week-end

მოგისმენიათ სიჩუმის ხმაური? გულში რომ დაგეტაკება, სუნთქვას აძნელებს და მთელ ტანს უცნაური ჟრუანტელით ავსებს?
მათ დანახვაზე არაერთ პოეტსა და მწერალს შეუკავებია სუნთქვა წამით და შემდეგ ფილტვებში დაგროვებულ ჰაერს მათსავით მდიდრული და მაღალი ლექსები და პროზა ამოჰყოლია. უბრალო მოგზაურებს ყოველთვის აუღიათ ხელში კალამი და სხვებისთვის თუ არა, თავისთვის ბლოკნოტში ჩაუნიშნიათ ის საოცარი ემოციების ქარბუქი, რასაც ისედაც ვერაფრით დაივიწყებდნენ. იცოდნენ ეს, მაგრამ მაინც სათუთად უფრთხილდებოდნენ ამ მოგონებას და ყოველთვის ცდილობდნენ მისი მეორედ შეგრძნების შანსი არ გაეშვათ ხელიდან.
ვინ იცის რამდენი სახის, ფერისა და ხასიათის ადამიანი უნახავთ… რამდენი მიზეზი იციან იმისა, ეს მიწიერი ღვთის შვილები მათ ფეხქვეშ ძრწოლვითა და მოწიწებით, ზოგი აუწერელი სიხარულით, მაგრამ ისიც მოწიწებით რომ დაიარებიან და აბსოლიტურად ერთხმად აღიარებენ მათ სიდიადეს. (more…)

Advertisements

საკუთარი PR

რა სინდისით ვწერ ახლა მე საერთოდ ვერ მოვდივარ აზრზე. ვიცი ამას თქვენც გაიფიქრებთ, ან იფიქრებთ კიდეც ბოლოში რომ ჩახვალთ… საქმე ისაა, რომ ამას რომ ჩაიკითხავთ, საკმაოდ გვიანი იქნება. მე უკვე გაბღენძილი ვიჯდები ამავე სავარძელში, ნახევრად მწოლიარე პოზაში, კმაყოფილი სახითა მაუსის ოდნავი მოძრაობით დავიწყებ თქვენი კომენტარების კითხვას და ვიზიტორების დათვლას.
დამეხვევა აზრები იმის თაობაზე რამდენად ,,მაგარი როჟა’’ ვარ. ,,მწერლობის ნიჭი მაქვს’’ – დაწყევლილმა შეიძლება ასეთიც გავიფიქრო და ასევე შეიძლება ამ ყველაფრის მერე ნამუსის ძაფი უძრავად დამრჩეს. ადამიანია და გუნებაო ამბობენ და იმასაც ამბობენ, ხოლმე ხანდახან რაც საერთოდ არ არის სათქმელი.  (more…)

დაბრუნება

შემოდგომის მზე ნაზად ანათებდა და მეც მის ნეტარებას მიცემული მშვიდად ვიჯექი ძველებურ სკამზე. დღეს პირველად შევამჩნიე როგორ შეიცვალა ბუნება ზამთრისკენ. ალბათ უფრო დავაკვირდი თორე ამდენ შეყვითლებულ ფოთოლს ერთ ღამეში ვერ მოიბამდა ჩვენი ეზოს მოხუცი აკაცია.
 ბუნება შენ გამახსენე ახლა. რაღაცნაირი ლურჯი თვალებით რომ მიყურებ და ისე თბილად მიღიმი, როგორც მაშინ მე გაგიღიმე, როცა პირველად აღმოგაჩინე. გაგიღიმე, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ნათელი და ტკბილი გრძნობა დამეუფლა. არადა ჩვენი პირველი შეხვედრა არც ისე რომანტიკული იყო. პირველი შთაბეჭდილება გახსოვს? მხოლოდ ხათრის გამო რომ გამოგყევი და ძალდატანებით გავლიე ის საღამო შენთან ერთად. ისეთივე იყო შემდგომი რამდენიმე კვირა და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი რაღაც შენდამი, როცა სხვა ენაზე დამელაპარაკე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა არის სიყვარული. ტომისა და ბეკის რომანზეც კი არ მქონდა წარმოდგენა. სამაგიეროდ ვიცოდი, რომ შენთან ურთიერთობა მომიტანდა სიმშვიდეს და თავისუფლებას, რომელსაც მაშინ ალბათ გაუცნობიერებლად მთხოვდა შინაგანი სამყარო. სხვანაირად ვერც იქნებოდა შენთან ურთიერთობის ის რამდენიმე ზაფხული ასე უკვდავად რომ ჩამებეჭდა გონებაში და ის რამდენიმეწლიანი პაუზა, რომელიც უშენოდ გავატარე.
ალბათ როგორც ქალს ისე გიყურებ და აქედან გამომდინარე ალბათ ისევე მოგექეცი როგორც კაცი იქცევა… გაგსინჯე, დაგაძეხი და უცერემონიოდ მიგაგდე. მერე რა, რომ შუაღამე გაღვიძებულს რაღაც ძარღვი მტკიოდა შუბლის არეში, მერე რა, რომ ვნანობდი კიდეც ხანდახან?! ძირითადად ეს უკვე აღარაფერს ცვლის ხოლმე და ხანგრძლივი ფიქრის მერე ის პერიოდიც დადგა, როცა უკვე აუტანელი გახდა უშენობა, მაგრამ ამავე დროს შეუფასებლად მრცხვენოდა მოსვლა, რადგან როგორც ქალს ისე შეგხედე და როგორც კაცმა ისე მიგაგდე მაშინ…
არ ვიცი, ალბათ მაინც ჩემი გულწრფელი სინანული ჩაგესმა ზებუნებრივად ან იქნებ შენც გრძნობ რაღაც უხილავ კავშირს ჩვენ შორის. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა, რომ ახლა ჩემს გვერდით ხარ! მადლობა, რომ ბუნება გამახსენე და ჩემთან ერთად თბები ახლა შემოდგომისფერ მზეზე. გიყურებ, ვტკბები და ისევე ვერ გეშვები როგორც მაშინ, როცა ვნებებით გადავსებულ საღამოებს ვატარებდით ღია ცის ქვეშ. ახლაც, წლების წინანდელი გრძნობით გადავშალე შენი მესამასე გვერდი და შენც მიღიმი, რადგან იცი, ისევ როგორც ქალს ისე გექცევი და არ შეგეშვები სანამ არ გავათავებ… სანამ სარჩევის გვერდს არ მოვადგები და უკანა სქელ ყდას არ დაგახურავ!

შენ და ზღვა

მთელ ამ მელოდიას აშკარად ეტყობოდა წარმოშობის წყარო რომ ერთი ძველი, ტკბილი რადიოს სტუდია იყო. შესამჩნევი შიშინი გარკვეულ ეშხსაც კი ჰმატებდა ისედაც უკიდურესობამდე სასიამოვნო მუსიკას და მშვიდი ზღვის ხმაში ნაზად ქრებოდა…
ეს სიმღერა იმ წელს პირველად მოვისმინე… ,,here comes the sun…” ღიღინებდა ნინა სიმონე და მეც დარწმუნებით ვგრძნობდი მზის სითბოს სადღაც შიგნით, გულთან ახლოს. ტყუილად ხომ არაა ნათქვამი ჩვენს ამ მგრძნობიარე კუნთზე ამდენი ლექსი და ლეგენდა. (more…)

მაგრძნობინეთ

ხელოვანი მინდა ვიყო. იმიტომ არა რომ პოპულარობა მწადია. არა საერთოდ! პირიქით მთელი ცხოვრება ვცდილობ ჩრდილში დარჩენას და მეორეხარისხოვნებისთვის ვიბრძვი. ეს რა მოსატანია ეხლა და ისე კი ხელოვანი კაცის მშურს, რადგან შეუძლია თავისი რაღაცის მოწოდება ჩვენთვის, უბრალო მოკვდავი ადამიანებისთვის. სიმღერით, მელოდიით, ჩანახატითა თუ ფოტოთი ჩვენ მის ავტორს შევიგრძნობთ და ამით მისი მესაიდუმლეები ვხდებით. ასეთი ნიჭის პატრონი ალბათ მასებს დავგრუზავდი  მაგრამ სადაა ეს ბედნიერება?!
მარტივი ლოგიკა მეუბნება რომ თუ ძალიან გინდა წადი და ისწავლეო, მაგრამ რატომღაც უფრო მგონია რომ ასეთ რამეს ვერც ერთი მასწავლებელი ვერ გასწავლის თუ დაბადებიდან არ გაქვს გამჯდარი სულში და მხოლოდ თოჯინა გამოხვალ, რომელიც უსახოდ აგდია დიდი მოცულობის ტომარაში და ფასდაკლებით იყიდება, როგორც ,,დეშოვკა’’.
შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგალითისთვის კი მინდა მოვიყვანო თუნდაც ქართული ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები’’ და რუსული ,,დდტ’’. პირველის შემთხვავაში პირადად მე მესმის რაღაც მელოდია და რაღაც ტექსტი. მეორე ვარიანტში კი ვგრძნობ მათ ყველას, სოლისტს, გიტარისტს, სიმღერას, როგორც ერთ მთლიანს და ვხედავ იმ ემოციას, რისი გადმოცემაც მათ უნდათ. შესაბამისად მე ვთვლი, რომ ეს ადამიანები ხელოვნების ნიჭით არიან დაჯილდოებულები. მე ვუყურებ ფილმებს და ვხვდები, რომ რაღაც ახალი ვიგძენი და ვისწავლე ან ცხოვრების ორი საათი უაზროდ დავკარგე მონიტორთან. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მგონი მიმიხვდით რის განსხვავებას ვცდილობ და ამასთან ავღნიშნავ, რომ რაღა თქმა უნდა შეიძლება მეც უნიჭო აუდიტორია ვარ და ზოგიერთის ნათქვამი ვერ მოდის ჩემამადე, მე კი მას ზემოთ ხსენებულ ტომარაში ვათავსებ ეგრევე. ამიტომაც, კიდევ ერთხევ ვაფიქსირებ, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მთავარი სათქმელი კი პირველსავე სტრიქონში ვთქვი. მეც მინდა ვინმეს ვაგრძნობინო და მხოლოდ უსულო ხორცის სახით არ წავიდე ამ ქვეყნიდან.

თბილისი

გომელაურმა მომაყარა მასზე რითმები,
და მე უკეთესს ვეღარ ვიტყვი, არც მინდა გულით,
სულ აღარა მაქვს თავზე ნაღდად მაგდენი თმები,
ამ ქალაქის სტრესს რომ გავუძლო, არ მოვკვდე სულით.

ამდენი ჭუჭყი, უვიცობა ამოდის ყელში,
მეტასტაზები არ ჩერდება, ეკვრის გალავანს,
გამოღვიძებულს დილით მხვდება ნიჩაბი ხელში,
მაგრამ ამითი მე ვერ ვებრძვი ამდენ განავალს.

მწვანე სიბლანტე ნელა-ნელა მიმათრევს ქვემოთ,
არსაიდან შველა, მარტოდმარტო მხედავს ცერბერი,
ახლა გავიგებ ალბათ ძველი ბძოლების გემოს,
ფრთებს ზედ შევამსხვრევ და მოვკვდები როგორც ჩემები…

უცხო თვალისგან დამალული გავქრები, მაგრამ
ამ ქალაქის სუნს არ შევიგრძნობ მაინც გონებით,
ჯამლეტასა და ჯონდოს გვერდზე იდექით მარად ,
მე უარმყავით, მოიქეცით როგორც მონები.

მუხლებზე მიდევს ,,ჩაძირული ქალაქის ღამე,’’ 
ის ღამე რომლის დაბრუნება არ გვსურს არავის,
პირიქით თუა, მაშინ ხალხო, მითხარით რამე!
ხომ ხედავთ ცალკე ბრძოლის ძალა ჩვენში არ არის.

რა მოხდა ერთად რომ დავუდგეთ ქალაქს საშველად,
ის დავუბრუნოთ რაც ეკუთვნის დაბადებიდან,
მხოლოდ გაგება, სიყვარული გვინდა საშენად, 
პარაზიტები თავისითვე გადადგებიან.

მერე გავივლით სასეირნოდ ისევ ქუჩებში,
დაგვეხვევიან ცისარტყელის ფერად მუზები,
ნაღდი თბილისის ეშხს ვაკოცებთ გრძნობით ტუჩებში,
მეობის კარტად გვეყოლება მხოლოდ ტუზები.

მთელი ეს თემა ისევ რჩება ოცნებად, ბრძოლად…
უფლის შვილების გვეკარგება ყოველი ნაკვთი,
ეს რეალობა არ აფეთებს ჩვენ გულში ძრწოლას, 
რაღაც გვჭირდება ასანთებად, მაგვარი ნავთის.

ამ ნავთს ოდესმე ნაპერწკალი მაინც მიუვა, 
უბრალოდ უნდა გავახილოთ ფართოდ თვალები, 
შერონზე მეტად დავაფასოთ ბებო გიულა,
და მის მაგივრად ჩვენს სინდისთან გვქონდეს ვალები.

სტუმრად

წუხელის შენთან სტუმრად მოვედი,
მხიარულ ხმაზე შემომხვდა კერა,
მე შენს ადგილზე პლანსაც მოვწევდი,
იქნება მაშინ გვეცინა ყველას.

მოგონებებით დატვირთულ სახეს,
ვეღარ მალავდი და ეს მტკიოდა,
გავიხსენებდი მეგონა სახელს,
ფრინველის, გარეთ სულ რომ კიოდა.

ფანჯრიდან ნაზად გახედე ზეცას,
ალბათ ჩვენს ვარსკვლავს ძებნა დაუწყე
ის კი, ჩემქრალი, წარსულსაც კეცავს 
და გულს მხოლოდღა ტკივილს აუწყებს.

მზერას ყოველმხრივ მარიდებ, ვხვდები,
მეც მიჭირს ჩუმი გრძნობის დამალვა,
რადგან უშენოდ უბრალოდ ვკვდები
და ამ ფიქრებმა მწარედ დამღალა.

მინდა მოვიდე, მოგხვიო ხელი,
მაგ ლამაზ თვალებს გრძნობით ჩავხედო,
მერე გაჩუქო ამბორი მწველი,
და ნაზად მითხრა ყურში – ,,თავხედო…’’

ყველაფერს ამას გულით ვატარებ,
სცენარს ფურცლებით ამაოდ ვავსებ,
ახლაც შენს ნაკვთებს ღიმილს ვამატებ
და ჩემს ბლოკნოტში სულ გხატავ ასე.

გიყურებ, ვხვდები მართლა მიყვარხარ!
შენი ყოველი ბგერა მახარებს,
სადაც არ წავალ, ყველგან, იქა ხარ
და ეს ფაქტები შენზე მახარბებს.

სწორედ ამიტომ გესტუმრე წუხელ,
და ერთხელ კიდევ ნაზად დაგხატე,
გული გონებას სულ ცოტას უმხელს,
დანარჩენს ჩუმად ჩუქნის ამ ხატებს.

მე ისევ მოვალ, შენ რომ გიყურო,
იმ ერთი მზერით დავტკბე, რომ მჩუქნი
და ძველებურად ბევრი ვიცურო,
შენზე ფიქრებში, რომ წავა შუქი…

%d bloggers like this: