ერთი წვიმიანი დღე

ქუჩას ნახევრადმდუმარედ ასველებდა მუქი ღრუბლების გადმონასროლი მასა. გაწუწული ცუგა, ღობის ძირში აშკარად აღარ ფიქრობდა რომ ზაფხული წავიდა. სუსხშეპარული სიცივე მოახლოვებული ზამთრის ნიშანი იყო და ეს უკანასკნელიც ალბათ იმას ახმარდა თავის ძაღლურ გონებას ახლა, რომ როგორმე მოეფიქრებინა მომავალი რამოდენიმე თვის გადასატანი ადგილი.
ქუჩის ,,რაზვაროტზე’’ წყლის მილი გახეთქილიყო და რამდენიმე დღეა ქალქაქის მერიის თანამშრომელები თავდადებით ებრძვიან შეუჩერებელ ჭავლს. ნარინჯისფერ უნიფორმებში გამოწყობილები წერაქვებითა და შეწუხებული სახეებით ჩუმად დააბიჯებენ ტალახის დიდი გროვის გარშემო.
დაცვის მსუქანი თანამშრომელი ჩაწოლილი ცელულიტების გამოსაფერთხად გამოსულა თავისი ჯიხურიდან და უინტერესო სახით ადევნებს თვალს მოცურებული მანქანიდან გადმოსულ ახალგაზრდა ბიჭს, თავისი ფარების ნამსხვრევებს რომ დასდგომია თავს და ცდილობს რაც შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდეს მამასთან დამტვერეული მანქანის წარდგენის წინ.
მძიმედ ჩაიარა ყვითელმა ავტობუსმა. მუშების მიერ წინა დღით გათხრილ ადგილას დიდ გუბეში საზარელი ჭრიჭინით გატოპა ცალი ბორბლით და შუშებზე სახეებით აკრულ მგზავრებს კიდევ ერთი წამიერი ტანჯვა აჩუქა.
გარეთ მეც გამოვიხედე… ყველანი გაშეშებულიყვნენ… გაწუწული ცუგა, წყალკანალის მუშები, დაცვის მსუქანი თანამშრომელი, დამტვრეული მანქანის მძღოლი, ავტობუსის შუშებზე აკრული სახეები, ყველასთვის თითქოს დრომ გაჭედა ყველას თვალები მხოლოდ ცალ მხარეს იყო მიმართული და გაყინულ მდგომარეობაში გაჩერებულიყვნენ.
ქუჩის ბოლოში, თეთრი ფარფაშა კაბით, შავი კოლგოტითა და მაღალი ჩექმებით, ქოლგიანი გოგონა მოდიოდა. თამამი ნაბიჯით ჩამიარა გვერდით და ახლაღა შევამჩნიე რომ წვიმა უკვე აღარ მინდობდა და გამალებით მირტყამდა ცივ წვეთებს სახეში. მარცხნივ გავიხედე…
ქუჩის ბოლოში თეთრი ფარფაშა კაბით, შავი კოლგოტითა და მაღალი ჩექმებით, ქოლგიანი გოგონა მიდიოდა… გავეკიდე…

Advertisements
%d bloggers like this: