არბო

ოცდათორმეტი კილომეტრი თბილისი-სენაკის მაგისტრალიდან ჩრდილოეთისაკენ. საოცარი გზაა, რაღაცნაირად გულთან ახლო. ჭადრების ხეივანი, რომელიც მწვანე გვირაბს დამსგავსებია და მომაჯადოებელ სითბოს აფრქვევს მაშინაც კი, როცა ფოთლებს განაგდებს ზამთარში და გამხდარი წვრილი ტოტებით უსიცოცხლოდ გეფარება თავზე. ამ ხეივნებს შორის რამდენიმე ჩვეულებრივი ქართლის სოფელია, მჭიდროდ დასახლებული, სადაც მეზობლებს ლამის საერთო ეზო აქვთ. გორიდან ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ ერთ-ერთი ეზოს კედელზე შეამჩნევთ ძველ გაცრეცილ ტრაფარეტს, ოდნავ შესამჩნევი წარწერით ,,არბო’’. აქ იწყება ეს პატარა სოფელი, რომლიც სულ რაღაც ასოიდე ოჯახს ითვლის. ამ ეზოს პატრონს კი, რომლის კედელზეც ეს ტრაფარეტია გაკული, აქამდე ვერ გაუგია რომელ სოფელს ეკუთვნის. მისი სახლი არბოში დგას ეზო კი ქორდში. მთელი სოფელი ძირითადად მთავარი გზის გარშემოა გაშენებული და ყველა იცნობს ერთმანეთს. მწვანეში ჩაფლული სკოლის გავლის მერე გზა მკვეთრად უხვევს მარჯვნივ და წამებში წამოიზრდება თვალწინ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მაღალი სამრეკლო! ეს ეკლესია საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის და კომუნისტების დროს, ისევე როგორც დანარჩენი ორი, ხორბლის საწყობად გამოიყენებოდა. საბჭოთა კავშირის დროინდელია ძველ, ერთგუმბათიან ქართულ სტილზე, რუსული სამრეკლოს მიშენების კვალიც. ეს ეკლესია ყველაზე მაღალი შენობაა სოფელში და თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს. გვერდზე მდებარეობს მეათე საუკუნით დათარიღებული ბაზილიკა, რომელიც ,, არბოს ძველი წმინდა გიორგის’’ სახელითაა ცნობილი. მათ უკან კი წმ. მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ეს ორი უკანასკნელი, ბოლო სამი წლის განმავლობაში აღადგინა სოფლის მოსახლეობამ გარკვეული პერსონების მხარდაჭერითა და ორგანიზებით. ,,სამეული’’ საოცარ მადლს ჰფენს არემარეს და ამ რეგიონის ერთ-ერთ მთავარ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, წირვა-ლოცვა აქ ორიოდ წელია რაც აღდგა. მანამდე კი ეს ეკლესია მცირერიცხოვანი მრევლის ანაბარა იყო მიტოვებული. ეს ადგილი სოფლის უპირობო ცენტრადაც მოიაზრება და ამ ცენტრშივე მდებარეობს ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმიც. სამწუხაროდ ამჟამად დაკეტილია, მისი ოდესღაც ლამაზი მარად მწვანე ეზო კი მხოლოდ კარტის სათამაშო ადგილად გამოიყენება ზაფხულში.
წმ. ღვთისმშობლის ეკლესიის უკან ერთ დროს ყველაზე მაღალი სახლი დგას, რომელიც ასევე მწერალ ანტონ ფურცელაძეს უკუთვნოდა და მისი შთამომავლები მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც ჩემი აზრით იმის წინაპირობაა, რომ კულტურის ეს ძეგლიც დავიწყებას მიეცემა ნანგრევების სახით.
სოფლის დასასრული მიხვეულ-მოხვეული დაღმართია, რომელსაც მდინარე ,,პატარა ლიახვის’’-ს ხეობაში ჩავყავართ და იმ ხიდს ვეჯახებით, რომელიც მეორე სოფელთან გვაერთებს! ადრე ამ ადგილას დაკიდული საცალფეხო ხიდი ყოფილა, რომელიც ბევრჯერ წაუღია ადიდებულ მდინარეს. ასეთი წყალდიდობა ჩვენ თაობას აღარ ახსოვს, თუმცა მოხუცი მოსახლეობა მუდამ ღიმილით შეჰყურებს ახალ რკინა-ბეტონის ხიდს, რომელსაც წყლით წალეკვა ნამდვილად აღარ ემუქრება და არც ისე ქანაობს, როგორც მათი ბავშვობის საცალფეხო ბილიკი.
მდინარის გასწვრივ ჭალებია. ზაფხულობით ერთი სიამოვნებაა საბანაოდან ამ მწვანე წალკოტების გავლით სახლში დაბრუნება. ბავშვები აქ სწავლობენ ნადირობას წვრილ ფრინველზე, აქ იპარებიან ლუდის დასალევად, მწვადის შესაწვავად და სიგარეტის მოსაწევად, რომ მშობლებს არ მოხვდნენ თვალში.
მდინარეზე გადებული რკინა-ბეტონის ხიდი მართალია წყალდიდობას აღარ უფრთხის, მაგრამ ჩანგრევის კანდიდატი ნამდვილად იყო ხოლმე ზაფხულობით, როცა აქეთ-იქეთ სოფლებში ჩამოსული ახალგაზრდობა იკრიბებოდა მასზე და მდინარის ჩუხჩუხის ფონზე უყურებდა მთვარეს დილამდე.
2008 წლის აგვისტოს მერე სიტუაცია ძირეულად შეიცვალა. არათუ ქალაქებიდან იკლო დამსვენებელმა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც კი გადაიხვეწა სადღაც. ხალხს ეშინია და არც მთლად უსაფუძვლოდ, რადგან სიტუაცია აშკარად გაურკვეველი და უმართავია ასეთ პირობებში კი მხოლოდ ექსტრემისტი დამსვენებელი თუ მიიღებს განტვირთვას.
ცხინვალი მდებარეობს იმ მთის დასავლეთ ფერდობზე, რომლის აღმოსავლეთ მხარეს სოფელი ერედვი დუღდა და ქუხდა! ახლა კი მისგან უსიცოცხლო ნანგრევებიღაა დარჩენილი. ეს ფერდობი კარგად ჩანს ჩემი სოფლის განაპირა მხრიდან, რადგან იქამდე სულ სამი-ოთხი კილომეტრია და მინდორ-მინდორ მიმოსვლა ყოველთვის არსებობდა ჩვენს შორის, ფეხით სიარულის მოყვარულთა წყალობით.
რუსეთის ოკუპაციის შემდგომ სწორედ ამ მინდორზე ჩემი სახლიდან ორ კილომეტრში გაივლო ,,პირობითი საზღვარი’’ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ამ საზღვართან მიახლოვება კი თამამად შემიძლია ვთქვა, დიდი რისკისა და სიმამაცის ფასად უხდება ადგილობრივ მოსახლეობას. არადა ზოგს ვაღ-ვენახი რამდენიმე მეტრით აქვს დაშორებული ამ ადგილიდან და საცოდაობის პიკი დგება მაშინ, როცა შეშინებულ გლეხს საკუთარი ბაღიდან, დახრილს, შიშით გამოაქვს ხილი, თითქოს ვინმეს ჰპარავდეს ისე იყურება აქეთ-იქეთ და ყოველ გაფაჩუნებაზე სიმწრის ოფლში იწურება!
რა გასაკვირია ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში დამსვენებელთა და მოსახლეობის მკვეთრი შემცირება. ადრე მუდამ მხიარული და ცოცხალი სოფელი აწი მხოლოდ სუნთქავს და მაცხოვრებელი ალბათ მხოლოდ იმიტომ არ გარბის სადმე, რომ უბრალოდ წასასვლელი არ გააჩნია. მთავრობის აშენებულ ერთ ოთახიან საქათმეებში ცხოვრებას, კი ალბათ მაინც თავისი გვაროვნული სახლი ურჩევნია, რომელიც ჯერჯერობით სასწაულებრივად გადაურჩა რუსულ ბომბებს…
აქაურებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ საზღვარზე ცხოვრობენ და ყოველდღიურ შრომა-საქმიანობას არაკონტროლირებად ,,ნეირტალურ’’ ტერიტორიაზე ეწვიან დიდი ფსიქოლოგიური და მორალური წნეხის ქვეშ. ამ ყველაფერს ემატება სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი სარწყავი წყლის მიტაცება ოსების მიერ და ნახევრად გადამხმარი ბაღები მხოლოდ წვიმისა და სასწაულის ხარჯზე ,,გამოპარული’’ პატარა რუების იმედზეა ზაფხულობით.
მთელი ეს სურათი საოცრად მწარე სანახავია მისთვის, ვინც იცის რა არის საკუთარი კუთხისა და სახლის სიყვარული. ეს იგივეა მთელი ბავშვობა იარო საახალწლო ნაძვის ხესთან, რომელიც მუდამ ციმციმებდა ათასფრად და რომლის ძირშიც მუდამ საჩუქარი გხვდებოდა. ახლა კი გამხმარი ყავისფერი ღეროა დარჩენილი და ძირს ნაგავი უყრია…
ალბათ ტერიტორიულ ერთეულსაც აქვს მშობლის მაგვარი ეფექტი და რამდენად ცუდი და მწარეც არ უნდა იყოს ის, რაღაც მომენტში მაინც გრძნობ ადამიანი, რომ შენია და საყვარელია. ასეთი გრძნობა მაქვს ზუსტად ახლა, როცა ამ სტროფებს ვწერ, ძველ სავარძელში ჩაყუდებული, ვეებერთელა შეშის ფეჩის გვერდზე. გარეთ გადაუღებლად წვიმს და ინგლისური ტიპის ფანჯრიდან თბილად მიყურებს არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მტკივა, მაგრამ მაინც მიყვარს! მტკივა, რომ აღდგომა თენდება და გადაჭედილი ქუჩის მაგივრად დილით ეზოს წინ მხოლოდ რამდენიმე მანქანას დავინახავ. მლოცველების ჟრიამულის მაგივრად კი ჩვეული სიჩუმე იდგება ეკლესიასთან. მტკივა, რომ აქ მოსახვედრად სამხედრო პოსტზე მიწევს გაჩერება და პირადობის მოწმობისა და მანქანის საფუძვლიანი შემოწმების გავლა. მტკივა, რომ რამოდენიმე ადამიანი ასე დავკარგე, რომ ვერც ერთი სოციალური ქსელი ვეღარ აღმიდგენს ურთიერთობას მათთან, არადა სიგარეტის მოწევა ერთად ,,დავიწყეთ’’ 7 წლის ასაკში და 7 წელი კი იქნება, რომ ასეთ ისტორიულ ადგილს არ გაკარებიან…
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ხვალ საქართველოში გავიღვიძებ თუ რუსეთში, ქართული კავშირგაბმულობა და ტელევიზია გამუდმებით იხშობა სამხედრო მოწყობილობებით და ფაქტიურად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ საყვარელ ჭალაში ვეღარ ჩავსულვარ უბრალოდ საკუთარი უსაფრთხოების შენარჩუნების გამო, მოუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარების დისლოკაციის შემდეგ ტურების შიშით, ვერავის ვეღარ დავითანხმებ ხიდზე ჩასვლას ღამე მთვარის საყურებლად, მე მაინც მიყვარს ჩემი სოფელი! ის წვიმის ხმა მიყვარს, რომელიც ახლა მესმის, ჩემი ფარდულის შიფერი რომ გამოსცემს, ის სუნი მიყვარს ჭალიდან რომ ამოდის და მხოლოდ ამ დროს ამოდის ასეთი, აპრილში! ჩემი პატარა ლიახვის დაგუდული ხმა მესმის, ხეობიდან რომ აღწევს, იმ ლიახვის, რომელშიც ცურვა ვისწავლე და რომლის წყალი ლიტრობით მექნება ნაყლაპი!
ის მიყვარს, რაც მაქვს და ღვთის წყალობით ჯერ არ დამიკარგავს! ის პატარა ადგილი მიყვარს, რომელიც მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინ გადაიღო Gოოგლე Eარტჰ-მა და რომელიც საქართველოს ზოგად რუკაზე მონიშნულიც არაა, სიმცირის გამო. თუმცა რამხელა კულტურულ, რელიგიურ და მორალურ განძს წარმოადგენს, ზოგადად მაინც დაინახავდით!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. ტკივილიანი პოსტია… რა ცუდია, რომ ყველას ასე არ სტკივა. გული შემეკუმშა…” ეს იგივეა მთელი ბავშვობა იარო საახალწლო ნაძვის ხესთან, რომელიც მუდამ ციმციმებდა ათასფრად და რომლის ძირშიც მუდამ საჩუქარი გხვდებოდა. ახლა კი გამხმარი ყავისფერი ღეროა დარჩენილი და ძირს ნაგავი უყრია…”-მგონი ეს მთელ ქვეყანასაც მოუხდებოდა… ნეტავი როდესმე თუ დაგვხვდება განათებული და გამართული ნაძვის ხე, რომელიც ალბათ არც ბავშვობაში ციმციმებდა, მაგრამ ბავშვობის გამო გვეჩვენებოდა ასე…ეჰ, ჩემო შიო… მეც ისე მტკივა ეს საწყალი ქვეყანა ამდენი უვარგისის ხელში,რომ რა ვიცი… სულ ილიას სიტყვები მახსენდება “აჩრდილიდან”, საქართველოს ობოლ ბავშვს რომ ადარებს, უცხო კალთის ქვეშ შეფარებულს…

    პასუხი
    • სამწუხაროდ თითქმის სულ ვიღაცის კალთის ვეშ გვიწევს ყოფნა და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს კალთა ჩვენი ბებიისა ან დედის ტკბილი კალთა არ არის ხოლმე და მის პატრონებს უბრალოდ ვკიდივართ და მხოლოდ იმიტომ გვიფარებს რომ არ ვიჭყიპინოთ და ვემსახუროთ :((

      პასუხი
  2. საოცარი გრძნობითაა დაწერილი! თვალწინ წარმომიდგა შენი სიფელი 🙂 ყოჩაღ შიო 😉

    პასუხი
  3. მეც აქ ვცხოვრობ და მართლაც ძნელია ოკუპირებული ტერიტორიის ყურება

    პასუხი
  4. ჩემი სოფელი 🙂

    პასუხი
  5. genacvale vinc es dawera…..chemi sopeli , aq maqvs gatarebuli bavshvobis wlebi , dzalian miyvars ❤

    პასუხი
  6. პაპი

     /  იანვარი 13, 2015

    პირველი სიგარეტი გითხრა როდის მოწიე? 1998 წლის 10 სექტემბერს

    პასუხი
  7. Meamayeba ROM am sopelshi vcxovroob

    პასუხი
  8. აღდგომა….. არასოდეს დამავიწყდება აღდგომა არბოში, ჭონააააა….. ;(

    პასუხი
  9. ჩემი ტკბილი ბავშვობაა არბო..<3
    ვგიჟდები ყველაზე და ყველაფერზე, რაც არბოს უკავშირდება.
    საოცრად მადლიანი სოფელი გვაქვს და მჯერა,რომ ყველაფერი კარგად იქნება..
    შენ კი ბრავო,ასე კარგად,რომ დაანახე ყველას არბო..<3

    პასუხი
  10. მე “ტკივილიანი სიყვარული” ვუწოდე ჩემს არბოს….. არბო არის ჩემთვის ის გრძნობა რომლის გამოხატვის მცდელობისთანავე აგარც წერა მემორჩილება და აღარც სიტყვა, ცრემლის გარეშე კი გაფიქრებაც არ შემიძლია მასზე, ჩემი ბავშვობის მოგონებებზე და იქ დარჩენილ მოხუც პაპაზე… ( ეს სამეული ჩემი ცხოვრებაა)…
    ბედნიერი ვიქნებოდი ოდესმე თუ შევძლებდი გამომეხატა ჩემი გრძნობები მის მიმართ…. შენ ეს შეძელი შიო და მიხარია 🙂

    პასუხი
  11. kochag shio.unichieresi xar.me qordidan var.im arbos carcerastan axlos gvaq saxli.iq ar micxovria magram zapxulobit chemi bavshvobis ardadegebi qords ukavshirdeba.mtvaris shuqzec gvianobamde seirnoba chems amxanagebtan ertad.ase lamazad ver gadmovcem chems grdznobebs magram shemidzlia vtqva rom sul maxsovs da menatreba chemi sopeli.im xis saxlis suni sadac chavdiodi da visvenebdi…liaxvi da is chalebic tvalcin damidga romelic axsene.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: