შავ-თეთრი ფოტო

ის გარბოდა! გარბოდა და არ ჩერდებოდა! გაშლილი, ცისკენ აღმართული ხელები მის მიხვრა-მოხვრას უჩვეულო შტრიხებს მატებდა. ნახევრად გაწეწილი კიკინა უფრო და უფრო მძიმედ ურტყამდა ბეჭებზე, თვალწინ გაელვებულ სივრცეს უფრო და უფრო დაბინდულად ხედავდა, მაგრამ ის არ ჩერდებოდა, მაინც ჯიუტად მისდევდა… ყველაფერი კი აქ დაიწყო… აქ, ამ ოთახში, როცა საიდანღაც მოსულმა, გზადაგზა დატოვა დამტვერილი ფეხსაცმელი, მძიმედ დაეცა სკამზე და გაშეშებული მზერა მიაპყრო აღმოსავლეთის კედელს. დიდხანს იჯდა ასე, მაგრამ ქინძისთავით მიმაგრებული გადაბრეცილი ფოტო არ დაუნახავს, იმიტომ რომ მისი ქამელეონი თვალები ამ საშინელი, ცივი კედლის იქით, სადღაც სიცარიელეში იხედებოდნენ და იმას ეძებდნენ, რაც არც კი იცოდნენ როგორ გამოიყურებოდა! ეძებდნენ, რადგან გულს აკლდა… დიახ გულს, ამ ეგოისტ არსებას, რაღაც აკლდა. რაღაც, რაც ადრე ჰქონდა და უმისობა დისკომფორტს უქმნიდა. შეიძლება ეს მხოლოდ მისი ახალი ახირება იყო. ასე თუ ისე, ამ ლამაზ თვალებში აშკარად არ ჩანდა ერთი არეკვლილი წერტილიც კი. უღონობას ისინი ჭაობისფრად შეეღება, ის თვალები, რომელთა ციმციმიც ადრე იმ ფოტოს ასე უყვარდა…
გაზაფხულის მზიანი დღე იდგა. სწორედ ის პერიოდი იყო, თბილისი რამდენიმე დღეში ერთიანად რომ შეიმოსება ხოლმე ფოთლებით და ქუჩები, ტიტველი ზამთრის მერე, სასიამოვნო ჩრდილით იფარება. ამ წელს უფრო მძაფრად შეიგრძნო ეს. რაიონში იყო წასული სააღდგომოდ და ჩამოსულს საოცარი სიმწვანე დახვდა რუსთაველზე. განგებ დაიგრძელა სახლის გზა და თავისუფლების მოედნისკენ გაუყვა ნელ-ნელა ტროტუარს. სასიამოვნოდ თბილოდა, ქურთუკი ხელზე გადაეკიდა და მთელი არსებით გრძნობდა ახლად დაბადებულ ბუნებას, რომელსაც ირგვლივ ყველაფერი გამოეცოცხლებინა.

– თუ შეიძლება, ამ ფოტოს გაჩუქებთ, – მიმართა მისი ასაკის ბიჭმა, რომელსაც ხელში საბჭოური ,,ზენიტი’’ ეჭირა და უცნაურად უღიმოდა.
– ბატონო?! ვერ მიგიხვდით… – ისე ლამაზად მოდიოდით… სურათი გადაგიღეთ და მინდა გაჩუქოთ.
– მადლობა. – ცოტა გაინაზა კიდეც და ესიამოვნა შიგნით – არ მინდა შეგაწუხოთ…
– არა! არა! რას ამბობთ რა შეწუხებაა?! მე ირაკლი მქვია…
– ეკა. – ცოტა არ იყოს ცივად გაუწოდა ხელი, მაგრამ მაშინვე მოეშვა.
– მისამართს არც გთხოვთ, თქვენი ტელეფონი მომეცით და რომ დავბეჭდავ შევხვდეთ… ალბათ თავშიც არ მოუვიდოდა აზრად მანამდე, ასე უცნობ ბიჭთან გასაუბრება, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რა სჭირდა ახლა. ის იმდენად თბილი იყო, მატყუარას არ ჰგავდა. შეიძლება ყველაფერი ამ უეცრად მოვარდნილი გაზაფხულის და სიმწვანის სუნის ბრალიც იყო…
– კალამს ვიპოვი… – დაბნეულად გაუღიმა და ჩანთაში დაიწყო ქექვა. ხელისგულზე მიუწერა ტელეფონის ნომერი და ცოტა არ იყოს გაბრუებული დაბრუნდა სახლში. მთელი დღე არ მოშორდა ამაზე ფიქრი, სასიამოვნოდ რომ უვლიდა მთელ სხეულში. გადაწყვიტა მეორე დღეს საყვარელ ადგილას წასულიყო. იქ, სადაც დამშვიდდებოდა და ფიქრს უფრო მეტ გზას მისცემდა.
საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვეული სიმშვიდე სუფევდა, მაღალი ფანჯრებიდან დილის მზე თბილად ანათებდა და მყუდროებას მხოლოდ წიგნების ლიფტის ხმა არღვევდა. ეკა იჯდა ბოლოში, საყვარელ ადგილას და ამ ლიფტს აკვირდებოდა, რომელსაც მისი წიგნები უნდა მოეტანა უკვე.
– მეტრეველი! – დაიძახა ადმინისტრატორმა და ეკა რამდენიმე წუთში ალექსის ბუვიეს ,,იზა’’-ს გაცნობას შეუდგა. ,,არ მინდოდა თქვენი ყურადღების გაფანტვა და შეშინება. ასე უფრო მეტი დრო მქონდა თქვენი სილამაზით დავმტკბარიყავი. მოსვლა ვერ გავბედე, ალბათ რაღაცის მეშინია… გუშინ კალამს რომ ეძებდით ჩანთაში, მაშინ შევამჩნიე გაცრეცილი ბიბლიოთეკის საშვი და ვიფიქრე ხშირად უნდა მოსულიყავით აქ… არც შევმცდარვარ საბედნიეროდ. იმედია ეს ფოტო მოგეწონებათ, მე აწი სულ თან მექნება. ამ დღეებში ჯარში მივდივარ და სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდი, თუმცა მე ისინი აღარ მჭირდება. თქვენი ფოტო მეყოფა სრული ბედნიერებისთვის! ძალიან ლამაზი ხართ! იმედია შევხვდებით კიდე…’’ ეს სიტყვები სურათის უკანა მხარეს ეწერა. იმ სურათის, რომელიც წიგნის 101-ე გვერდში იდო და რომელიც გუშინ გადაუღო ირაკლიმ. დარბაზში ათიოდე მკითხველი იჯდა, მაგრამ ირაკლი ნამდვილად აღარ იყო მათ შორის. წიგნში აღარ ჩაუხედავს. იცოდა რომ ტყუილად ეძებდა, მაგრამ მაინც დიდხანს ათვალიერა თვალებით… საღამოს, სახლში მიმავალს, წვიმამ მოუსწრო. თავსხმა წვიმამ, აი ისეთმა, თბილისში რომ იცის ხოლმე, თბილმა წვიმამ. ეკას ნაბიჯი არ აუჩქარებია, პირიქით ალბათ შეანელა კიდეც, რადგან უყვარდა… წვიმაც უყვარდა და ისიც…
გაზაფხული ოცნებებში და ფიქრებში გაიპარა. ბუნდოვნად ახსოვს გამოცდებიც, რომლებისთვისაც ადრე ასე მონდომებით ემზადებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა ხოლმე ბებიასთან რაიონში. წიგნებს და ჰამაკს შეუერთდებოდა და მშვიდად გაატარებდა ცხელ ზაფხულს. ახლა კი არ უნდა წასვლა, იქნებ ირაკლიმ დაურეკოს, სახლიდან თითქმის აღარ გადიოდა და ყოველ ზარს გულამოვარდნილი პასუხობდა. მეგობრებმა მისი გამხიარულება გადაწყვიტეს და ძალით წაიყვანეს ბათუმში. ,,მხოლოდ რამდენიმე დღით წავალ და დავბრუნდები, არ დარეკავს’’ ფიქრობდა ეკა და უკან გაქცეულ ხეებს ადევნებდა თვალს რიკოთის უღელტეხილზე. ბათუმი უყვარდა, წვიმა უყვარდა და იმიტომ. სამაგიეროდ ტელევიზორს არასოდეს უყურებდა და მაინც და მაინც იმ დღეს ჩართო სასტუმროში… ,,ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის’’ შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ პროვოკაციულ თავდასხმას, რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა! დაღუპულთა ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია რამდენიმე ფაქტი. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დე ფაქტო საზღვართან დისლოცირებულ ჯარისკაცებს მაშინ დაესხნენ თავს, როცა ისინი სოფლის განაპირას მდებარე სატელეფონო ჯიხურში მიემართებოდნენ. ასევე ცნობილია, რომ ისინი ერთ დღიან სამხედრო შვებულებაში იმყოფებოდნენ და იარაღი თან არ ჰქონდათ….’’ აშკარა სინანულითა და სრული სერიოზულობით გადმოსცემდა ჟურნალისტი… სამყარო უცებ დაპატარავდა მის გარშემო, იმდენად, რომ სუნთქვა გაუჭირდა და მხოლოდ მექანიკურად აკრიფა ლადოს ნომერი, რომელიც შსს-ში მუშაობდა და რომელთანაც დაკავშირება ამ მძიმე წუთებში სრულიად წარმოუდგენელი იყო. საღამოს გაიგო, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთს ირაკლი ერქვა.
,,იქნებ ის არ არის… ირაკლი ბევრია ჯარში… იქნებ დავბრუნდე თბილისში…’’ – ამ ფიქრებით გადადიოდა სარფის საბაჟოს. მას აღარ შეეძლო ამ ხალხთან ცხოვრება. ვერ გაჩერდებოდა ძმების მკვლელებთან! იმ მომენტში ეზიზღებოდა ქართველები, საქართველო, ყველა და ყველაფერი. ახლა კი ზის და თავის ფოტოს, ირაკლის გადაღებულს, არ აქცევს ყურადღებას. მისი მზერა უფრო შორს არის მიმართული ვიდრე ეს ცივი კედელი.
– ეკა, დღეს ადრე დაბნელდა, – გაისმა ხმა.
– ხო, არადა საცაა ზაფხული მოდის, – უპასუხა იგივე ხმამ.
– ამ დროს გამოცდებისთვის იწყებდი მზადებას, ახლა კი მუშად მუშაობ საჭმლის გულისთვის…
– ერთი წელი ცოტა არაა…
ასე, გაურკვეველ კითხვა-პასუხში გაეხვია აზრების კორიანტელი. უცებ ყველაფერი შეწყდა, გაჩუმდა და სმენად გადაიქცა… რაღაც ნაცნობი იყო ირგვლივ, რაღაც ისეთი, რაც უკვე მომხდარა… კაკუნი თუნუქის სახურავზე მალე დოლების პარადს დაემსგავსა და ფანჯრიდან შემოვარდნილმა სველი მტვრის სუნმა გული გააგიჟა! ეს ისაა, ისაა, ყვიროდა გული, მაგრამ მას აღარ უსმენდნენ. ყურები მხოლოდ ნამდვილი მაისის წვიმის სმენით ტკბებოდნენ. ფილტვები მთელი ძალით ისრუტავდნენ ამ საოცარ სუნს, გონება წამი-წამზე ელოდა თავდაყირა ფეიერვერკს და აი ისიც! ცა გაიპო და საოცარი მელოდიით განიმუხტა სადღაც იქვე… თვალები შეირხა, აენთო, ხო! ასეთი იყო ის, ამას ეძებდნენ, ასეთ წვიმაში უყვარდა და ასეთ წვიმაში ენატრებოდა, ასეთ წვიმაში ათევდა ღამეებს და დნებოდა მის წარმოსახვით მკლავებში… მოლამ მთელი ხმით ამცნო იქაურობას სარწმუნოებრივი ვალის მოხდის დრო. ის კი წამოხტა და გარეთ გავარდა! უნდოდა წვიმას შეხებოდა, უფრო ახლო ყოფილიყო მასთან, ღრუბელთან, რადგან ის მისი იყო, მისი წარსულიდან მოსული… მისი სამშობლოდან მოსული… ისეთი, როგორიც იმ დღეს, ბიბლიოთეკიდან რომ წამოვიდა… ამიტომაც გარბოდა! გარბოდა და არ ჩერდებოდა! გაშლილი, ცისკენ აღმართული ხელები მის მიხვრა-მოხვრას უჩვეულო შტრიხებს მატებდა. გარბოდა, მაგრამ ფეხის ხმა არ ისმოდა, მან ხომ მტვრიანი ფეხსაცმელი ოთახში დატოვა… მისდევდა წარსულს… სახლისკენ… აღმოსავლეთისკენ… მისკენ! გარბოდა, რათა ზარს დალოდებოდა…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. როგორ მომწონს ეს მოთხრობა ^_^
    სიამოვნებით წავიკითხე და ავფორიაქდი კიდეც 🙂
    გულწრფელი + შენ!..

    პასუხი
  2. wow 🙂 ადრე მეც მქონდა რაღაც მსგავს თემატიკაზე, მაგრამ სუუულ სხვანაირად დაწერილი და გამახსენდა უცებ 🙂
    ძალიან მაგარი პოსტია, ღრმა და ჩამწვდომი…
    love it 🙂

    პასუხი
  3. როგორ მიყვააარს ^_^ :* 😀

    პასუხი
  4. აი არ ვიცი რა ვთქვა…ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე….
    ძალიან კარგად წერ!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: