსულიყავით ცოტა მოგვესვენა და წყალის აგვეღო. იქ, სადაც ავტობუსების ბოლო გაჩერეებაა, შესასვლელში, დაცვამ გაგვაჩერა და გამოგვიცხადა, რომ პარკში ველოსიპედებით შესვლა აკრძალული იყო. როცა გაოგნებამ გადაგვიარა ვიფიქრეთ კატაობისას ბავშვების დაშავებას უფრთხილდებოდნენ და შევთავაზეთ ხელით გვეტარებინა ველოსიპედები პარკის ტერიტორიაზე, რაზეც ასევე სასტიკი უარი მივიღეთ და მეტიც, დაცვამ კატეგორიულად მოგვთხოვა დაგვეტოვებინა ,,პარკის ტერიტორია” ანუ ის ადგილი სადაც ავტობუსები ტრიალდებიან.
გამორკვევა აღარ დაგვიწყია… სწორედ ის სიტუაცია იყო, ,,შეაყარე კედელს ცერცვიო” რომ იტყვიან. დავეშვით და სახლამდე ისე ჩემოვედით წყლის ბალანსის აღდგენაზე არც გვიფიქრია.
გასაგებია, რომ არ გვაქვს ველოსიპედის გზები (მგონი მზიურში გააკეთეს ახლახანს), მაგრამ ასეთი რეგულაციები მაინც ზედმეტად და უაზრობად მეჩვენება. შთაბეჭდილებები კი ჯერ ისევ მთლად სახარბიელო არ მაქვს. ვაშენებთ პარკებს, სადაც არ არის სიმწვანე და ვკრძალავთ იმას, რისი საფუძველიც არ გაგვაჩნია. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში პარკი არის სიმწვანის და გაზონის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ გაზონის სიბევრე. იმ გაზონისა, რომელზეც ბეტონიდან გამოსული ადამიანი დღეში ათ წუთს მაინც წამოგორდება და იგრძნობს რომ ბუნების შვილია და არა ცემენტით გამოძერწილი. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩემთვის პირადად, ბავშვობაში, ველოსიპედი და პარკი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელი იყო.
სხვათაშორის გამახსენდა ბოლოსკენ… პირველად რომ ვნახე აეროპორტიდან გამოსული უცხოელები, იქვე პარკინგის მოედანთან ათ კვადრატულ მეტრ გაზონზე რომ გაენთხვნენ, ვიფიქრე განსაკუთრებული ჯგუფია რაღაც და თავისებული რიტუალი მეგონა ეს ყველაფერი. ახლა კი ნელ-ნელა ვხვდები რომ ალბათ მალე ჩვენც, ვისაც მსგავსი რამეები სასაცილოდ არ გვყოფნის ასე ნახევარ მეტრ ბალახს დავუწყებთ ძებნას…

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. ყველაფერში გეთანხმები პარკებთან დაკავშირებით რასაც ამბობ…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: