ერთი წვიმიანი დღე

ქუჩას ნახევრადმდუმარედ ასველებდა მუქი ღრუბლების გადმონასროლი მასა. გაწუწული ცუგა, ღობის ძირში აშკარად აღარ ფიქრობდა რომ ზაფხული წავიდა. სუსხშეპარული სიცივე მოახლოვებული ზამთრის ნიშანი იყო და ეს უკანასკნელიც ალბათ იმას ახმარდა თავის ძაღლურ გონებას ახლა, რომ როგორმე მოეფიქრებინა მომავალი რამოდენიმე თვის გადასატანი ადგილი.
ქუჩის ,,რაზვაროტზე’’ წყლის მილი გახეთქილიყო და რამდენიმე დღეა ქალქაქის მერიის თანამშრომელები თავდადებით ებრძვიან შეუჩერებელ ჭავლს. ნარინჯისფერ უნიფორმებში გამოწყობილები წერაქვებითა და შეწუხებული სახეებით ჩუმად დააბიჯებენ ტალახის დიდი გროვის გარშემო.
დაცვის მსუქანი თანამშრომელი ჩაწოლილი ცელულიტების გამოსაფერთხად გამოსულა თავისი ჯიხურიდან და უინტერესო სახით ადევნებს თვალს მოცურებული მანქანიდან გადმოსულ ახალგაზრდა ბიჭს, თავისი ფარების ნამსხვრევებს რომ დასდგომია თავს და ცდილობს რაც შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდეს მამასთან დამტვერეული მანქანის წარდგენის წინ.
მძიმედ ჩაიარა ყვითელმა ავტობუსმა. მუშების მიერ წინა დღით გათხრილ ადგილას დიდ გუბეში საზარელი ჭრიჭინით გატოპა ცალი ბორბლით და შუშებზე სახეებით აკრულ მგზავრებს კიდევ ერთი წამიერი ტანჯვა აჩუქა.
გარეთ მეც გამოვიხედე… ყველანი გაშეშებულიყვნენ… გაწუწული ცუგა, წყალკანალის მუშები, დაცვის მსუქანი თანამშრომელი, დამტვრეული მანქანის მძღოლი, ავტობუსის შუშებზე აკრული სახეები, ყველასთვის თითქოს დრომ გაჭედა ყველას თვალები მხოლოდ ცალ მხარეს იყო მიმართული და გაყინულ მდგომარეობაში გაჩერებულიყვნენ.
ქუჩის ბოლოში, თეთრი ფარფაშა კაბით, შავი კოლგოტითა და მაღალი ჩექმებით, ქოლგიანი გოგონა მოდიოდა. თამამი ნაბიჯით ჩამიარა გვერდით და ახლაღა შევამჩნიე რომ წვიმა უკვე აღარ მინდობდა და გამალებით მირტყამდა ცივ წვეთებს სახეში. მარცხნივ გავიხედე…
ქუჩის ბოლოში თეთრი ფარფაშა კაბით, შავი კოლგოტითა და მაღალი ჩექმებით, ქოლგიანი გოგონა მიდიოდა… გავეკიდე…

Advertisements

საღამო

ზამთრისპირული გამომშვიდების სითბო ისევ შერჩენოდა სასიამოვნოდ სუსხიან ჰაერს. მოვაბიჯებდი ძველებურად მარტო სინათლის ქალაქის ქუჩებში და ხარბად ვისრუტავდი წარსულის გრძნობებით გაჯღენთილ ჰაერს. ალბათ ადრე სიგარეტს გავუკიდებდი და მარჯვენა ხელზე შემცივდებოდა, მერე პაპიროსს ტუჩების კუთხეში მოვაქცევდი და ბოლო ნაფაზის შემდეგ კარგად დამუღამებული მანევრით გავიქნევდი შორს. ახლა აღარ ვეწევი, ბევრ სხვა რამესაც აღარ ვაკეთებ მაშინდელს. ბევრი რამე შეიცვალა და ბევრ ახალთან ერთად მიხარია, რომ ის ძველებური გრძნობები უბრალო გასეირნებამ დამიბრუნა ხალხისგან ცარიელ ქუჩებში. (more…)

შიმშილი

ისიც ჩემსავით ზის და ხარბად ახმაურებს გამომშრალ კლავიატურას, ან ფეხები შემოუწყვია მაგიდაზე…
ისიც გვიან მოვიდა გუშინ ველოსიპედით და დაღლილს საოცრად ესიამოვნა ცხელი წყალი…
ისიც ჩემსავით დადის მეგობრებთან ერთად ათას ადგილას და თითქმის არასოდეს ამბობს უარს ასეთ ღონისძიებებზე…
მას ჩემსავით მანქანა ჰყავს და დროდადრო შესანიშნავად ატარებს დროს ქალაქგარეთ…
დღესაც ის ჩემსავით ღიმილით უსმენს საყვარელ მელოდიას YouTube-ზე…
მე მშია…
მასაც შია…
მე დედას ველოდები, მეზარება თბილი სავარძლიდან ადგომა და რამის მომზადება. მირჩევნია ცოტა ხანს ,,გავუძლო’’ და მერე გემრიელად წავიხემსო.
ის ზის და მასაც ეზარება სავარძლიდან ადგომა, მას არაფერი დახვდება მაცივარში და შესაბამისად ვერც ვერაფერს გაიმზადებს. მისი დღუირი ულუფა დამთავრდა და ხვალამდე არც არაფერი იქნება…
მე შაურმა და მწვადი მიყვარს და ქოლესტერინისგან კუჭის პრობლემები მაქვს…
მას ხშირად საცხობში ნაყიდ საჭმელზე გაუტარებია დღე და მასაც კუჭის პრობლემა აქვს…
მე ვიღლები მონიტორის ყურებით და საწოლში წიგნს მივათრევ რომ დამეძინოს…
ისიც მიათრევს წიგნს და იძინებს რომ შიმშილი აღარ იგრძნოს…
მეორე დღეს მე მხაირულ ხასიათზე ვიღვიძებ და მას ვხვდები რადგან ის მხიარული ადამიანია…
მეორე დღეს ის მე მხვდება მხიარულ ხასიათზე, რადგან არავის არასოდეს აგრძნობინებს თავის რეალურ შიმშილს!

ხეობა


ალბათ დადგა ის დროც, რომ სანტიმეტრებით მაინც მოვიწიე შენსკენ და ყველაფრის მიუხედავად ვცდილობ რომ მათ თავდაპირველ რაოდენობას რაღაც მაინც შევმატო, თუმცა წარსულის სიბლანტე ჯერ ისევ მომყვება ჭაობისფერი სახადივით.
ვწევარ ნახევრადბნელ ოთახში, წინა დღეების ორომტრიალით სულმილეული და ვფიქრობ რამდენის შეძლებაა რეალური როცა ,,დუხზე’’ ხარ ადამიანი. როცა არ ფიქრობ, არ გაშინებს და არ გაბრკოლებს ღამე და სიცივე, გადაღლა და მოსალოდნელი სირთულეები. როცა სადღაც შიგნით მხოლოდ საქმის ბოლომდე გაკეთების სურვილის სითბოს გრძნობ და ასევე შენთვის გიხარია რომ ეს ყველაფერი უბრალო მოვალეობაზე გაცილებით მეტია და ის საიდანღაც სიღრმიდან მოდის, იქიდან, სადაც საერთოდ იბადება ნებისმიერი ურთიერთობა… (more…)

აჩრდილი

,,მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, წვერ-ულვაშიც გამომეკვეთა ასეა თუ ისე და… ღმერთო ჩემო, საკმაო გამოცდილებაც მაქვს ჩემ თანატოლებთან შედარებით. მათ თუ არა, მე ხომ ვიცი ეს?! რა მჭირს ახლა, თავი ხელში ვერ ამიყვანია, შიშის დრო სად არის ამ პაწია სიცოცხლეში? შიშის დრო არ არის! შიშის დრო არ არის!…’’ – იმეორებდა თავისთვის ჰენრიკი და ყველანაირად ცდილობდა არ მიბრუნებულიყო, თუმცა როცა ჩემს აივანს ჩაუარა ძალიან აჩქარებული ნაბიჯით, მისი გახშირებული სუნთქვის გარდა აშკარად დავინახე, რომ ერთი სული ჰქონდა უკან მიეხედა.
მისი ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ მიამიტი, ცხოვრებით მხიარული, ოპტიმიზმით სავსე ბალღი გახლდათ. საჯარო ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში მომღიმარი სახით იჯდა რაღაც წითელყდიან წიგნს მიჩერებოდა. სათავგადასავლო რომანის ეს ნიმუში მეც გამოვიწერე მეორე დღეს და ის რომ შემოვიდა ვერც კი შევამჩნიე. უცბად დამადგა თავზე და სწორედ იმ გვერდის ციტირება გამიკეთა სადაც მისადაუნებურად მე შევჩერდი. (more…)

ოთხიათასიანები

წამოსულა გავარვარებული სფერო, წამოსულა და იმდენი უვლია სანამ კლდოვან სიმაღლეს არ აჯობა ცისკენ გაფრენაში. აჯობა და მისი სხივებიც საამო მალამოსავით მომეხვია სახეზე, გამაყუჩა წამით და მომეალერსა…
შვიდს წუთები აკლდა, მაგრად რომ გავიზმორე და ბუნებრივად გაღვიძებული სახე მზეს მივუშვირე. გარშემო ყვითელი და ნარინჯისფერი გამმა ყვაოდა მთელი ძალით. თავს ოთხიათასიანები წამომდგომოდნენ და ღიმილით მეფერებოდნენ მძინარეს ალბათ. პირველ სხივებს მინდობოდნენ დახრამული ფერდობებით და დუმილს მისცემოდნენ მთელი არსებით. ალბათ ცოტა მეტი სიჩუმე რომ ყოფილიყო მზის გორაობის ხმას გავიგონებდი ცის კამარაზე. მთის პატარა თუმცა ველური მდინარე უხვად მჩუქნის სიფხიზლეს და კარავში დაბრუნებული ფეხის თითებამდე ვსუნთქავ სიცოცხლით.
ახლა უკვე შორს ვარ, ზღვის დონიდან, საკუთარი ქვეყნიდან, შენგან… ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ისევე წაიშალა, როგორც იმ ზაფხულს დახაზული ქვიშიან პლაჟზე. აღარც მტკივა. სახელდახელოდ ვადუღებ დიდ ფინჯან ჩაის და კარავში ვბრუნდები… (more…)

Да!

Где вы люди серые?
Я нуждаюсь в вас,
Жду же веки целые,
Стал совсем как квас.

Совесть моя, верная
Отвернись на миг,
Жизнь, как сука скверная,
Не показивай фиг!

არბო

ოცდათორმეტი კილომეტრი თბილისი-სენაკის მაგისტრალიდან ჩრდილოეთისაკენ. საოცარი გზაა, რაღაცნაირად გულთან ახლო. ჭადრების ხეივანი, რომელიც მწვანე გვირაბს დამსგავსებია და მომაჯადოებელ სითბოს აფრქვევს მაშინაც კი, როცა ფოთლებს განაგდებს ზამთარში და გამხდარი წვრილი ტოტებით უსიცოცხლოდ გეფარება თავზე. ამ ხეივნებს შორის რამდენიმე ჩვეულებრივი ქართლის სოფელია, მჭიდროდ დასახლებული, სადაც მეზობლებს ლამის საერთო ეზო აქვთ. გორიდან ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ ერთ-ერთი ეზოს კედელზე შეამჩნევთ ძველ გაცრეცილ ტრაფარეტს, ოდნავ შესამჩნევი წარწერით ,,არბო’’. აქ იწყება ეს პატარა სოფელი, რომლიც სულ რაღაც ასოიდე ოჯახს ითვლის. ამ ეზოს პატრონს კი, რომლის კედელზეც ეს ტრაფარეტია გაკული, აქამდე ვერ გაუგია რომელ სოფელს ეკუთვნის. მისი სახლი არბოში დგას ეზო კი ქორდში. მთელი სოფელი ძირითადად მთავარი გზის გარშემოა გაშენებული და ყველა იცნობს ერთმანეთს. მწვანეში ჩაფლული სკოლის გავლის მერე გზა მკვეთრად უხვევს მარჯვნივ და წამებში წამოიზრდება თვალწინ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მაღალი სამრეკლო! (more…)

ჩვენ სამნი


მხოლოდ სამნი ვსხედვართ მბჟუტავი ყვითელი სინათლის გარშემო. უმოძრაობისაგან სიმხურვალეს მოკლებული სხეულები ზანტად გვიდევს გამხმარ სკამებზე და სიცოცხლის ნიშანწყალი თითქმის არ გვეტყობა. მხოლოდ ხანდახან ვასრულებინებთ ჩაის ჭიქას მაგიდა-ტუჩების მიმართულებით სწრაფ რეისს და ისევ უსიცოცხლო ატომების გროვასავით მივშტერებივართ ნახევრად ბნელ სივრცეს…
გარშემო მხოლოდ ჩუმი, სიცივენარევი სითბო ტრიალებს. მოსულმა და მოახლოვებულმა მდედრის ტიპის ადამიანმა თითქოს კონტაქტის დამყარებაც კი სცადა ჩვენთან, მაგრამ იგრძნო, რომ თავის სიცივეს ჩვენსას ვერ დაუმატებდა კიდევ და იმდენად ურეაქციოდ გაქრა, რომ ამ პატარა სამყაროს ოთხ წამში აღარ ახსოვდა მისი არსებობის შესახებ. ჩვენ კი შემდეგი რეისი შევასრულებინეთ ჩაის ფინჯანს და შემდეგი უსიცოცხლო მოძრაობა დავიწყთ გაქვავებით. (more…)

ტკბილი წერილი– ვანილის არომატით

აქ– სხვა ბლოგზე, სტუმრად, ჩუმად, მარტო….. უცნაური გრძნობაა, როცა ვირტუალური მეგობრის რეალურ სამფლობელოში იმყოფები. შიო, შიო ბატონი , შიკო…

შიო ბატონო გაცნობის დღიდან უცნაურად მომეჩვენა შენი ბლოგის მარტივი და გაუგებარი ჰედერი– შავი და წითელი ზოლებით, ლომებით და წარწერით “შიოს მარანი”.

–”ერთი მოცლილი და 40 წელს მიღწეული, ბიძაა, დეპრესია დაემართა და გადაწყვიტა ბავშვების მარაქაში გაერიოს”–გავიფიქრე გესლიანად და გადავსრიალდი სხვა ბლოგზე.

ეს არის ის  სტანდარტული ემოციის მქონე ცივი აზრი, რაც უხო ადამიანებთან პირველივე კონტაქტის დროს მიკიაფებს ხოლმე გონებაში და რომ არა ჩემი ადანიანების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება , უცერემონიოდ და უზრდელურად შევაქცევდი ზურგს.

(more…)

%d bloggers like this: