ბუტო

ეს ამბავი იმ ერთ-ერთ საღამოს დაიწყო, რომელსაც ჩემი გონება ბუნდოვნადღა ხატავს. ვინ იცის, იქნებ სულაც არ ყოფილა საღამო და მზე აცხუნებდა. თუმცა მაინც საღამო იყოს ჯობია, განწყობა მოაქვს თხრობის…
იმხანად თაზოსთან სახლში დავიწყე სიარული. ოფიციალურად ვძმაკაცობდით. ის, რომ მის ოჯახს პირადად ვიცნობდი და ხშირადაც ვხვდებოდი, სიამაყის მაგვარი გრძნობით მავსებდა. ყველას ჰქონია ეს მომენტი მეტ-ნაკლებად, ბავშვობას რომ ზემოდან უწყებ ყურებას, ან ცდილობ მაინც და მსგავსი, ,,დამოუკიდებელი” ადამიანის მომენტი ამაში საოცრად გეხმარება. მეც დაახლოებით ამ სიტუაციაში ვიყავი. თაზოს დაბადების დღეზე გაბედულად გავუწიე მეგზურობა კლასიდან დაპატიჟებულ საზოგადოებას და იტალიური ეზოს ბნელ სადარბაზოში საკუთარი სახლივით იოლად ვიპოვე იუბილარის კარი.
ის საღამო პირველი ოფიციალური ღონისძიება იყო ჩემ ცხოვრებაში, სადაც ოფიციალურად დავთვერი. თაზოს მამის გვერდით ვიჯექი და მესამე შემოთავაზებულ ჭიქაზე ჩემდა უნებურად ვთქვი უარი, რადგან სწორედ იმ მომენტში ნანა წამოდგა ბოდიშის მოხდით, – მეჩქარება, უნდა წავიდეო – და თითქოს დედამიწა ამოტრიალებას აპირებსო, ისე ჩაიჩეხა მაგიდასა და სკამებს შორის. სანამ მოასულიერებდნენ და ყავას მოუდუღებდნენ, მე მივხვდი, რომ აქამდე ბევრი არ მაკლდა და ჩუმად მივწიე ღვინის ჭიქა გვერდზე. ალკოჰოლი მაგრად მომეკიდა და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი სრულიად ფხიზელი კაცის სახე მქონოდა, მაინც ვხვდებოდი რომ სიტუაციას ბუნდოვნად აღვიქვამდი. სიტუაცია კი მთლიანობაში ბანალური იყო… სუფრას არავინ უყურებდა, არეულ-დარეულ მუსიკას არავინ აძლევდა მოსვენებას. ნაწილი ცდილობდა ეცეკვა, ნაწილი უფროს ბიძაშვილებთან ,,ბირჟაობდა” სიგარეტის მოწევის უფლება რომ მოეპოვებინათ. ამასობაში თაზოს დედამ ტორტი შემოიტანა, რომელიც ნანას აღარ შეხვდა და მეც ნანატრ ტკბილეულს მივადექი. ამ ალიაქოთში ორი გოგო შემოვიდა, თაზოს ბანალური მისალოცი სიტყვები მიაყარეს, რაღაც აჩუქეს კიდეც შეფუთული და გავინენ. თაზოს მეზობლები ყოფილან, როგორც მერე გავიგე. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა როცა სამიოდე დღის მერე ერთ-ერთმა მათგანმა მისაყვედურა, რომ დიდი მონდომებით ვაცლიდი დაბადების დღეზე მის მორთულ ტორტს ბეზეს, მივხვდი – საკმაოდ გამოვუკვლევივარ.
არეტა ერქვა. გამახსენდა რომ ეს სახელი რომელიღაც გაზეთის სტატიიდან ვიცოდი და ვკითხე გვარად ფრანკლინი ხომ არ იყო. ისეთივე უცნაური სახით შემომხედა, როგორი ვარცხნილობაც ედო თავზე და გვარი რომ მითხრა მაშინვე გავიფიქრე სიტყვა ,,ნაბურქოდონოსორი” ამასთან შედარებით სულ არ არის რთულითქო.
არეტას სახლი ერთი პატარა ოთახისგან შედგებოდა, რომლის მკვიდრნი თვითონ და დედამისი იყვნენ; ერთი თმგაჩეჩილი მაღალი და მეტად უშნო ქალი, რომელსაც ასე ძალიან ვერ იტანდა თაზო. არც თვითონ არეტა მყავდა მზეთუნახავი. შეეძლო უკეთესი შთაბეჭდილება მოეხდინა, თუმცა რატომღაც პირიქით ცდილობდა. ასაკისთვის შეუფერებლად, დაუნანებლად ედო სახეზე მაკიაჟის სქელი და უგემოვნოდ შერჩეული ფენა, რომ აღარაფერი ვთქვათ ზემოთ ნახსენებ მის უცნაურ ვარცხნილობაზე და თმის ფერზე.
– რა მაგრად აკლია! – გავიფიქრე ნახევარ საათიანი ურთიერთობის მერე და წამოსვლისას უკვე ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი ჩემ სიტყვებში.
არეტას ოთახში გასაოცრად ეტეოდა ორი საწოლი, ერთი სკამი და პატარა მაგიდა, რომელსაც მხოლოდ ერთი მხრიდან თუ მიუჯდებოდა კაცი. როცა მან დიდი გრძნობით დამპატიჟა თავის მოახლოვებულ დაბადების დღეზე, სერიოზულად დავფიქრდი, რა სასწაულის მოხდენა შეიძლებოდა, რომ აქ ხუთ კაცზე მეტი შემოტეულიყო. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ოთახში თაზოს მეორე მეზობელი შემოვიდა. არეტას საპირისპირო ვარიანტი იყო. გრძელი შავი თმა ლამაზად დაევარცხნა, გიშერივით თვალებს წითელი ფანქარი არ უმახინჯებდა და ისე მშვიდად ლაპარაკობდა, რომ ვიფიქრე, იმხანად ფიზიკაში ნასწავლი პლიუს-მინუსის მიზიდულობა-მეგობრობის ცხოვრებისეულ შემთხვევასთან მქონდა საქმე ამ ორი დაქალის სახით.
თეა ერქვა. სახელით მომმართა და მივხვდი რომ ჩემი და ტორტის ბეზეს ამბები კარგად ჰქონდათ გარჩეული. რაც ყველაზე მთავარია, ამაში თაზოს ხელი და ენაც ერია.
იმხანად ის-ის იყო მუსიკით დავიწყე დაინტერესება. ვაგროვებდი ორიგინალ აუდიო კასეტებსა და ჩანაწერებს. თეა პირველი უცხო დამიანი აღმოჩნდა ვისთანაც ჩემი მოსაზრებები გავცვალე ამ სფეროში. გაირკვა, რომ ერთნაირი გემოვნება გვქონდა და ერთი მიმართულებით ვვითარდებოდით ამ მხრივ. ალბათ იფიქრებთ რომ შემიყვარდა კიდეც, მაგრამ იმედები უნდა გაგიწბილოთ. იმ საღამოს ისეთივე ,,შეუცვლელი” დავბრუნდი სახლში, როგორიც მეორე, მესამე და თუნდაც ხუთი თვის შემდეგაც კი…
ჩვეულებისამებრ დროზე ადრე მივედი სკოლაში და ეზოში მდგარ დიდ ხეს შევეფარე სხვა ბიჭებთან ერთად. ყოველ დღე ასე ვიქცეოდით ამინდისა და განწყობის მიუხედავად. ზარის დარეკვამდე ვაკვირდებოდით ყველას და ყველაფერს, რაც აჩქარებული ნაბიჯით მოძრაობდა და რისი შემადგენლობაც თითქმის არასოდეს იცვლებოდა. ამ ხილული ცვლილებების მოლოდინში უხილავი მოვიდა. უფრო სწორედ კი თაზო მოვიდა და იმ დილითაც ჩვეული გრძნობით მიესალმა ყველას. ჩაფიქრებული ჩანდა, მაგრამ მე რა თქმა უნდა არც მიმიქცევია ყურადღება. ის-ის იყო ქუჩაზე ერთი ჩვენი სკოლელი გოგო უნდა მოეყვანა მამამისს, ძველებური, თუმცა გაძლიერებული ძრავის მქონე ,,აკულა ბმვ”-თი. ეს სცენა კი გულის გასახარებელი მცირე ტრიუკით ყოველთვის მთავრდებოდა. ზარი რომ დაირეკა ისევ მეათასეჯერ ვბჭობდით იმაზე, იყო თუ არა ეს კაცი მრბოლელი და სწრაფად მივეშურებოდით კლასისკენ. ყველამ რომ ,,მოხია” მეც დავაპირე, მაგრამ ვიღაცამ ისე ჩამავლო ჩანთაში ხელი ლამის ზურგზე გავიშხლართე. რომ მოვტრიალდი, ხელში თაზო შემრჩა. ისეთი საცოდავი გამომეტყველებით მიყურებდა, რომლიდანაც ალბათ წარმოიშვა კიდეც, წლების მერე, შრეკის კატის სახის იდეა. ძალიან, ძალიან სერიოზული საქმე მაქვსო, – მითხრა და ტუალეტისკენ ავიღეთ გეზი. ამ საუცხოოდ სურნელოვან ადგილას ყველაზე ნაკლები იყო მასწავლებლის გადაყრის ალბათობა. დერეფნის კუთხეს რომ მივეფარეთ, ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:
– გახსოვს, ჩემ დაბადების დღეზე… აი ნანა რო მაგრად გაილეწა… მერე გოგოები რომ მოვიდნენ… KENZO რო მაჩუქეს… – ამ მომენტში ვიფიქრე რომ თეა ან არეტა შეუყვარდა, – მერე შენც რო დაგპატიჟეს…
– ვიცი, თეა და არეტა, მახსოვს მერე?! – დავკარგე მოთმინება და ამ ამბავმა რაღაცნაირად გამამხიარულა კიდეც.
– მოკლედ… თეამ დამაბარა შენთან… აი შავი თმა რომელსაც ჰქონდა… კაროჩე მოსწონხარ და თუ სურვილი აქვს ურთიერთობისო… მოკლედ რაა…
პირველად ალბათ მაშინ ვიგემე შოკი, თუმცა ეს დიდი ხნის მერე გავაცნობიერე. ერთხანს ჩუმად ვიდექი. არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი. ან ვფიქრობდი კი?
– ჰა, რა ვუთხრა შეჩემა? გინდა თუ არა?
-მინდა! – ვუპასუხე მტკიცედ და იმ მომენტში ვიგრძენი რომ თეა პირველი დანახვის მერე თავდავიწყებით მიყვარდა.
მეორე დღესვე თაზოს ხელით სურნელოვანი წერილი მივიღე, რომელშიც მისი სიტყვების წერილობითი დასტური და გავრცობა ამოვიკითხე. პასუხის მისაწერად რამდენიმე დღე დამჭირდა. თეა ყველგან იყო, გარეთ, შიგნით, ძილში, კლასში, კალათბურთის დარბაზშიც კი! მინდოდა ეს ყველაფერი მისთვის გადამეცა, მაგრამ საკმარისი სიტყვების მარაგი ვერ ვნახე.
მიწერ-მოწერა მაგრად გაჩაღდა. თაზოს ნახვა მგონი მარტო იმ წერილის გულისთვისაც მიხაროდა, რომელიც ჩემთვის თეასგან უნდა მოეტანა და რომელიც აუცილებლად ვარდისფერი და სურნელოვანი იყო.
ერთ დღესაც წინასწარი სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ თაზოს პირით, ჩემი სახლის ტელეფონზეც მიკითხეს და მისი მშობლების მოსვლამდე, ყოველ დღე любовь по телефону არ გვბეზრდებოდა ორი-სამი საათის განმავლობაში. მაშინ ვიტვირთე სატელეფონო გადასახადის გადახდა ოჯახში საკუთარი სახსრებით. ვიფიქრე, ასე მაინც ავუნაზღაურებ ჩემს მშობლებს მორალურ ზიანს ხაზის დაკავებისთვის და მას მერე ათი წელია ეს ხარჯი ,,შემეწერა”. ცოტა ხანში ყურმილს პირველად წავჩურჩულე სიტყვა ,,მიყვარხარ” და გული ლამის გამიჩერდა აღელვებისგან, ვიცი ისიც იგივე მდგომარეობაში იყო და შემდეგ პირველსავე შეხვედრაზე მის მუდამ ჩაბნელებულ სადარბაზოში, რადგან იმ დღეს გადავრჩი ინფარქტსთქო, მაგრად ჩავეხუტე… მართლა მჯეროდა უახლოესი ერთი კვირის მანძილზე, რომ ჩემზე ბედნიერი კაცი არ დაიარებოდა დედამიწაზე.
ურომანტიკულესი განწყობა საზღვრებს სცდებოდა. ყველაზე გაუაზრებელ და სულელურ ქმედებებს ვეძებდი და ვახორციელებდი. იმდენიც მოვახერხე, რომ ჩემი პირველი მობილური ტელეფონი ,,გავჩარხე” ტუფლისხელა ,,ერიქსონის” სახით. ვიმედოვნებდი, რომ თაზოს მიტანილ-მოტანილ წერილებზე აღარ ვიქნებოდი დამოკიდებული, რადგან ამ უკანასკნელს ძალიან ეშინოდა თეას ძმებისა.
– რომ გაიგონ, შეჩემა, მე გიჩალიჩებ თეას ბაზარს, მაგრად დამერხევა – გამომიცხადა ერთხელაც და მივხვდი, ჩემი პოეტური დანაბარები შეიძლება საერთოდ აღარ მისულიყო დანიშნულების ადგილამდე. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, მობილური ოპერატორის ქსელშიც ჩავერთე, მაგრამ თეას ამერიკიდან გამოგზავნილი ტელეფონი ისე გაფუჭდა, ვერც ერთ შესაბამის ჯიხურში ვერ გაუგეს თავი და ბოლო. ერთადერთი მტშ მისგან არეტას დიდრონი სამსუნგის მეშვეობით მომდიოდა ხოლმე საკამოდ იშვიათად. თან როცა ერთად იყვენენ შემეძლო სახლის ტელეფონზეც დამერეკა, ასე რომ ტანჯვით ნაშოვნი ,,ერიქსონი” ტყუილად შემახმა.
ერთ საღამოს მითხრა – ბიჭებზე ბუტილკა შარვლები მომწონსო, – გამიკვირდა; ხომ იცოდა ჩემი ლტოლვის შესახებ ჩაჩებისა და შლაქსების მიმართ… წამით მეწყინა კიდეც, მაგრამ მისმა ხმამ მაშინვე გადაფარა ყველაფერი და კაი ხნით დამავიწყა ეს მომენტი…
სამი თვის მანძილზე მშობლებისა და უფროსი ძმების შიშით ვურეკავდით ერთმანეთს, თაზოს გარეშე ვახერხებდით შეხვედრებს და სხვა დროს მონატრებით ვიწვოდით. თებერვალში აღარ დამირეკა. ორი დღის ლოდინის შემდეგ რეკვა დავიწყე, დილითაც, საღამოთიც. ყოველთვის დედამისი ან რძალი იღებდა ყურმილს და წიკვინა ხმით გადმომცემდა ბანალურ ,,ალიო”-ს. სამდღიანი რეკვების მერე შევეშვი და კიდევ ერთი მტანჯველი კვირაც გავიდა…
ერთ თვეში მე და თაზომ ისევ სურნელოვანი ტუალეტისკენ გავწიეთ. ისევ მიიღო თავისი საფირმო ,,შრეკის კატის” სახე და მითხრა:
– კაროჩე… თეა დანიშნეს ერთზე და იმას გაჰყვა ნორვეგიაში…
– ვის? – მხოლოდ ესღა გამოვცერი.
– აი, კალჩონას მეზობელი რომ იყო ხო გახსოვს, მარადი? – კი, მახსოვდა და ძალიანაც კარგად. შემოდგომით რომ ვეთამაშეთ კალათბურთი, იმ გუნდის კაპიტანი იყო მარადი კაჩატურიანი, შარვლების გამო მთელი ოქროს უბანი ,,ბუტოს” რომ ეძახდა…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. აქ მე ყველზე მეტად თაზო დამევასა 😀
    ნუ, ავტორიც კაი ვინმეა 😛

    პასუხი
  2. ეე ჩაგეცვა რა ეს დასაწვავი “ბუტილკა” შარვალი 😦

    პასუხი
    • იქნებ ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება? 🙂

      პასუხი
      • ოპტიმისტის ხმა მესმიის:))

        იქნებ…იქნებ…იქნებ არც

        პასუხი
        • ყველა ვარიანტში ის უკვე წარსულია, შესაბამისად ოპტიმიძმსა და პესიმიზმს შორის არჩევანის გაკეთება გაცილებით ადვილია და ჩვენზეა დამოკიდებული 🙂

          პასუხი
  3. me namdvilad vici, rom yvelaferi rac xdeba, uketesobisken xdeba!!! 😉 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: