დიდი დათვის თანავარსკვლავედი

ისევ დაღამდა… ისევ ისეთი მშვიდი სიბნელე იყო, როგორც წინა დღით. ოღონდ დღეს უკვე აღარ წვიმდა და ცაზე იმდენივე ვარსკვლავი იყო, რამდენიც ჩვეულებრივ არის ხოლმე აქ. ისევ ისე ვიდექი ჩემი სახლის წინ და ისევ ისე ვხედავდი პლანეტა ვენერას ეკლესიის ორ გუმბათს შორის! ნელ-ნელა მოვაბრუნე მზერა მარცხნივ და ბავშვობის წლებიდან გავიხსენე ,,დიდი დათვის თანავარსკვლავედი’’ უფრო მეტად შემოვბრუნდი და ჩემი ,,ფერადი ვარსკვლავიც’’ იქ იყო-მარსი!
-ასეთ ცას თბილისში ვერასოდეს ნახავ! – ამოვიოხრე.
-ცას დაეძებ ბიჭო?- მარიმ ვერ გამიგო.
-შენ რა გიჭირს, სულ მას უყურებ და რა გენაღვლება, მე კი…
-კაი რაა, სულ არ ვუყურებ მე, სად გამექცევა?- იცინის…
-ეჰ მარი, მარი! – გვერდზე ვუჯდები და გულში ვიხუტებ მარის.
მარი ჩემი მეგობარია. როგორ მახსოვს, რომ გავიცანი, ის დღე… ვიტყუები! აბა საიდან მემახსოვრება? მაგ დღეს მშობლებმა ორივე ერთ მანეჟში ჩაგვსვეს და მას მერე მოყოლებული ასე ვეხუტებით ერთმანეთს მთელი ცხოვრება!
-რამდენი ხანია არ მინახიხარ? მომენატრა შენთან ერთად ბირჟაობა… ბოლოს დეკემბერში კი ვიყავი აქ, მაგრამ როდის გნახე?
-ხოო მაშინ პრაქტიკებზე ვიყავი…
-მოყევი აბა რა პრაქტიკებზე იყავი და საერთოდ რა ხდება… – უფრო მაგრად ვიკრავ გულში და ასე ვებრძვით რაღაცნაირად თბილ სიცივეს.
ბოლოს ასე როდის ვისხედით აღარ მახსოვს. ალბათ ორი წლის წინ… შეიძლება უფრო ადრეც… ზაფხულობით ჩვენ ბირჟაზე ვისხედით ხოლმე მერე კი ხიდზე გადავინაცვლებდით და ლამის გათენებამდე გავყურებდით სავსე მთვარესა და მდინარის ხეობას… ალბათ მარიც ამას ფიქრობს ახლა. ჩემი ხელი ჩაუხუტებია და გაყუჩებული მეკრობა გათბობის მიზნით, თუმცა ჩემგან განსხვავებით საერთოდ არ კანკალებს.
-დავიღალე. არაფერი არ ხდება აქ. სულ ერთი და იგივე, ყოველ დღე ერთი და იგივე… – ჩურჩულებს – აი ხედავ? რამდენი ხანია აღარ გვილაპარაკია და ახლა კი უაზრო სოფლის ჭორების გარდა არაფერი მაქვს მოსაყოლი… წასვლა მინდა სადმე, არ ვიცი რა ვაკეთო…
-თბილისშიც არაფერია მარ, თუ ამას გულისხმობ…
-მაშინ სულ უნდა წავიდეთ სადმე! ხედავ, ეს ვარსკვლავებიც აღარ არის ისეთი როგორც ადრე იყო. გახსოვს, სიგარეტის მოწევა რომ დაიწყე და მე რომ დაგყვებოდი მდინარეზე… მაშინ სავსე ვიყავით ოცნებებით. სკოლაც დავამთავრეთ, უნივერსიტეტიც, მაგრამ რა? არაფერი! ვხედავ, შენც არაფერი გაქვს სათქმელი ამდენი ხნის შემდეგ…
ის მართალი იყო. მეც არაფერი მქონდა სათქმელი, ამიტომ მხოლოდ ვიჯექი და ვუსმენდი, ვკანკალებდი და ვუსმენდი.
-კარგია რომ აღარ ეწევი მარ, მეც დავანებე თავი. – ძლივს მომადგა რაღაც ენაზე.
-მოდი, იქ ჩავიდეთ სადაც დავიწყეთ! – უცებ გამხიარულდა.
-რამეს მოვიცვამ რომ არ გავიყინოთ… – უცბათ ავვარდი სახლში და ძველებური დიდი პალტო ჩამოვათრიე. ორივე გავეხვიეთ შიგ და მდინარისკენ დავეშვით. ჩუმად მივდიოდით, მივხვდი რომ ღელავდა და ხუმრობა ვცადე…
-გავიგე ტურები ჩამოდიან ხოლმე ღამ-ღამობით და იმედია ჩვენ ადგილას არ ისხდებიან ახლა.
-დებილო! – მკერდზე მომარტყა ხელი – ისე მართლა ჩამოდიან ხოლმე. მამამ მოკლა ორი ამის წინ, ზაზამ ვაფშე ეზოში გააგორა.
-დამშვიდება გეხერხება, – გადავაბრალე უცებ და მდინარეც გამოჩნდა.
ხიდი რასაკვირველია ცარიელი იყო. არც ადამიანის და არც ტურის მაგვარი ჩანდა რამე. ნახევარს გადავცდით და ცივ ბეტონზე ჩამოვსხედით. მთვარე არსად ჩანდა და საკმაოდ ბნელოდა. ჩვენს ქვემოთ მდინარე ღრიალებდა.
-იცი, წელს საბანაოც ვერ გავაკეთეთ. არავინ არ ჩამოვიდა, წარმოიდგინე რა მოწყენილობა იყო. ამიტომ გეუბნები აღარ შემიძლია აქ ყოფნა. უნდა წავიდეთ, უეჭველი უნდა წავიდეთ სადმე. არ გაგვიჭირდება, ურთიერთობა აქაც არავისთან არ მაქვს და… აქამდე თბილისზე ვფიქრობდი, მაგრამ შენ რომ გიყურებ მემგონი ყველგან ერთი და იგივეა ამ დამპალ ქვეყანაში…
-არ გეთანხმები მარ, აბა სად არის ქვეყანა? – თვალი გავაყოლე ,,ყვითელ გველს”, რომელიც იმ მთაზე იკლაკნებოდა სიბნელეში, სადაც ბავშვობაში ნათლიას დავყავდი შეშაზე ტყეში. ალბათ ექვსიოდე სატვირთოსგან შემდგარი კოლონა იყო…
-ეს კაი ხანია ასეა. მამა ამბობს ბაზას აშენებენო ტყეში და ამიტომაც ჩამოვიდა მშიერი ნადირი ბარში. მგლებიც კი ვერ უჩერდებიან და ჩვენ როგორ გავუძლოთ?
-სხვა გზა არ გვაქვს! ჯერჯერობით აქ ვართ და კარგად ვართსავით, ბევრი უარესადაა. – ვცადე თითქოს მისი დამშვიდება, მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ ვტყუოდი და ისიც კარგად ვიცოდი, რომ მარიმაც კარგად იცოდა რომ ვტყუოდი, ამიტომაც არაფერი არ მითხრა, თავი მხარზე დამადო და ვიგრძენი, თვალები დახუჭული ჰქონდა.
კარგა ხანს ვისხედით ასე გაყინულ ბეტონზე და არაფრად ვაგდებდით ცისტიტის აკიდების საშიშროებას. სათითაოდ გამახსენდა გასული წლების ყოველი დღე, რომელიც აქ გავატარე. მაშინ არც ტურების გვეშინოდა და არც უცხოელი ბოევიკების, რომლებიც ყოველ წამს შეიძლებოდა თავს გადვდგომოდნენ. მაშინ ყველა და ყველაფერი ფერადი იყო. ასეთი ღამეებიც კი მხიარულებით ივსებოდა. დაკლაკნილ ცეცხლოვან გველს მანმადე არ მოვაშორე თვალი, სანამ კუდი თავის მიდამოში არ შეგროვდა და ერთ დიდ ლაქად არ გაჩერდა, მერე კი უცებ ჩაქრა.
ალბათ ისინიც გვაკვირდებოდნენ იქიდან. სუპერთანამედროვე ტექნიკა არც იყო საჭირო. ჩვენი ხიდიდან კარგ ამინდში გორიჯვარი ჩანდა ხოლმე, რომელიც ოცდათხუთმეტი კილომეტრითაა დაშორებული და რა პრობლემა იყო მდინარის ანარეკლზე, ხელისგულზე გადაშლილი ხიდის დანახვა სადაც ორი ერთმანეთს ჩახუტებული ჩრდილი იჯდა ღამის ორ საათზე. არც ერთ მანქანას არ გამოუვლია, მყუდროება ნოკიის ზარმა დაარღვია. მარიმ ეგრევე ასწია თავი.
-ადრე ასე მალე არ გვირეკავდნენ ხოლმე.
-ჩემი ძმაა. – დავამშვიდე ისევ.
-წავიდეთ, სანამ კიდე გვინდა შთამომავლობა გვეყოლოს.
ავდექით და ნელ-ნელა ავუყევით აღმართს. ,,დიდი დათვის” თანავარსკვლავედი მოწყენით გვაცილებდა და უტიფრად იმალებოდა კავკასიონიდან წამოსული ღრუბლის იქით. ორი ჩრდილი კი, ერთ პალტოში გახვეული, საერთო ფიქრშიც გახვეულიყო. ორივე წასვლაზე ფიქრობდა. ერთი თბილისიდან სოფელში, მეორე კი სოფლიდან თბილისში. ერთად კი უფრო შორეულზე უცნებობდნენ. იქ, სადაც ირაკლი მიცურავდა, იქ სადაც ისინი არ იყვნენ და ანუ იქ სადაც კარგი იყო. თუმცა ორივეს ახსოვდა, რომ მათი მთვარე და ხიდი ვერსად გამოყვებოდათ და იგი ისევ იქ დარჩებოდა, და ისევ ისევე დაელოდებოდა, როგორც ყოველთვის ელოდებოდა მომავალ და მომავალ თაობებს აღსაზრდელად…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. გიორგი

     /  აპრილი 26, 2011

    ,,დიდი დათვის” თანავარსკვლავედი Like 🙂

    პასუხი
  2. ვაიმე, როგორ მომეწონა.. ჩემი სახლი გამახსენდა უცებ 😦 ძალიან თბილი პოსტია 🙂

    პასუხი
  3. ძალიან თბილი და მოსიყვარულე პოსტია 🙂 აღარც მე მინდა აქ 😦

    პასუხი
  4. გაზაფხული

     /  აპრილი 26, 2011

    yochag! ai am posts etyoba rom gulitaa dawerili da ara datagvebis da tamashobebis gamo… sheni sitbo gamoyva…. es ishviatia. yochag!

    პასუხი
  5. მე აქ აღარაფერი მაქვს სათქმელი… გამეორებას რა აზრი აქვს, მუღამი უნდა გამიფუჭდეს ტყუილად 🙂 ხოდა, უბრალოდ ვიტყვი, რომ კაია და გავიპარები აქედან, კაკ ბუდტა არც ვყოფილვარ 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: