უაზროდ გრძელი პოსტი


ერთმანეთზე დაწყობილი ხელის მტევნები მაგიდის კიდეზე მოუთავსებია და ზედ შუბლით დაყრდნობია… კლავიატურა კუთხეშია მიხვეტილი უამრავი დაკუჭული სტიკერისა და თაბახის ფურცლის  ხროვასთან ერთად. უკვე ას წუთზე მეტია ახლომახლო მხოლოდ საათის ისარი მოძრაობს, დანარჩენი კი თითქოს სიკვდილს მიცემია. მხოლოდ ხანდახან, ღრმა, მაგრამ უძალო ამოოხვრა გაისისინებს დამძიმებულ ჰაერში, რომელსაც ჯერ კიდევ არ გასვლია ალკოჰოლის სუსტი სურნელი…
სწორედ ეს დღე იყო, ერთი წლის უკან… სწორედ ასე, სრულ სიჩუმეს მიცემული, ლუდით მსუბუქად შეზარხოშებული იჯდა სავარძელში და თავი მუხლებში ჩაერგო. მხოლოდ ფიქრს ეკუთვნოდა მისი გონება. წინ გრძელი მომქანცველი გზა ელოდა, ისეთი, რომელზეც ბევრჯერ დაფიქრებულა და ახლაც, ბოლოჯერ, კიდევ ერთხელ სწრაფად გადაამოწმა დეტალები.  პლიუს-მინუსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. უჭოჭმანოდ აიღო ჩანთა და სახლიდან გავიდა… ეს სწორი არჩევანი იყო. უამრავი ჩავარდნის გარდა, შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელი გამოვიდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა მაშინაც ნაკლები ეფიქრა და ფილოსოფიური აზრებისთვის ზურგი ექცია.
სხვის საქმეში ბრძენივით გამოსდის ახლაც და უსინდისოდ მისდგომია იმ ადამიანის გაკიცხვას, რომელსაც მაგიდიდან თავის აწევის ტრაკიც არ გააჩნია. ეშინია. ეშინია, რომ თვალების გახელით იმ სამყაროს დაინახავს, რომელსაც ასე ვერ იტანს. იმ სამყაროს, რომელიც განგებამ შემოაცვა გრძელი ქურქივით და რომლის გახდაც მხოლოდ სიზმარში შეუძლია. ალბათ ამიტომაც მოუვიდა აზრად კარგი ძილის წამლის დალევა… აი ისეთის, ლეო დიკაპრიო რომ სვამს ახალ ფილმში. ყოველ დილით გვიან დგება და არა იმიტომ რომ გამთენიისას იძინებს ან დაღლილია, არა! იმიტომ, რომ ყოველ დილით ვერაფრით შორდება იმ სამყაროს, რომელსაც შენატრის და რომელშიც თავს ისეთ ადამიანად გრძნობს, სადაც საკუთარი პერსონის მიმართ პატივისცემა გააჩნია. ამას კი მხოლოდ სიზმარი აძლევს, რომელსაც ასე უგულოდ ანადგურებს დილის მწველი მზის სხივები.  ალბათ გააბედნიერებდა ახლა ერთი შეკვრა ასეთი აბები. თუმცა არა! ეს მხოლოდ და მხოლოდ ზღაპარია, ამიტომაც ისევე სწრაფად გაქრა უაზრო აზრი გონებიდან, როგორც მოვიდა.
ჰმ! გულის კაცი ხარო, ვიღაცამ უთხრა ერთხელ და ბავშვობაში მიღებული ჭრილობასავით წამოუტივტივდა ეს ფრაზა ახლა. გაისუსა, ყოველგვარი ნიშანი მოსპო სიცოცხლის და მთელი არსებით დაუწყო ამ მოუსვენარ არსებას სმენა. თითქოს ჯიბრზე, ის მხოლოდ აკაკუნებდა და ფირქუშად მიებრუნებინა იქით სახე. ,,ეს რაღას მებუტება?!”- გაიფიქრა და შეეშვა, მაგრამ ვინ დაგანებებს თავს?!  ახლა ვეღარ სწყვიტავს ყურადღებას. უნდა ისევ იფიქროს სიზმარზე, სიკვდილზე, მასზე… ეგოისტი კუნთი კი მის მკერდში, მთელი ძალით ჩასჭიდებია და არ უშვებს. ასე უკეთებს სულ! ყოველთვის, როდესაც უნდა რომ ყურადღება გაირთოს, დატკბეს იმ პატარა ნათელი წერტილებით, რომლებიც გარჩეული მზესუმზირის გულებივით შეხვდება ხოლმე ჯიბეში, ყოველთვის უბინდავს გონებას გული და აიძულებს მთელი ყურადღება გადმოატანინოს თავის თავზე. ეს მოუტანა ზედმეტმა ფიქრმა და ფილოსოფიამ, ახლა კი უკან დასახევი გზა არ არსებობს და იმავე გზით უნდა დააშოშმინოს ფაქიზი მტერი, რომლითაც მას ამდენი თავისუფლება უბოძა უვიცობის ჟამს.
ვუყურებ მესამე კაცი ამ ადამიანს და მეცოდება, მაგრამ დავიმალები, რადგან მეც ისეთივე ადამიანი ვარ და არ მინდა რამე შემეტყოს. მე მისი მესამე მე ვარ, ყველაზე სათადარიგო. ის, რომელიც მის ორ ,,მეს” ადევნებს თვალყურს და მევალება ვაკონტროლო, ზედმეტი არ მოუვიდეთ ერთმანეთის გაკრიტიკება და ჯანსაღი შენიშვნებიდან ზიზღში არ გადაეზარდოთ ურთიერთობა.
ახლა მძიმე პერიოდი აქვს ორივეს. ორივე იმდენად დაბნეულია რომ აღარც კი კამათობენ. არგუმენტები ერთმანეთში ერევათ და მხოლოდ ელოდებიან ნიშანს, ვინმესგან პატარა წკიპურტს, რომ უწონადობაში მყოფებმა მიმართულება მიიღონ.
მართლა ძნელია როცა კაცი ცამოწმენდილზე სახით ასკდები კლდეს, თანაც ისეთ მომენტში როცა ამას არანაირად არ ელოდები. გამოფხიზლებული ისევ ძველი შემართებით მიძვრები ზედ და გგონია რომ ძლიერი ხარ, რომ ადვილად გადაფოფხდები მასზე, მაგრამ იქვე, გზის დასაწყისში ისევ მწარედ გახეთქებს მიწაზე და ამ დროს მხოლოდ აუტანელ ტკივილსღა გრძნობ. დროთა განმავლობაში იწყებ ფიქრს, რომ ეს კედელი გადაულახავია, რადგან მორიგი დაცემა ასე უფრო იოლად გადაგაქვს, თუმცა ხანდახან ისევ გამარჯვების წყურვილით აღტკინებული ეცემი მას, კლანჭებითა და კბილებით ბრდღვნი და ისევ იმდენად მწარედ გაგდებს მიწაზე, რომ სიკვდილსღა ნატრულობ.
მეც ვიცი და ჩემმა ორმა დანარჩენმა ,,მე”-მაც, რომ საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რამდენჯერ შევებრძოლებით ამ კლდეს. ზოგი ერთი გადახტომით გადადის მასზე, ზოგი მეათასე ცდის მერე, მაგრამ მთავარია რომ იგი გადალახვადია და ყველას თავისი ინდივიდუალური დრო აქვს. საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ზოგისთვის ეს საუკენეებად იწელება, ზოგისთვის კი უინტერესოდ სრულდება წამში…
ყველას ზომიერ წინააღმდეგობას გისურვებთ ცხოვრებაში!!!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. “Cool Runnings” – ეს ფილმი ნახე 😉 მთლად გადასარევი ფილმი ვერაა, მარა რაღაცეებზე პასუხის მიღება შეიძლება, მათ შორის იმ ყველაფერზეც, რაც პოსტში გიწერია. თან იამაიკელებზეა 😉 მოკლედ, ბევრი კაია ნიუანსია მაქ და დაუკვირდი.

    პასუხი
  2. uazro posti araa da mitumetes grdzeli, daanebe tavi 🙂 “უწონადობაში მყოფებმა მიმართულება მიიღონ.
    მართლა ძნელია როცა კაცი ცამოწმენდილზე სახით ასკდები კლდეს, თანაც ისეთ მომენტში როცა ამას არანაირად არ ელოდები. გამოფხიზლებული ისევ ძველი შემართებით მიძვრები ზედ და გგონია რომ ძლიერი ხარ, რომ ადვილად გადაფოფხდები მასზე, მაგრამ იქვე, გზის დასაწყისში ისევ მწარედ გახეთქებს მიწაზე და ამ დროს მხოლოდ აუტანელ ტკივილსღა გრძნობ.” rogor mesmis shen xom ar ici… da ra martivia rwmenis dakargva sakutar tavshi am dros. mtavaria rom eg rwmena iyos da..

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: