ერთი წელი

დღეს დიდი დღეა! განსაკუთრებული… ალბათ არც ერთ თქვენგანს არ ახსოვს და არც უნდა ახსოვდეს, თუმცა ეს სწორედ ის დღეა… ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, 2010 წლის 30 ნოემბერს…
საერთოდ ხშირად ხდება ისე, რომ ყველაზე დიდი უბედურება და უსიამოვნება, მაშინ გვატყდება თავს, როცა ამას საერთოდ არ მოველით. ყოველთვის ცამოწმენდილზე დაემხობა ხოლმე ქვეყნიერება ძირს და ამოსუნთქვისაც კი გვეშინია, ისეთ ეფექტს იძლევა. შეიძლება რაღაც ცხოვრებისეულ კანონზომიერებასაც მივაწეროთ ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრიდან ცოტა უფრო სხვანაირადაც შეიძლება ამის დანახვა… წარმოიდგინეთ, რაღაც მცირე ნაწილით მაინც ფიქრებისა, წინასწარ გრძნობთ, რომ რაღაც შეიძლება ისე ვერ მოხდეს, მაშინ თუ ეს მოხდება, იგი ნამდვილად აღარ იქნება იმდენად შემაძრწუნებელი. იქნებ ყველაფერი საშინელი სულაც არაა საშინელი და მისი ხანდახან ,,აღმატებული’’ ხარისხი წინა წუთებისა და წამების განწყობიდან გამომდინარეობს? არსებობს მეორე ვარიანტიც… იქნებ ესა თუ ის მოვლენა მართლა იმდენად საშინელია, რომ მის ფონზე წინა მომენტი ცამოწმენდილად ჩანს?… ეს ალბათ ინდივიდუალური ხედვისა და გადაწყვეტის საქმეა და იმაზეა დამოკიდებული საერთოდ რამდენად სერიოზულად უყურებს ადამიანი ამ საკითხს. (more…)

Advertisements

არჩევანი

თეთრი, ოდნავ მუქფერდაკრული ფაფარი თითქოს შენელებულ კადრშიაო, ბრწყინვალების გრძნობის აღმძვრელად მოძრაობდა და წამით გაოფლილ ლამაზ თვალებზეც ეფარებოდა…
შავის ძლიერი, დაკუნთული სხეული გამრჭოლად მიაპობდა დაძაბულ ჰაერს. მკერდი გამალებით უცემდა და ერთი მთლიანი ყოვლისშემძლე მექნიზმის სახედ წარმომდგარიყო…
გნიასი ჩაჩუმებულიყო, მღელვარე ტრიბუნები უძრაობაში გაკვეხილიყვნენ, მხოლოდ მე ვარსებობდი… ორი ულამაზესი ცხენის გულისცემა მესმოდა… აქა-იქ ოდნავ აკარებდნენ ფლოქვებს ქვიშიან ზედაპირს და ისრებივით მიქროდნენ გამარჯვებისკენ.
სუნთქვაშეკრული სულაც არ ვიჯექი. დრო ბევრი მქონდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რომლის გამარჯვება უფრო მინდოდა? სიმპათიები არათუ იხრებოდა, მთლიანად გადაზნექილი იყო თეთრისკენ, მის შუბლზე ჩამოშლილ თმას ჭკუიდან გადავყავდი, ისეთი ლამაზი იყო. მის უსაზღვროდ ჭკვიან და ღრმა თვალებს დავეტყვევებინე და ვგრძნობდი, სადღაც შიგნით ვგრძნობდი, რომ ჩემიანი იყო… თითქოს უპირობო ლიდერად დამესახა კიდეც და წინასწარ გავიხარე მისი პირველობით.
ჯიბეში ხელი ჩავყავი და ამობეჭდილი ქაღალდის ნაგლეჯი ამოვიღე, ტოტალიზატორის ბილეთი იყო და ზედ საკმაოდ სოლიდური, შეიძლება ითქვას დიდი თანხის მოგების შანსი იყო ასახული, შავის გამარჯვების შემთხვევაში. თავი ავწიე, ორივე ერთად მიქროდა და ისევ მინდოდა თეთრს გადაესწრო…
ისევ დავხედე დაკუჭულ ქაღალდს…
შავი მაძლევდა უამრავ ფულს და თეთრი კი იმ რაღაც საოცრად ტკბილ გრძნობას, ასე რომ მიბნებავდა გონებას. ამასობაში ფინიშის ხაზი გადაკვეთეს და ამაყი ჭიხვინით შეჩერდნენ.
ტაბლოს ავხედე….

A hot cold

ის რაც გვაშინებს და გვაბედნიერებს…
როცა დაიბადა იმდენად ეუცხოვა შემოგარენი სამყარო, რომ ისედაც ერთი ციდა, სულ მთლად მოიბუზა და ჩაიმალა ფუმფულა სამოსელში. გამართლებულიც იყო, გარეთ სუსხიანი ცივი ქარი ქროდა და ამ პაწია უსუსურობას განადგურების თუ არა, ავადმყოფობის საფრთხეს მაინც უქმნიდა.
მას შემდეგ სულ ცოტა ხანმა და ბევრმა ქარმა განვლო. დღესაც ისევე ჩამალული თავის ფუმფულა სამოსში საყვარლად მოკუნტულა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შინაგანად ძალიან ძლიერსა და იმედებით სავსეს თხელ ფეხებზე ჰკიდია ქარიცა და მწველი სუსხიც. უხარია სახეში შემოყრილი თბილისის თოვლი, რადგან იცის მისი დადნობის მერე შეიღებება ყველაფერი მწვანედ და გაზაფხულის პირველი სხივები გარდატყდება მილეულ ლოლოებში.

ჯერ ისევ ქორფა და წმინდაა. ჯერ მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და არავის მისცემია საშუალება თავისი ბინძური არსებით შეეხოს. ჯერ ისევ ჰგონია რომ ყველა წვიმის მერე ცისარტყელა ჩნდება. ჯერ ისევ უმანკოების არსებობის სჯერა და თავის სიწმინდეშიც დარწმუნებულია. მართალიც არის, მთავარია ჩვენ დავიჯეროთ მისი სიწმინდე და თავიდანვე არ მოვუსპოთ ეს ღვთაებრიობა.
ისევ თოვს და ისევ ტანგოს აკვნესებს ვიოლინო. ამ კვნესაში გაცოცხლებული ფანტელები გამალებით მხვდება სახეში. მომყავს მოკუნტული და არ ვიცი რა იქნება ერთ წელიწადში. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ მინდა დავიცვა და გავზარდო, ვიცი რომ არ მეშინია. თავისი დიდი ლამაზი თვალებით მიყურებს და საოცრად მითბობოს მკერდს. ვგრძნობ და ვხვდები, რომ მაშინ, დაბადებისას უკვე იმდენად ძლიერი იყო ქვეყანას ამოაბრუნებდა. სხვანაირად დღევანდელ დღეს ვერ ჩააბამდა ცხოვრების უწყვეტობაში და ეს ღვარძლიანი, დამპალი და აქოთებული ამინდი ჩამნთქავდა შეუბრალებლად. მერე კი როდის გამითენდებოდა დილა ვინ იცის. ახლა ეს გარკვეულია, ახლა მოვდივარ და ამ პაწია სიყვარულით გულში, თავს ვიცავ წვდიადისგან, რომელიც ვერასოდეს ჩაძირავს ასეთ ფუმფულა, პატარა არსებებს. სიყვარული ყოველთვის დაიბადება და გადმოგვეცემა მხოლოდ სათუთი მოვლისა და რწმენის პირობით. დანარჩენი ჩვენზეა!

და ტაკ პროსტო… :)

Fuck, რამდენი ხანია აღარაფერი დამიწერია, ამიტომაც ალბათ ეს პოსტიც რაღაც დიდი უაზრობა გამომივა მაგრამ არც იმიტომ ვწერ ახლა, რომ არიქა ოღონდ ახალი რამე ავტვირთოთქო. უბრალოდ მინდა რაღაცნაირად სადმე დავიცალო ბოლომდე.

საიდუმლოების გამხელას არ ვაპირებ და არც პიკანტური პირადული ამბების მოყოლას. რაც მსგავსი რამე მაწუხებდა კი გავანდე ვისაც საჭირო იყო და ღვთის წყალობით ასეთი ,,საჭირო” ადამიანები მუდამ იქ და მაშინ არიან, სადაც და როდესაც უნდა იყვნენ. რისთვისაც კიდევ ერთხელ და არანაირად ბოლოჯერ, მხოლოდ მადლიერებას გამოვხატავ.

რაღაც ,,რაზგონივით” მაქვს აღებული და თითქოს დოგმასავითაა, ძალების უკანასკნელ ნაპერწკლამდე უნდა ვირბინო, რომ მიწაზე სრულიად გათავისუფლებული  დავეცე და მერე სულიერად განწმენდილმა განვაგრძო ხეტიალი ქაოსურ ფიქრებსა და გრძნობებში ამ დამპალი, მაგრამ მაინც თბილი ქალაქის ძველი ქუჩებით რომ ისერება. (more…)

:-)

ხედავ კატა რა როჟაა? :-D

ხედავ კატა რა როჟაა? 😀

მგონი ერთხელ გითხარი, რომ რაღაცნაირია, როცა რაღაცას წერ (ან ამბობ) და იცი, რომ ადრესატი გვიან წაიკითხავს. ილაპარაკე რამდენიც გინდა და რაც გინდა 🙂

ხოდა, სიურპრიზი ვახსენეთ, გახსოვს?

არ ვიცი, ეს რამდენად გამოვა სიურპრიზი, მაგრამ მოულოდნელი კი იქნება ალბათ.

შენთან სავარაუდოდ უკვე მოვიდა “ის”, ახალი სახელი რომ არ აქვს (არადა, ძველიც მშვენიერი იყო :-P), ჩემი კიდე დაეთრევა საცხა 😀

ხოდა, ვიმაიმუნო?

გეკითხები მეც რა, არ მიპასუხო უცებ 😛

ახლა ვფიქრობ, ზურიკელაზე ვისაუბრო, “ვაშლი და შაქარაზე” თუ რამე ზღაპარი მოგიყვე? თუ ვიმღერო? ლექს-სენი? 😀 მოიცა, როგორ იყო? – თუუუმცა ბევრი რამე მქოოოონდა, გული შენთან ყოფნას მთხოოოვდა 😀

ზურიკელაზე და მზიურზე გითხარი ხო? ხოდა, დავამატებ, რომ ის საღამო ჩემთვისაც ძალიან ლამაზი იყო. იქვე უნდა მეთქვა, მაგრამ მე ლაპარაკი არ ვიცი 🙂 არა, როგორ არ ვიცი, მარა…

ახლა რას ვფიქრობ იცი? საერთოდ რატომ ვაკეთებ ამას? არ მინდა ერთით მეტი საფიქრალი გქონდეს და ერთგვარი პრობლემის წინაშე დადგე ხვალ დილით. მაგრამ, რატომღაც მგონია, ასეც რომ იყოს, გულის სიღრმეში მაინც გესიამოვნება ეს სისულელე და მაგიტომაც ვწერ 🙂

მივხვდი, რომ შესაძლებელია კარგად ვიყო. იმასაც მივხვდი, რომ შემიძლია სხვასაც ვაგრძნობინო თავი კარგად. არ აქვს მნიშვნელობა სტატუსებს და სახელებს. მთავარი შედეგია, შედეგი კი ამ შემთხვევაში კარგად ყოფნაა. ხოდა, თუ შემიძლია დაგეხმარო კარგად ყოფნაში, მინდა დაგეხმარო.

არ მიყვარს კლიშეები, არ გადაკრული ნათქვამები. ამიტომ, მეც ვცდილობ პირდაპირ ვთქვა სათქმელი და გასაგებად. არ მინდა საუბარი ქვეტექსტებით. ვერ ვიტან გავრცელებულ სტერეოტიპებს და მინდა იცოდე, რომ რასაც ვამბობ, ის მხოლოდ ისე უნდა გაიგო, როგორც ვამბობ.

ხოდა, მე ვამბობ, რომ მინდა კარგად იყო. ვიცი, რომ შეგიძლია იცხოვრო აწმყოთი და მინდა სცადო. არ აქვს მნიშვნელობა ეს აწმყო ვის გულისხმობს, მთავარია, რომ შეგეძლოს სიხარული დღეს. იმიტომ, რომ რაც დღეს გაქვს, ხვალ შეიძლება არ გქონდეს. შეიძლება ხვალ უკეთესი იყოს, მაგრამ შეიძლება უარესიც. ამიტომ, იცხოვრე აწმყოთი და იბრძოლე უკეთესი მომავლისთვის.

აწმყო რაა? – “ბეჩი”; ბოდიალი; სიხარული, თუნდაც პატარა, მაგრამ მაინც სიხარული; ვაშლი და მანდარინი 😀 კიდევ ბევრი რამე, რაც უბრალოდ უნდა შეიგრძნო და ისწავლო დაფასება.

უბრალოდ, მინდა კარგად იყო.

ნოდარ დუმბაძეს რომ წავიკითხავ კიდევ მერამდენეჯერ, წაგიყვან თუ გინდა 😀 მაგრამ მერე შენი ხმა არ გავიგო! 😀 ხმამაღლა წაგიკითხავ და ერთად ვიცინოთ, ბავშვობაში რომ მეცინებოდა და ჩემებს გიჟი ვეგონე ისე 😀 დარწმუნებული ვარ, ახლაც გამოერევა სიცილს სევდა, თვალებიც მომეცრემლება, ნაწილობრივ სიცლისგან, ნაწილობრივ ამ სევდისგან. იცი როგორ მიყვარს დუმბაძე? არ იცი 😛 არაფრი შენ არ იცი რა! 😀 😀

ვსიო, გავიძურწე ახლა აქედან, თორემ მგონი ამ ნაჯღაბნის ადრესატს გაეღვიძა 😀

პ.ს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პირველად ადრესატი ნახავს 🙂 ნაჯღაბნის მიზანი მხოლოდ ერთი ღიმილია დილით, იქნებ პოზიტიური დღეც. წაშლა-არ წაშლა დამოკიდებულია ადრესატზე და ავტორის წყენას არ გამოიწვევს 🙂

ხო, :#

(კლიპიც არაა ურიგო, დააკვირდი 😉 )

შემინდეთ, please

ქვიშიან ნაპირს
მივყვები ნელა,
ნიავი არ ქრის
ცოტათი ბნელა…

სადღაც აქ ახლოს
ტირილი ბავშვის,
მე აღარ მახსოვს
ვკარგავდი კავშირს.

მოფრენილ ფიქრებს
გავისვრი შორს,
ვიცი ხელს მიქნევ
გადარებ ჭორს.

მთრთოლვარე ტუჩებს
შევეხო სუნთქვით,
დავყვებით ქუჩებს
არ ვივლით სულ ტყით.

ვიცვლები ვიცი
და ვხდები სხვა,
აღარ მწამს ფიცი
მიწა და ცა.

ამდენი ცუდი,
ტალახში მოსვრა,
მტყუანთა კუდი
ცხოვრებამ მოსრა!

ნელ-ნელა მოდის
ბორბალი მართლის,
და ეს კი ლოდინს
ხდის უფრო მარტივს.

არც ისე ბევრი,
არც ისე ღრმად,
გავსილა ქვევრი
რომ რამე ვთქვათ.

ხანდახან ცაში
ღრუბელი ნოლი,
და როგორც ტაში
ხმაურს ქმნის ბოლი.

აქაურ წყენას
მოპარულ ,,ჩიიზს’’
გიმალავთ ყველას,
 შემინდეთ, please.

The fallen leaves


ადრინდელი, შეიძლება უფრო მეტი ხნისაც კი, სურათები სწრაფად აღდგა გონებაში და ქაოსური თანმიმდევრობით ეცვლებიან ერთმანეთს. უფრო გახუნებული, მოშავ-თეთრო ფერისა და უფოკუსოდ დარჩენილნი მხოლოდ შორეულ, ოდნავ შესამჩნევ გრძნობასავით რაღაცას მიტოვებდნენ. სამაგიეროდ არ მიტოვებდნენ ეჭვს, რომ ყველანი წარსულის იმ განყოფილებაში ჩავყარე საიდანაც უკან იშვიათად ბრუნდება ვინმე ან რამე…
ბოლო დღეებში შემოჩვეული სუსხიანი და ბოროტი ქარი ყოველგვარი მოწყალების გარეშე ხვეტავს ყვითელ ფოთლებს მიწიდან და ფეხებში მირტყამს. თითქოს უნდა მაგრძნობინოს, რომ არ ვდგავარ და მივდივარ სადღაც, რაღაცისთვის მაგრამ მივდივარ… ,,ისეთი ძლიერია, მანქანიდან რომ სახეს ვყოფდი ხოლმე ბავშვობაში ის არაფერია ამასთან’’ – ვფიქრობ უკვე საკმაოდ გათოშილი და მწვანე თბილისის გაყვითლებულ ნარჩენებს ფეხით ვურევ. ეს კი ისევ აიტაცებს და ზედ მაყრის. დამარხვა უნდა ჩემი და არ იცის რომ ერთ გორაკად მოგროვილს მაინც არავინ გააჩერებს ამდენ ფოთოლს. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, რომ მოვა ცეცხლს მისცემს, ან სულაც ბოროტად დაშლის და გააღავებს. ერთიანობის გვეშინია… (more…)

დავიწყება

მთებისკენ მიმავალ ბილიკს,
მზე ჩუქნის სხივებს ნედლს,
ხედი თვალებით მიგაბავს,
ცხოვრებას გახდის ნელს;

თეთრად მოსილი მწვერვალი
ამაყად გიგდებს ყურს,
რბოლოთ დაღლილი მწევარი
ძლივსღა იჩერებს გულს.

მუქი კონდახი კისერთან
ქამარზე ტოლჩა წყლის
მაღლა შეტოპა ისედაც,
 ამ მონადირემ წლის.

არ უფრთხის დიად არწივებს,
რახან ფეხით დგას ძირს.
კლდოვანებს ისე აწივლებს
ჯიხვებს არ აცლის ფიქრს.

მზე მერამდენედ გორდება,
დროს ვეღარ ზომავს თვლით,
გონებას ნელა შორდება,
იმ ქალის სახე თვით.

ყოველ დღე უფრო ბუნდოვნად
იხსენებს ჩალას, ტყეს,
მის სიცილს, ვნებას უპოვარს,
ღიმილით ხვდება დღეს.

იცის რისთვისაც მიიწევს,
მწვერვალის იქით მზე,
სულით მიჰყვება იმ ბიჭებს,
 აქ რომ ეძებდნენ გზებს… 

იპოვის თავისუფლებას,
გონებას მოხსნის შიშს;
შენი დანახვის წუთებმა,
ის დაამსგავსა გიჟს.

მიხედე აჩრდილს მაგისას,
მთიდან რომ დაგრჩა ხელთ.
ბედმა გრძნობები გვაღირსა,
გულს ნუღარ გავხდით ხმელს!

%d bloggers like this: