თბილისი

გომელაურმა მომაყარა მასზე რითმები,
და მე უკეთესს ვეღარ ვიტყვი, არც მინდა გულით,
სულ აღარა მაქვს თავზე ნაღდად მაგდენი თმები,
ამ ქალაქის სტრესს რომ გავუძლო, არ მოვკვდე სულით.

ამდენი ჭუჭყი, უვიცობა ამოდის ყელში,
მეტასტაზები არ ჩერდება, ეკვრის გალავანს,
გამოღვიძებულს დილით მხვდება ნიჩაბი ხელში,
მაგრამ ამითი მე ვერ ვებრძვი ამდენ განავალს.

მწვანე სიბლანტე ნელა-ნელა მიმათრევს ქვემოთ,
არსაიდან შველა, მარტოდმარტო მხედავს ცერბერი,
ახლა გავიგებ ალბათ ძველი ბძოლების გემოს,
ფრთებს ზედ შევამსხვრევ და მოვკვდები როგორც ჩემები…

უცხო თვალისგან დამალული გავქრები, მაგრამ
ამ ქალაქის სუნს არ შევიგრძნობ მაინც გონებით,
ჯამლეტასა და ჯონდოს გვერდზე იდექით მარად ,
მე უარმყავით, მოიქეცით როგორც მონები.

მუხლებზე მიდევს ,,ჩაძირული ქალაქის ღამე,’’ 
ის ღამე რომლის დაბრუნება არ გვსურს არავის,
პირიქით თუა, მაშინ ხალხო, მითხარით რამე!
ხომ ხედავთ ცალკე ბრძოლის ძალა ჩვენში არ არის.

რა მოხდა ერთად რომ დავუდგეთ ქალაქს საშველად,
ის დავუბრუნოთ რაც ეკუთვნის დაბადებიდან,
მხოლოდ გაგება, სიყვარული გვინდა საშენად, 
პარაზიტები თავისითვე გადადგებიან.

მერე გავივლით სასეირნოდ ისევ ქუჩებში,
დაგვეხვევიან ცისარტყელის ფერად მუზები,
ნაღდი თბილისის ეშხს ვაკოცებთ გრძნობით ტუჩებში,
მეობის კარტად გვეყოლება მხოლოდ ტუზები.

მთელი ეს თემა ისევ რჩება ოცნებად, ბრძოლად…
უფლის შვილების გვეკარგება ყოველი ნაკვთი,
ეს რეალობა არ აფეთებს ჩვენ გულში ძრწოლას, 
რაღაც გვჭირდება ასანთებად, მაგვარი ნავთის.

ამ ნავთს ოდესმე ნაპერწკალი მაინც მიუვა, 
უბრალოდ უნდა გავახილოთ ფართოდ თვალები, 
შერონზე მეტად დავაფასოთ ბებო გიულა,
და მის მაგივრად ჩვენს სინდისთან გვქონდეს ვალები.

Advertisements
%d bloggers like this: